საქართველოს რკინიგზა

ენმ: საქართველოს რკინიგზამ წელიწად-ნახევარში 10-წლიანი რეგრესი განიცადა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, წელიწად-ნახევარში, საქართველოს რკინიგზამ 10-წლიანი რეგრესი განიცადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რკინიგზის 2014 წლის გადაზიდვების გეგმად განისაზღვრა 20 მილიონი ტონა ტვირთი, რაც 2011 წლის მაჩვენებელია, ხოლო აპრილის მონაცემებით, მოსალოდნელი შესრულება არის 15 მლნ ტონა.

"ეს არის 2004 წლის მაჩვენებელი. ანუ კომპანიამ წელიწად-ნახევარში განიცადა 10-წლიანი რეგრესი", - აცხადებს ჯაფარიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "ეს არის შედეგი იმისა, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიას მართავს სრულიად არაკომპეტენტური ხალხი". ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, "რკინიგზის მენეჯმენტში უხეშად ერეოდნენ და ერევიან არაუფლებამოსილი პირები -  "ექსპერტ" გია ხუხაშვილისა და ბ–ნი ივანიშვილის "საყვარელი დეიდაშვილის", ბ–ნი უჩა მამაცაშვილის სახით". საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნავს, რომ მოხდა გადამზიდის მონოპოლიზაცია და ისეთი სატარიფო პოლიტიკის შემოღება, რომელიც იძლევა კორუფციული გარიგებების დადების შესაძლებლობას.

"ასეთ ვითარებაში, ცხადია, საუბარი ზედმეტია როგორც თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე, რომლის დასაფინანსებელი სახსრებიც რკინიგზას აღარ აქვს, ისე შეკვეთებზე ელმავალმშენებელი და ვაგონმშენებელი ქარხნებისთვის, რომელთა თანამშრომლების უდიდესი ნაწილი უკვე თვეებია უხელფასო შვებულებაშია გაშვებული. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს რკინიგზაში არსებული პრობლემების გამო:

• მილიონობით ტონა დაკარგული ტვირთი აზიიდან ევროპაში ხვდება საქართველოს გვერდის ავლით, ანუ რუსეთის გავლით და ეს არის დაკარგული კონკრეტული შემოსავლები საქართველოსთვის;

• ეს ნიშნავს, რომ ხდება საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის – აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის – სრული ეროზია, რაც ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა", - აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იანვარშიც საუბრობდა. მათი განცხადებით, "რკინიგზის არაკომპეტენტური მენეჯმენტისა და ბ–ნი ივანიშვილის ნათესავის რკინიგზის საქმიანობაში ჩარევის შედეგად, საქართველოს რკინიგზამ 2013 წელს დაკარგა 3 მილიონი ტონა ტვირთი". საქართველოს რკინიგზის განმარტებით კი, ტვირთების შემცირებასთან დაკავშირებით კომპანია 2013 წლის მარტიდან საუბრობდა და ეს ინფორმაცია ახალი არ არის. საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ტვირთების შემცირება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, დროებით შემცირებული ტვირთების ფონზე, რკინიგზის შემოსავლები გაზრდილია.

კომენტარები