ხანძარი სავაჭრო ცენტრ საბაში

საბაში ხანძრით დაზარალებულები სამინისტროსგან პირობის შესრულებას ითხოვენ

mof.gov.ge

სავაჭრო ცენტრ საბაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ფინანსთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. მონაწილეები მინისტრისგან იმ პირობის შესრულებას ითხოვდნენ, რომელიც ბანკებისგან გრძელვადიანი კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ქეთევან ბახტაძის თქმით, ხანძრის შედეგად დაზარალებულები ფინანსთა მინისტრს რამდენჯერმე შეხვდნენ და მისგან დახმარების შესახებ დაპირება მიიღეს. თუმცა, დაპირებები არ შესრულებულა. მისივე თქმით, ბანკებმა მათ კრედიტების გადავადებაზე უარი უთხრეს და ამის გამო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

აქციის მონაწილეებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი შეხვდა, რომელმაც თქვა, რომ სამინისტროს წარმომადგენლები დაზარალებულებს არაერთხელ შეხვდნენ.

"მათი მოთხოვნები შევასრულეთ, რომელიც შეეხებოდა წლიური დეკლარაციების გადავადებას. მინისტრმა პირადად მიმართა კომერციულ ბანკებს, რომ მათი მხრიდან სესხების დაფარვა გადავადებულიყო. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ ვაპირებთ პოლიტიკურ პოლემიკაში ჩართვას. აქ უკვე პოლიტიკური მხარის ჩართულობა ჩანს", - აღნიშნა გიორგი ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს ღამით სავაჭრო ცენტრ საბაში გაჩენილმა ხანძარმა 6000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 100-ზე მეტი ავეჯის მაღაზია გაანადგურა. 

კომენტარები