NATO-საქართველო

ალასანია: საქართველოს ახალი ხელისუფლება NATO-სთვის უფრო მიმზიდველი მოკავშირეა

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

როგორ შეუძლია საქართველოს გააუმჯობესოს ურთიერთობა რუსეთთან და ამავდროულად დარჩეს NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე? –ამ და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოცემა Eurasianet-ის ჟურნალისტ ჯოშუა კუჩერას ესაუბრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და NATO-სკენ სვლის გაგრძელებას არა ურთიერთგამომრიცხავად, არამედ ერთმანეთის შემავსებლად მიიჩნევს.

ალასანია ინტერვიუში ამბობს, რომ ახალი მთავრობა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, NATO-სთვის უფრო მიმზიდველიმოკავშირეა რამდენიმე ასპექტში: "პირველ რიგში, ჩვენ პოლიტიკურად მომწიფებულნი ვართ და არ ვაპირებთ სამხედრო კონფრონტაციაში ჩავებათ. მეორე, სამინისტრომ დაიწყო რამდენიმე შიდა რეფორმა გამჭვირვალობის ზრდის, ღია ტენდერებისა და საპარლამენტო და საჯარო მეთვალყურეობის გაფართოებისთვის; და მესამე ასპექტი რუსეთთან ნაბიჯ-ნაბიჯ ურთიერთობის გაუმჯობესებაა. ეს გვაძლევს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობისთვის სივრცეს, რომ მათ თავი ხელახლა გავაცნოთ. თუ აფხაზები და ოსები იფიქრებენ, რომ საქართველოსთან ერთად ევროპის ნაწილი გახდებიან, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩენის ნაცვლად, ეს იქნება მთავარი, როცა მოკავშირეები ჩათვლიან, რომ მზად ვართ”- ამბობს ინტერვიუში ალასანია.

ჟურნალისტის თქმით, ალასანიამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება გრძელვადიანი მიზანია. ”ჩვენი ურთიერთობები ოდნავ უმჯობესდება ვაჭრობის და კულტურის დონეზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკურ დიალოგში გადავა. თუმცა, ახლა ჩვენ არ გვაქვს არანაირი ნიშანი, რომ მათ შეიცვალეს პოზიცია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ან ჩვენს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით. ეს ასე მოხდება, თუმცა მალე- არა”- თქვა მან და დაამატა: ”არავის აქვს ილუზია, რომ რამე შეიცვლება მომდევნო ათწლეულში. უნდა მოვითმინოთ და გონებით ვაჯობოთ”.

NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ალასანიამ აღნიშნა, რომ აპირებენ დაელოდონ ფანჯრის გახსნის ისტორიულ შესაძლებლობას, როგორც ის გაიხსნა ბალტიის ქვეყნებისთვის და შემდეგ ნახტომი გააკეთონ ამ ფანჯარაში. მან დაამატა, რომ სჯერა, საქართველო კონკრეტულ პროგრესს მიაღწევს ალიანსის მიმართულებით მომავალ წელს, თუმცა, ჯერ ცხადი არაა, კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს.

ალასანიამ ასევე თქვა, რომ ძლიერი საქართველო რუსეთის ინტერესებში იქნება. ”გრძელვადიან პერიოდში რუსეთს სჭირდება სტაბილური მეზობელი მისი სამხრეთით, რაც იქნება ერთიანი საქართველო. ეს შეიძლება მოხდეს 5, 7, 10, ან 15 და მეტ წელში. ბევრი რამეა ჩვენზე დამოკიდებული, მაგრამ არის რაღაცები რაც ჩვენი კონტროლის მიღმაა” - აღნიშნა მან.

ჯოშუა კუჩერას თქმით, იმ ადამიანების უმრავლესობამ, ვისაც თბილისში ესაუბრა, NATO-ს კრიტიკის საპასუხოდ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებზე, თქვა, რომ ალიანსი მათ უფრო მკაცრ სტანდარტებს უყენებს, ვიდრე წინა ხელისუფლებას. თუმცა, ალასანიამ თქვა, რომ ის მიესალმება კრიტიკას. ”მომწონს, რომ გვაკრიტიკებენ და ყურადღებით გვაკვირდებიან. ეს იძლევა მიზეზებს, რომ უფრო ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ. ეს გვაჩვენებს იმასაც, რომ ისინი ზრუნავენ, ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან და ამიტომაც გვაკრიტიკებენ, უნდათ ჩვენი წარმატება იხილონ. თუმცა, ჩვენ ასევე უკეთესი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს”- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები