ტელეარხი 25

TV 25-ის დამფუძნებელი: გიორგი ბადაშვილი მუქარით ცდილობდა ცრუ ჩვენების მიღებას

ტელეარხი 25-ის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი სურმანიძე საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც სურმანიძემ palitra Tv-ის გადაცემაში "ცხელი ხაზი" თქვა, ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე ყოფნისას, სხვა პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად, აიძულებდა მას და ტელევიზიის თანადამფუძნებელს ჯემალ ვერძაძეს, ეთქვა, რომ ტელეარხი 25 ლაშა ნაცვლიშვილმა, დავით ჩხატარაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა იყიდეს.

მისიევ თქმით, იქამდე, ჯემალ ვერძაძესთან ერთად, რამდენჯერმე დაკითხეს, თუმცა, 2013 წლის 17 დეკემბერს, "ეს აღარ იყო დაკითხვის ფორმატი". სურმანიძის მტკიცებით, 10-მდე პროკურორი და უწყების სხვა თანამშრომელი მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

"ეს იყო ქუჩური გარჩევა. კორიდორში გვირჩევდნენ საქმეს. უნდა დაგვესახელებინა ლაშა ნაცვლიშვილი, დავით ჩხატარაშვილი და ვანო მერაბიშვილი და გვეთქვა, რომ TV25 იყიდა ამ სამმა ადამიანმა 2012 წლის არჩევნებამდე. ვეუბნებოდი, რომ არც ერთი პიროვნება არ მყავს ნანახი, თუმცა, ისინი აცხადებდნენ, რომ - ვიცით, თქვენ არ იცით, რომ იყიდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით და ხალხის მოთხოვნაა, რომ ეს ადამიანები დაასახელოთო" - განაცხადა ტელეარხი 25-ის დამფუძნებელმა.

გიორგი სურმანიძის თქმითვე, დაკითხვაზე დაუდეს ოჯახის წევრების ფოტოები და ემუქრებოდნენ. მისი ინფორმაციით, ჯემალ ვერძაძეს მისი შვილის ფოტო აჩვენეს და უთხრეს, "რომ ამა და ამ კაფეში დადის და ხომ არ გეშინიათ, რომ ან იჩხუბოს ან რამე მოუვიდეს".

ტელეარხი 25-ის დირექტორის მტკიცებით, პროკურორებმა რამდენიმე პირი გამოიძახეს და გაითამაშეს, თითქოს სურმანიძეს და ვერძაძეს აპატიმრებდნენ.

"იმიტაცია დადგეს, რომ არ გვთანხმდებიან და ციხეში წაიყვანეთო. მაგრამ გადაიფიქრეს და უკან დაგვაბრუნეს" - აცხადებს ტელეარხის დამფუძნებელი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაკითხვას ახლანდელი მთავარი პროკურორი და  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაშინდელი უფროსი გიორგი ბადაშვილი ესწრებოდა და მუქარის შემცველ ბრძანებებს სწორედ ის გასცემდა.

გიორგი სურმანიძის განცხადებით, პარტნიორთან ერთად, აღნიშნული ფაქტის შესახებ წერილი ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ. მისი თქმით, ინფორმაციამ გაჟონა არასამთავრობოებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციაში, ხოლო წერილის ასლი 23 იანვარს ნეტგაზეთმა დაბეჭდა. ამის შემდეგ, სურმანიძის ინფორმაციით, საერთო ნაცნობის მეშვეობით დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ვასაძე და გახმაურების გარეშე საუბარი ითხოვა.

ტელეარხი 25-ის დირექტორის თქმით, მას მთავარ პროკურატურაში შეხვდა.

"არანაირი ზეწოლა აღარ ყოფილა, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მითხრა, იქნებ ჯობია, რომ საქმე არ გახმაურდეს და შევთანხმდეთო. გარანტიებს გავძლევდა, რომ ამ ხელისუფლების და პროკურატურის პირობებში, ხელს არავინ გვახლებდა. თუმცა, მაინც ითხოვდნენ ამჯერად მხოლოდ ვანო მერაბიშვილზე ხელის დადებას. რაც არ არსებობს, იმას ვერ გავაკეთებდი. ეს ვუთხარი და მიპასუხეს, რომ თქვენ თქვენს გზას დ სიმართლეს მიხედეთ და ჩვენ ჩვენსასო" - თქვა სურმანიძემ.

ცნობისთვის, 20144 წლის 23 იანვარს  ინტერნეტგამცემა ნეტგაზეთმა გაავრცელა წერილი, რომლითაც ტელეარხი 25-ის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი სურმანიძე საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავდა. სურმანიძის თქმით, საქართველოს პროკურატურა ტელეარხი 25 -ის მფლობელებზე ზეწოლას ახდენს, დაყადაღებულია მათი პირადი ქონება და ყველა საბანკო ანგარიში, სახელფასო ანგარიშების ჩათვლით. წერილი გიორგი სურმანიძემ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოებსაც გადაუგზავნა.

წერილში სურმანიძე აღნიშნავდა, რომ მთავარი პროკურატურის ათამდე გამომძიებელი და მაღალჩინოსანი მისგან და ჯემალ ვერძაძისგან მოითხოვდნენ დაედასტურებინათ, "თითქოს 2012 წლის 24 თებერვალს „ტელეარხი 25“-ის წილების გასხვისება მოხდა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების პირველი პირების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით". 

როგორც პრემიერისადმი მიმართვაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ვერძაძეს და სურმანიძეს თავი არ აურიდებიათ გამოძიებისთვის, პროკურატურამ რადიკალური ზომები მიიღო და 16 დეკემბრიდან აუკრძალათ საქართველოს საზღვრების დატოვება, ხოლო 23 დეკემბერს დაუყადაღეს პირადი ქონება და ყველა საბანკო ანგარიში, სახელფასო ანგარიშების ჩათვლით.

"ჩვენ ვამბობთ, რომ მართლაც მოხდა ტელევიზიის წილების გასხვისება და ტელევიზიის 51%-ის მფლობელი გახდა ჯემალ ვერძაძე, ხოლო 49%-ს ვფლობ მე. პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წილების ცვლილება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ კანონის დაცვით და ამას არ მოუხდენია არავითარი ზეგავლენა არც ტელევიზიაზე და არც ტელეკომპანია "ობიექტივთან" თანამშრომლობაზე, როდესაც მათთან ერთად, სამართლიანად ვაშუქებდით საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას და ვააშკარავებდით ყოფილი ხელისუფლების უამრავ კანონდარღვევებს.

სამართლიანობის აღდგენა, რომელიც თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიზნად დაისახა, უდავოდ მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ასევე სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ პროცესში პროკურატურას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენების ჩამორთმევისა და მოწმეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ზემოთაღნიშნული მეთოდები ან ანგარიშების დაყადაღების მეშვეობით საარსებო წყაროების გადაკეტვა, სცდება პოლიტიკური ხელისუფლების მიერ გაცხადებულ კეთილშობილურ კურსს.

იმედი გვაქვს, დაინტერესდებით წინამდებარე წერილით და პირად კონტროლზე აიყვანთ აღნიშნულ საქმეს, რათა ჩვენი სახით, საქართველოში უსამართლობის მსხვერპლთა ახალი ჯგუფი არ გაჩნდეს" - ნათქვამია წერილში.

კომენტარები