საქართველო-აშშ

არაორაზროვანი გაფრთხილება

შერჩევითი მართლმსაჯულება და პოლიტიკური ანგარიშსწორება, ან მოვლენების ამგვარად აღქმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქართველოს რეპუტაციისთვის უდიდეს საფთხეს ქმნის. ეს გაფრთხილება, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაკავებებთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მხრიდან არაერთხელ გაისმა, 16-17 ნოემბერს, თბილისში მისი ვიზიტით ყოფნისას.

საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ აშშ-ზე შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს დემოკრატიულმა განვითარებამ, მათ შორის, „თავისუფალმა და სამართლიანმა“ არჩევნებმა და ხელისუფლების დემოკრატიულმა და მშვიდობიანმა გადაცემამ.

ამავე დროს, მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთავრობამ და პრეზიდენტმა ერთად იმუშაონ. გორდონის განცხადებით, ივანიშვილმა მას ამის პირობა მისცა.

რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავებებს, გორდონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. „ყველას სურს, რომ აღსრულდეს კანონის უზენაესობა და ნებისმიერი ადამიანი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში მიეცეს. მაგრამ ამავე დროს აუცილებელია, რომ თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი დევნის რაიმე აღქმა ან რეალობა და სწორედ ამას გავუსვი ხაზი, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაციისთვის მსოფლიოში და ეს არის გზა ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ“, - განაცხადა გორდონმა.

მისი თქმით, მან პრემიერმინისტრს განუმარტა, რომ, თუ გამოძიება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნას დაემსგავსება ან გაუმჭვირვალედ მოხდება, „ამისთვის მთელ ქვეყანას მოუწევს ფასის გადახდა“.

როგორც, თავის მხრივ, გორდონთან შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, „სრულად იზიარებს“ ამ მოწოდებებს და უცხოელი დიპლომატების შეშფოთებას შექმნილი ვითარების გამო.

„კარგად მესმის, რომ, როდესაც ახალი ძალა მოდის და ასეთი დაჭერები ხორციელდება, ბევრი კითხვა ჩნდება, განსაკუთრებით დემოკრატიული ქვეყნებიდან, რომლებიც შეჩვეულნი არ არიან ასეთ პროცესებს... ჩვენ ვცდილობთ და მომავალშიც შევეცდებით, რომ მაქსიმალური განმარტებები გავაკეთოთ და მაქსიმალურად ავუხსნათ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და პირველ რიგში აშშ-ს, რომ ჩვენი ყველა ქმედება ამ მხრივ არის დემოკრატიული, ეს არ არის არცერთ შემთხვევაში პოლიტიკური დევნა, ეს არ არის შერჩევითი სამართალი. ჩვენ მომავალშიც მოვახერხებთ და მაქსიმალურ განმარტებებს გავაკეთებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პრემიერის სიტყვიერი პირობა აშშ-სთვის საკმარისი არაა. 17 ნოემბერს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, გორდონმა ის პირობები ჩამოთვალა, რომელთა შესრულების შემთხვევაში ქართული გამოძიება საერთაშორისო ნდობას დაიმსახურებს.

მისი თქმით, „თუ წარმოდგენილი იქნება საკმარისი სამხილები, დაკავებულებს ექნებათ სრულფასოვანი დაცვის საშუალება, წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, თუ პროცესი გამჭვირვალედ და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად წარიმართება, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობა და შეერთებული შტატები აღიარებენ, რომ ყველაფერი კანონის დაცვით ხდება“. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ ამ დაკავებებს პოლიტიკური შურისძიების სახე აქვს“.

გორდონმა აღნიშნა, რომ თუ რომელიმე მხარე ძალაუფლების თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება, ეს დემოკრატიას არ წაადგება. ასევე, მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობამ გაიაზროს, რომ ის ახორციელებს კანონის უზენაესობას, და არა უსწორდება პოლიტიკურ მტრებს“.

ფილიპ გორდონის თქმით, „საქართველოს დემოკრატიის ევოლუცია არჩევნების შემდეგ ძალზედ რელევანტურია“ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მან ასევე განმარტა, რომ ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით, დღეს NATO-ს „აქვს ფუფუნება“ საკუთარ რიგებში არადემოკრატიული ქვეყნები არ მიიღოს.

ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 12-14 ნოემბერს ბრიუსელში ყოფნისას NATO-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ექნებოდა. თუმცა, ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებები ამის შემდეგაც გაგრძელდა. პრემიერი შეეცადა ფილიპ გორდონი დაერწმუნებინა, რომ მისი მთავრობა შერჩევით მართლმსაჯულებას და პოლიტიკურ დევნას არ ახორციელებს. როგორ ჩანს, ამ საკითხებზე საუბარი მას მიმდინარე თვის ბოლოს, ვაშინგტონში პირველი ვიზიტის დროსაც მოუწევს.

 

კომენტარები