საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, სოფ. დიცისა და სოფ. დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების გამო - ამის შესახებ საუბარია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მავთულხლართების გავლება "წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, უპირველესად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის, და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას".

სამინისტრო აცხადებს, რომ ეს უკანონო ქმედება არღვევს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს.

"მსგავსი პროვოკაციული ქმედება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარებისა და საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე", - ნათქვამია განცხადებაში.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები. საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს უცხოელ პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, რათა მათ მოახდინონ სათანადო რეაგირება ზემოხსენებულ უკანონო ფაქტებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები