თეორემა

რაში გვჭირდება და რა შეუძლია ლობის

"საქართველო რთული პრობლემების წინაშე დგას. თავისუფალი არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლება აგრძელებს კონტრპროდუქტიულ ომს მის წინამორბედთან. თებერვალში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პრემიერი ღარიბაშვილი შეხვდა პრეზიდენტ ობამას - მან მიიღო გაფრთხილება, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური დევნა" - ეს არის ამონარიდი ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო საბჭოს წერილიდან, რომელიც 26 აპრილს გამოქვეყნდა.
გამოცემა სინანულით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლების რჩევა საქართველოს ხელისუფლებამ ყურად არ იღო.
საგულისხმოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის რედაქცია ბიძინა ივანიშვილის გუნდს აკრიტიკებს. რამდენიმე თვის წინ, როდესაც Washington Post-ი საფრთხეში მყოფ ქართულ დემოკრატიაზე ალაპარაკდა და ქართული ოცნება ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების გამო გააკრიტიკა, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობას და ლობისტურ კომპანიებს დააბრალა - მან განაცხადა, რომ ასეთი წერილებს ნაციონალური მოძრაობა ხალხისგან ნაძარცვი ფულით ყიდულობს და პოლიტიკურ ოპონენტებს პროკურატურით დაემუქრა.
თუმცა საინტერესოა შემდეგი:
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობამ 2012-2013 წლებში თითქმის მილიონი დოლარით მეტი დახარჯა ამერიკაში ლობისტებზე, ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ 2011-2012 წლებში. საინტერესოა, რატომ ვერ მოახერხა ოლიგარქმა გავლენიანი გამოცემების სარედაქციო წერილების ყიდვა, თუ ისინი ფულზე იყიდებიან?
გადაცემის პირველ ნაწილში ლობიზმზე ვისაუბრებთ - შევეცდებით გავარკვიოთ რა შეუძლიათ ლობისტურ კომპანიებს, გვჭირდება თუ არა ლობი, რამდენად ეფექტიანი იყო საქართველოს ლობი წინა ხელისუფლების დროს და რამდენად ეფექტიანია ახლა.
სტუმრები: ელენე ხოშტარია, გიორგი ბადრიძე, დავით რაქვიაშვილი, თორნიკე თურმანიძე
ჩართვა: თემურ იაკობაშვილი

კომენტარები