არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობოები: პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა უნდა განადგურდეს

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, გაანადგუროს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-ში, სხვა ჩანაწერებთან ერთად, ინახება გარკვეულ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.

"დასაწყისშივე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე განცხადებაში ჩვენ შევეხებით მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის განადგურების აუცილებლობას, რაც ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ყველა სხვა ჩანაწერი. პირიქით, ვიდეომასალა, სადაც ასახულია წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება თუ სხვა მსგავსი ფაქტები, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე (როგორც მინიმუმ) არ უნდა განადგურდეს და ყველა მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირს კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა დაეკისროს დანაშაულის სიმძიმის ადეკვატური პასუხისმგებლობა. სამართლებრივად სხვა ვითარებაა მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით.

მსგავსი ჩანაწერები დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონმდებლობით. საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ ადგენს სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებირივი უშიშროების დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების წესებს, ამოცანებსა და მეთოდებს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ერთ-ერთ სახეს მიეკუთვნება ფარული ვიზუალური კონტროლი და მიყურადება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის თანახმად, მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, "არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება არის დანაშაული და სახელმწიფოს მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოების შეზღუდვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, გარკვეული ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად არის დასაშვები.

"ეს ინტერესი თავისი მნიშვნელობით პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესს უნდა აღემატებოდეს. მოცემულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მოპოვებულია კანონის დარღვევით. არქივი შეიცავს პირების მაკომპრომენტირებელ მასალებს და მათი შენახვა არ ემსახურება ისეთ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც თავისი ღირებულებითა და მნიშვნელობით პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესს გადასწონის. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პატივი სცეს ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მკაცრად დაიცვას კანონი და ადმიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნები. აღნიშნულის უზრუნველყოფა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კომენტარები