რელიგია

ახალი პაპის ახალი წესები

„ღმერთმა გაპატიოთ, რაც თქვენ ჩაიდინეთ”, – უთხრა ახლადარჩეულმა პაპმა ვახშმად შეკრებილ კარდინალებს, როდესაც პურპუროსნები მის სადღეგრძელოს სვამდნენ. ამ ხუმრობის გაგება შეიძლება სხვაგვარადაც: „თქვენ ჯერ კიდევ ინანებთ ჩემს არჩევას!”.

მას შემდეგ, რაც კარდინალმა ჟან-ლუი ტორანმა წმინდა პეტრეს აივანზე ახლადარჩეული პაპის ვინაობა და მისი საპაპო სახელი გამოაცხადა, ყველაზე არაინფორმირებული მაყურებელიც კი ზურგის ტვინით მიხვდა, რომ არა მხოლოდ ვიღაც, არამედ რაღაც შეიცვალა. ვიღაცები ვატიკანში სულ იცვლებოდნენ, რაღაცები კი არა. აქამდე არ გვინახავს პაპი, რომელიც უპოვარი და ღარიბებისთვის თავმიძღვნილი წმინდანის, ფრანცისკე ასიზელის სახელს დაირქმევდა. ამ ორდენის წევრები მოყავისფრო, ღარიბულ სამოსს ატარებენ და წმინდა ფრანცისკეს გზას მისდევენ. სწორედ ამიტომ, სიტყვა პონტიფექსსა და ფრანცისკე ასიზელს შორის კავშირის პოვნა მაყურებელთა უმრავლესობას გაუჭირდა. რა კავშირი აქვს საპაპო ბრწყინვალებასა და უპოვრებას ერთმანეთთან? წარმოდგენათა კრიზისი აქ არათუ მთავრდება, იწყება.

პაპის რანგში კარდინალ ხორხე მარიო ბერგოლიოს პირველი გამოჩენა მრავალი საგულისხმო ჟესტით გამოირჩეოდა. ის პირველი არაევროპელი პაპი გახლავთ ათასი წლის მანძილზე, ის არის ასევე პირველი, ვინც მრევლს დალოცვა იქამდე სთხოვა, სანამ თავად დალოცავდა. თამამად შეიძლება ითქვას – ვატიკანის ცენტრალურ აივანზე მის გამოჩენას არავინ ელოდა. პაპი ბენედიქტეს გადადგომის შემდეგ, მსოფლიო პრესამ დაასახელა მრავალი „პაპაბილი” – გავლენიანი კარდინალები მთელი მსოფლიოდან, რომელთაც პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსი ჰქონდათ. კარდინალი ბერგოლიო, პაპი ფრანცისკე, მათ აბსოლუტურ უმრავლესობაში არ გახლდათ. თუმცა ის უმოკლეს დროში აირჩიეს – 115-მა ამომრჩეველმა კარდინალმა, 77-კაციანი აუცილებელი კვორუმით. ბერგოლიო არასდროს ყოფილა ვატიკანის ადმინისტრაციის ნაწილი, ამასთან, ყველა მოელოდა, რომ კონკლავი არჩევანს რომელიმე ახალგაზრდა კარდინალზე შეაჩერებდა, რადგან პაპმა ბენედიქტემ გადადგომის მიზეზად სწორედ ასაკი დაასახელა.

76 წლის პაპი, წმინდა პეტრეს ცენტრალურ აივნიდან მდუმარე წარდგა მსოფლიოს წინაშე. პაპს არ მოსავდა წითელი მოცეტა და მის გულზე არ ბრწყინავდა ოქროს ჯვარი, რომელსაც აუცილებლად შეამჩნევდით, როგორც პაპი ბენედიქტეს, ისე იოანე-პავლე მეორის პირველი გამოჩენისას. მრავალმა კომენტატორმა აღნიშნა, რომ ის დამფრთხალიც კი ჩანდა. შემდეგ პაპმა უბრალოდ თქვა: „საღამო მშვიდობისა”.

მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ იხრის ქედს ახალი პონტიფექსი მრევლის წინაშე და დალოცვას ითხოვს, მას შემდეგ, რაც პაპი იტყვის: „ჩემმა ძმა კარდინალებმა მე მიპოვეს ქვეყნიერების დასალიერში” და იგულისხმებს არგენტინას, ყველა დასვამს ერთ დიდ კითხვის ნიშანს – ვინ არის ეს კაცი?

ახალი პაპი იტალიური წარმოშობის არგენტინელია. არ შემცდარა ის, ვისაც მასზე მოკრძალებული და „ლოცვის ადამიანის” შთაბეჭდილება დარჩა. განსხვავებით პაპი ბენედიქტესგან, რომელსაც ინტელექტუალად იცნობდნენ, პაპი ფრანცისკე უფრო მწყემსია, ვიდრე „დოქტორი ბავარიიდან”.

პაპობამდე ბუენოს-აირესის კათედრალის პირდაპირ ცხოვრობდა. არა არქიეპისკოპოსის რეზიდენციაში, არამედ უბრალო სახლში. ცნობილია, რომ ბერგოლიომ უარი განაცხადა ლიმუზინით მგზავრობაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსით დადიოდა – „ხალხთან ახლოს”. როგორც ცნობილია, ის თავად იმზადებდა საჭმელს. საუბრობენ იმაზე, რომ პაპი ბერგოლიო სასულიერო გზას იმედგაცრუებული სიყვარულის გამო შეუდგა – ბერგოლიოს არასდროს დაუმალავს, რომ ერისკაცობაში ჰყავდა ის, რასაც ჩვენთან შეყვარებულს ეძახიან, რომელსაც შემდეგ დაშორდა. მაგრამ მღვდელი აფექტის მდგომარეობაში იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ გახდები, რომ არც არავინ დაუშვებს ამას. კათოლიკე ეკლესიის კანონიკური წესრიგით, მღვდლად კურთხევისთვის მრავალი წელია საჭირო.

კარდინალი ბერგოლიო ყველაზე მიუსაფარი და ღარიბი ხალხის იერარქი გახლდათ. ის დადიოდა ჰოსპიტალში და ფეხზე ემთხვეოდა ავადმყოფებს, მათ შორის შიდსით ინფიცირებულ პაციენტებს. ის გახლავთ ფარისევლობისა და საეკლესიო კარიერიზმის აქტიური მოწინააღმდეგე. ცნობილია, რომ არგენტინაში რამდენიმე მღვდელმა უარი უთხრა დაუქორწინებელ ქალბატონს ახალშობილის მონათვლაზე. მეორე დღეს კარდინალი ბერგოლიო კათედრაზე ავიდა და თქვა: „ფარისეველო ნეოკლერიკალებო!”

„ახალგაზრდა დედას მოუწია პილიგრიმობა, ტაძრიდან – ტაძარში, მცდელობაში, ეპოვა ვინმე, ვინც მის შვილს მონათლავდა... უნდა დასრულდეს საკრამენტული შანტაჟი, მე ბოდიშს ვიხდი ამ მღვდლების გამო. დიახ, ჩვენს ეპარქიაში არიან მღვდლები, რომლებიც არ ნათლავენ ბავშვს იმის გამო, რომ ის ჩაისახა წმინდა ქორწინების გარეშე და მე გთხოვთ ამისთვის პატიებას!” – თქვა პაპმა ფრენცისკემ ბუენოს-აირესში.

საერთაშორისო პრესაში მალევე გამოჩნდა პაპის ცხოვრების „შავი ლაქა”, თითქოს არგენტინაში ხუნტის მმართველობის პერიოდში, ორი იეზუიტი მღვდლის გატაცებაში მონაწილეობდა. მსგავსი ინფორმაცია არგენტინელმა ჟურნალისტმა, ჰორაციო ვერბიტსკიმ გაავრცელა. მან დაწერა წიგნი ეკლესიის დანაშაულებებზე ხუნტის მმართველობის პერიოდში, რომელმაც 10 ათასი ადამიანი იმსხვერპლა 1976-83 წლებში.

ამასთან დაკავშირებით ვატიკანის პრესსამსახურის უფროსმა, მამა ფედერიკო ლომბარდიმ განაცხადა: „კარდინალ ბერგოლიოს წინააღმდეგ კამპანია ძველია. ეს ბრალდებები, რომელიც ხუნტის მმართველობის პერიოდს ეხება, მომდინარეობს ანტიკლერიკალი უკიდურესი მემარცხენე ძალებისგან და დიდი ხნის წინ გახლავთ საფუძვლიანად უარყოფილი. არასდროს უარსებია კარდინალის დანაშაულის მტკიცებულებას. არგენტინულ მართლმსაჯულებას არასდროს წაუყენებია მისთვის ბრალი”.

არგენტინის ხელისუფლებას კი ის არ უყვარს. მეტიც, არგეტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი ბერგოლიოს „ოპოზიციის ლიდერსაც” კი ეძახდა. ის სოციალური კონსერვატიზმით გამოირჩევა. ეწინააღმდეგება აბორტს, ევთანაზიასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ქალთა ხელდასხმის გაგონებაც არ უნდა. უკიდურესად აკრიტიკებს ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის მიშვილებას

ფეხის განბანვის ცერემონიალი ნარკოდამოკიდებულთა თავშესაფარში
და ამას ბავშვთა დისკრიმინაციას არქმევს. მაგრამ ბერგოლიოს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ არასდროს ყოფილა შემჩნეული ჰომოფობიურ გამონათქვამებში. პაპი ფრანცისკე სარგებლობდა კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოთი, მიიჩნევდა, რომ ჰომოსექსუალებს პატივისცემით უნდა მოვეპყრათ და საჯაროდ გმობდა მათ შეურაცხყოფასა და ლგბტ პირებზე ძალადობას. ის გმობდა მაფიასაც.

ფრანცისკე განათლებით ქიმიკოსიც გახლავთ, სწავლობდა ფილოსოფიასაც, ხოლო საღვთისმეტყველო განათლება გერმანიაში მიიღო. მშობლიურ ესპანურთან ერთად, თავისუფლად ფლობს გერმანულ და იტალიურ ენებს.

პაპად არჩევის შემდეგ ბერგოლიოს ქცევაში ცვლილებებს ვერ ამჩნევენ. ის უბრალოდ არ იმჩნევს, რომ მილიარდზე მეტი კათოლიკეს მამა, მწყემსი და ქრისტეს მოსაყდრეა. საკუთარ ტიტულში ბერგოლიოს წოდება „ქრისტეს მსახურთა მსახური” უფრო მოსწონს, ვიდრე სხვა. პაპის სუტანაში ის იმგვარადვე დადის, როგორც არგენტინის ქუჩებში. ესალმება კარდინალებს, როგორც ძმებს, ხშირად იღიმის და დაცვას ბევრ პრობლემას უქმნის. მისი პონტიფიკატის მეორე დღეს, ფრანცისკემ ჩუმად დატოვა ვატიკანი და იეზუიტური ორდენისთვის ისტორიული მნიშვნელობის ტაძარში ყვავილების თაიგულით გამოჩნდა. ილოცა და ვატიკანში დაბრუნდა, ავტომობილით, რომლითაც წინა პაპი არ დადიოდა და სამანქანო ნომრებით, რომლითაც პაპები არ დადიან. გზად იმ სასტუმროშიც გაიარა, სადაც პაპობამდე ცხოვრობდა და ვალი გაისტუმრა. როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, „მაგალითის მისაცემად, რომ ვალებს დაბრუნება სჭირდება”.

პაპად არჩევის შემდეგ ფრანცისკეს მრავალი გამოწვევა ხვდება, რომელიც თანამედროვე ეკლესიას აქვს. სექსუალური სკანდალებითა და ვატიკანის კორუფციით რეპუტაციაშერყეული კათოლიკე ეკლესია, ახალი პაპისგან გადამწყვეტ ნაბიჯებს მოელის. ბერგოლიოს არჩევა საუკეთესოდ მოწმობს, რომ ქრისტიანობა სამხრეთ ნახევარსფეროს რელიგია ხდება. კათოლიკე ეკლესია დიდი ხანია აღარ არის დასავლეთის ეკლესია, მისი მრევლის 42% სწორედ იმ რეგიონში ცხოვრობს, საიდანაც ბერგოლიოა – ლათინურ ამერიკაში.

თუმცა ლათინურ ამერიკაში ეკლესიას პროტესტანტიზმი უტევს. „კიდევ რამდენ ხანს იქნება ლათინური ამერიკა კათოლიკური კონტინენტი?” – დღეს ეს კითხვა უხერხულობის გარეშე შეიძლება დავსვათ. ვატიკანი შეშფოთებულია კონტინენტზე პროტესტანტული კონფესიების სწრაფი ზრდით, რაც კათოლიკეთა მოქცევის ხარჯზე მიმდინარეობს. ათწლეულების წინ, წმინდა საყდრის უმაღლეს იერარქიას აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ეკლესიის „სამხრეთის გულში”, სადაც მსოფლიოს კათოლიკეთა თითქმის ნახევარი ცხოვრობს, ასეთ პრობლემას შეეძლო მათი შეწუხება.

საუკუნის მანძილზე პროტესტანტები 50 ათასიდან 64 მილიონამდე გაიზარდნენ. ეს მასობრივი ზრდა ბერგოლიოს გამოწვევად იქცევა – მან უნდა შეძლოს, ეკლესია უფრო დაუახლოოს ხალხს, რომ გაცილებით მოქნილმა და სოციალური კაპიტალით მდიდარმა პროტესტანტებმა ვეღარ მოახერხონ მისი მრევლის მიმხრობა.

ამასთან, არსებობს მრავალი კერა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება პაპის მხარდაჭერა. როგორც Pew Forum-ის კვლევა ცხადყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა დაიბადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, დღეს იქ ქრისტიანთა ყველაზე მცირე რაოდენობა ცხოვრობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მსხვილ გეოგრაფიულ რეგიონში – დაახლოებით 1%. აქედან ნახევარი სუდანსა და ეგვიპტეზე მოდის. დამძიმებული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ამ რეგიონებში ქრისტიანთა სისტემატური დევნის გამოა შექმნილი, მათი კიდევ უფრო შემცირება გამორიცხული არ არის. ასი წლის წინ, 1910 წელს, ქრისტიანთა უმრავლესობა – ორი მესამედი, ევროპაში ცხოვრობდა. დღეს ამ კონტინენტზე ქრისტეს მიმდევართა მხოლოდ ერთი მეოთხედი ცხოვრობს, ხოლო უმრავლესობის, მესამედზე მეტის სახლი ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაშია. სამხრეთ საჰარის ქვეყნებში დღეს დაახლოებით იმავე რაოდენობის ქრისტიანი ცხოვრობს, რამდენიც ევროპაში და მხოლოდ ერთი მერვედი ცხოვრობს აზიასა და წყნარი ოკეანეთის რეგიონში. ამას ახალი პაპი ვერ გაექცევა.

აგრესიული სეკულარიზმის წინააღმდეგ, რომელსაც პაპი ბენედიქტე ამხელდა, ბერგოლიოც არაერთხელ გამოსულა. იოზეფ

ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც კარდინალი ბერგოლიო მსახურობდა
რაცინგერი, ვინც ბენედიქტე ნურსიელის, ევროპის მფარველი წმინდანის სახელი დაირქვა, დასავლური ცივილიზაციის საფუძვლების ნგრევაზე საუბრობდა. გერმანიის ბუნდესტაგში ვიზიტისას, პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ შარშან თქვა: „დასავლური კულტურა დაიბადა იერუსალიმის, ათენისა და რომის შეხვედრით – ისრაელის ღმერთის, ბერძენთა ფილოსოფიური გონისა და რომის სამართლებრივი აზროვნების შეხვედრით. ეს სამმაგი შეხვედრა განაპირობებს ევროპის სიღრმისეულ იდენტობას”.

დასავლეთი რწმენის, გონებისა და სამართლის უნიკალური კომბინაციაა. რწმენა – რომელიც აღიარებს ადამიანთა ისტორიაში გამოვლენილ პიროვნულ ღმერთს; გონება ამბობს, რომ ბუნებაში არსებობს ჭეშმარიტებები და ჩვენ მათი შეცნობა შეგვიძლია; და სამართალი – რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპს ადამიანის უფლებებზე აფუძნებს. ამ პრინციპების რღვევის წინააღმდეგ, „ღმერთის სიკვდილის” წინააღმდეგ ბრძოლას პაპი ბენედიქტე არც დღისით აჩერებდა და არც ღამით. იქნება თუ არა ახალი პაპის აქტივობა ამ მიმართულებით, დასავლეთის მორალური ორიენტირების კარგვის წინააღმდეგ მიმართული? ამას დრო გვაჩვენებს.

არც ცელიბატისა და მღვდელთა უქორწინებლობის გაუქმებას უნდა ველოდოთ და არც ქალთა ხელდასხმას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მხოლოდ კანონიკური საკითხია და კათოლიკე ეკლესიაში შემავალ აღმოსავლური წესის მღვდლებს ცოლებიც ჰყავთ და შვილებიც, მსგავსი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის ლათინურ წესში. მრავალი ვარაუდობს, რომ პედოფილიის პრობლემა სწორედ აქ იღებს სათავეს, ხდება რა ეკლესია მიმზიდველი პედოფილებისთვის. მაგრამ ეკლესია აცხადებს, რომ მის წიაღში პედოფილიის სტატისტიკა არ არის უფრო დიდი, ვიდრე სხვაგან. და თუ ზოგან არის, სწორედ იმიტომ, რომ კათოლიკე ეკლესია ყველაზე დიდი საქველმოქმედო ორგანიზაციაცაა, რომელიც ყველაზე ბევრ ბავშვთა სახლს ფლობს.

ამასთან, პედოფილიის ფაქტების უმრავლესობა წარსულში მოხდა და მაშინ გასკდა, როცა მსხვერპლი გაიზარდა. ეს კი იმ დროს ემთხვევა, როდესაც „სექსუალური რევოლუციის” პერიოდში მრევლმა ტაძარი დატოვა. ეკლესიის მწყემსებმა, იხილეს რა გაქცეული ფარა, გაიხადეს სუტანა და მას გაჰყვნენ. ამის შემდეგ, მღვდელთა საჭიროების გამო, ვატიკანი არბილებდა მღვდელთა ხელდასხმის წესებს, რამაც, საბოლოოდ, ეკლესიის წიაღში მრავალი ისეთი მოიყვანა, პაპმა ბენედიქტემ რომ „მოღალატეებად” მოიხსენია. რატომ გვესმის ასე ხშირად კათოლიკე ეკლესიაში პედოფილიის ფაქტების შესახებ? იმიტომ, რომ ის გიგანტურია. არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, არც რელიგიური და არც საერო, რომელსაც მილიარდზე მეტი ადამიანი მიაკუთვნებს თავს. მიიღებს თუ არა რადიკალურ ნაბიჯებს პაპი ფრანცისკე, როდესაც ლიბერალური პრესა მოსთხოვს გადააყენოს რომელიმე იერარქი, რომელსაც პედოფილების მფარავლობაში დასდებენ ბრალს? არც ეს ვიცით.

არგენტინელი კათოლიკები პაპის არჩევას ზეიმობენ
ეკლესია თავდაცვით პოზიციაში დგას ლიბერალური პრესის მიმართ, რომელიც ეკლესიაზე დაწერილი ყოველი მცირე ნიუსის ქვეშ, ბექგრაუნდად პედოფილიას ახსენებს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი პოზიცია, სადაც ეკლესიას თავის დაცვა მოუწევს.

ფრანცისკეს კიდევ ერთი გამოწვევა ქრისტიანთა დევნაა. Pew Forum-მა შარშან აღმოაჩინა, რომ 200 მილიონამდე ქრისტიანი პლანეტის იმ ასზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მათ საკუთარი რწმენის აღიარება ძვირად უჯდებათ. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მასიმო ინტროვერნეს მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 100 ათასი ადამიანი სწორედ იმიტომ კვდება, რომ ქრისტიანია.

დაბოლოს, ხომ არ არის პაპი მემარცხენე, რადგან ის ასე ხშირად სვამს აქცენტს ღარიბებზე და ღარიბების წმინდანის სახელს ირქმევს? პაპი ლათინური ამერიკიდან, სადაც ულტრამემარცხენე კათოლიციზმი მძლავრობდა ე.წ. განთავისუფლების თეოლოგიის სახელით, ამ კითხვას რელევანტურად აქცევს. მარქსისტულ საფუძვლებზე აგებული კათოლიკური მიმდინარეობა, რომელსაც არასდროს წყალობდა ვატიკანი და განსაკუთრებით პაპი ბენედიქტე, არ აღმოჩნდა მიმზიდველი კარდინალი ბერგოლიოსთვის. მისი კარიერის ადრეულ წლებშიც კი, არგენტინელი სასულიერო პირი ამ მიმდინარეობას გაემიჯნა.

ეკლესიაში მიიჩნევდნენ, რომ ამ მიმდინარეობაში, ღარიბების გამათავისუფლებელი ბაირაღით, მარქსიზმმა ქრისტიანობა შთანთქა. ხდებოდა ქრისტიანული ინდივიდუალიზმის კოლექტივიზმით ჩანაცვლება. რასაკვირველია, კათოლიკური სოციალური დოქტრინისთვის ეს მიუღებელია. სავარაუდოდ, ბერგოლიო, როგორც პაპი ბენედიქტე, ხშირად იტყვის, რომ „უმართავი კაპიტალიზმი” აღრმავებს უფსკრულს მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მაგრამ რთული იქნება დასკვნის გაკეთება, რას ამბობს პაპი სინამდვილეში. შეუძლებელია, პაპის იარლიყების დახასიათება, რადგან კათოლიკეთა დოქტრინალური შეხედულებები მემარჯვენეობასთან ბევრად ახლოს არის, ვიდრე მემარცხენეობასთან.

სოციალური კონსერვატიზმი და ღარიბებზე აპელირება, ახალ პაპს, კონტროვერსიულ პერსონად აქცევს. როგორც Washington Post წერდა, პაპად მართლაც აირჩიეს ის, ვინც სავარაუდოდ ეკონომიკურ საკითხებში ნენსი პელოსიზე მარცხნივ დგას და სოციალურ საკითხებში ნიუტ გინგრიჩზე მარჯვნივ. ღარიბებზე ყურადღების გამახვილება კი მცდარად მიიჩნევა მემარცხენე პრივილეგიად.

პაპი სოციალური პროგრამებისა და დიდი სახელმწიფოს პიარმენეჯერად ალბათ ვერ იქცევა. კათოლიკე ეკლესიას ოფიციალურად მხოლოდ ფაშიზმი და კომუნიზმი აქვს დაგმობილი. მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის კი პოლიტიკურად მანევრირებს. სწორედ ამიტომ, ვატიკანის კომენტატორთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ვატიკანი სოციალიზმის წამახალისებლად არ იქცევა. ის კერძო ქველმოქმედების ხელშემწყობი უფრო იქნება. აქ კი პაპი პირად მაგალითსაც ხშირად მოგვცემს. Miserando Atque Eligendo – მოწყალებით, მაგრამ არჩევით – წერია მის საკარდინალო გერბზე. მოწყალება არჩევანია, ხოლო იქ, სადაც სახელმწიფო ფულს გძალავს კეთილი მიზნებით, არჩევანს გართმევს. ასეც რომ არ იყოს, კათოლიკეებს პაპის მორჩილება მხოლოდ დოქტრინალურ ნაწილში ევალებათ, ეკონომიკის შესახებ არც ქრისტე და არც პეტრე მოციქული სამყაროს არაფერს ეუბნებოდნენ.

 

კომენტარები