საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პეტრიაშვილი:რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება

eu-integration.gov.ge

მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი,  მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მზად იყო, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარი ეთქვა.

პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ყველაფერს გააკეთებს, თუმცა არა ეროვნული ინტერესების ხარჯზე.

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება იქნება ის წითელი ხაზები, ის უმთავრესი პრიორიტეტები, რომლის სანაცვლოდაც არავითარი მოლაპარაკებები არ გაიმართება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ვერცერთი ცალკე აღებული პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს საქართველოს მოსახლეობის მაგივრად გადაწყვეტილებას. ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია, რომ ჩვენ გავხდეთ NATO-ს და ევროკავშირის წევრები, რა თქმა უნდა, უმთავრესი სტარტეგიული ამოცანაა და პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 

პეტრიაშვილი რუსეთის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას არ მიესალმება. 

"მედვედევმა თავის განცხადებაში, არ ვიცი რამდენად გააზრებულად, მაგრამ სწორად აღნიშნა, რომ რუსეთის გადასაწყვეტი არ არის საქართველო სად იქნება. საქართველოს გადასაწყვეტია რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანდება და NATO-ს გადასაწყვეტია, როდის მივიღებთ ჩვენ წევრობას. ჩვენი, ქართველი ხალხის და არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერის, ან ძალის გადაწყვეტილებაა ის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები, ამიტომ ვერავინ ვერ ჩაერევა ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაში", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

კომენტარები