გიგი უგულავას საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილავს. სარჩელი თანამდებობაზე არჩეული პირის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყენებას და ამ პროცედურის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვას ეხება. უგულავას განცხადებით, ღამის ორ საათზე არჩეული მერის გადაყენებით ხელისუფლებამ თვითმმართველობის პრინციპი დაასამარა.

"თუ დაკანონებული იქნება ის ცდუნება, რაც ცენტრალურ მთავრობას ყოველთვის ექნება, რომ მისთვის არასასურველი არჩეული მერი ან გამგებელი ასეთი ფორმით ჩამოაცილოს საქმიანობას, ღამის ორ საათზე რაღაც პარტიზანული სასამართლოს წესით, მხარეების მონაწილეობის გარეშე, მაშინ თვითმმართველობა საქართველოში არ იარსებებს. არცერთი არჩეული მერი არ იქნება იმ ხალხის მსახური, რომელმაც ის აირჩია, არამედ იქნება კონკრეტული პროკურორის, კონკრეტული ცენტრალური მთავრობის, კონკრეტული ინტერესების ჯგუფის მსახური", - განაცხადა უგულავამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ასაჩივრებს ორი მუხლის რამდენიმე პუნქტს, მათ შორის იმას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლებელია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება, ხოლო 160-ე მუხლის მე-2 წინადადება ითვალისწინებს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ბრალდებულის დასწრების გარეშე.

სასამართლომ დღეს ექსპერტის მოსაზრება მოისმენა. ექსპერტ მამუკა ჟღენტის განმარტებით, ის ორი მუხლი, რომლის ანტიკონსტიტუციურობაზეც არის შეტანილი სარჩელი, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს, რომელიც ჩადებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებში.

"შესაბამისად, გარდა იმ სხვა არგუმენტაციისა, რაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა.შ. გააჩნია მოსარჩელე მხარეს, არსებობს ასევე სხვა არგუმენტი - ის, რომ ორი მუხლი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან შეუსაბამობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებასთან", - აღნიშნავს ჟღენტი.

გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 2013 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და პატიმრობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ უგულავას მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერა და გირაო, 50 000 ლარი დააკისრა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები