ევროპა

ევროპა: კონცენტრირება შიდა პრობლემებზე

კრინიცის 22-ე ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც პოლონეთში ყოველწლიურად ტარდება, 4-6 სექტემბერს ევროპისა და მეზობელი რეგიონების პოლიტიკური და ბიზნესელიტის ორი ათასზე მეტი წარმომადგენელი შეკრიბა. ამჯერად, წინა წლებისგან განსხვავებით, თვალშისაცემი იყო, რომ ნაკლები ყურადღება დაეთმო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის საკითხებს. ამის მიზეზი თავად წლევანდელი ფორუმის დევიზია – „ახალი მიდგომები რთულ პერიოდში: ევროპა და მსოფლიო კრიზისთან ბრძოლაში”. ძირითადად სწორედ ევროპაში განვითარებულ კრიზისს დაეთმო ფორუმზე მთავრობების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ექსპერტების ყურადღება.

აღმოსავლეთის პარტნიორობა – გავლენა კონფლიქტებზე

საქართველოს თემა ფორუმზე ამჯერად განიხილებოდა ერთ-ერთ სადისკუსიო პანელზე, რომელიც მიეძღვნა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის როლს პოსტსაბჭოთა კონფლიქტების მოწესრიგებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალისხმევით ქვეყანაში ეუთო-სა და გაერო-ს მისიები დაიხურა.

ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ საქართველო „სრულიად გამჭვირვალეა” და მისიას სრულ ინფორმაციას აწვდის სამხედრო ძალების გადაადგილებისა და მოქმედებების შესახებ. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა დადო. ამავე დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები გამჭვირვალე არ არის, მოსკოვი კი ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარს ამბობს.

ვაშაკიძის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა კონფლიქტების მოგვარებას უშუალოდ არ უკავშირდება, თუმცა ამ მხრივ პარტნიორობის მისიას ის „ევროპული ფასეულობებისა და პრაქტიკის გავრცელებაში” ხედავს.

მან მოუწოდა ევროკავშირს, „უფრო მკაფიოდ გამოკვეთოს” პრინციპები და ფასეულობები, რასაც კონფლიქტების მოგვარების კონცეფცია დაეფუძნება. პირველ რიგში, მკვეთრად უნდა გაესვას ხაზი, რომ ეთნიკური წმენდა, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება, მიუღებელია.

იმის შესახებ, რომ თავისთავად აღმოსავლეთის პარტნიორობა კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტი არ არის, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმაც ისაუბრა. თუმცა, მისი თქმით, პარტნიორობის წევრი ექვსი ქვეყნიდან ოთხი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) „გაყინულ კონფლიქტებშია” ჩაბმული. „პარტნიორობა არის ფორუმი შეხვედრებისთვის, მაგრამ ის არ ცვლის მოლაპარაკებებს კონფლიქტის მოსაგვარებლად”, – თქვა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს საქართველოში ომის შეჩერებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

ლეფორის თქმით, აღმოსავლური პარტნიორობა „არის ძალიან მიმზიდველი წინადადება”, რომელიც, საბოლოო ჯამში, მონაწილე ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ურთიერთობის იმ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, რითაც ამჟამად ნორვეგია და შვეიცარია სარგებლობენ.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის ინტერესს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნის განვითარება. 2008 წელმა კი აჩვენა, რომ თუ რეგიონში მოუგვარებელი პრობლემები არსებობს, ევროკავშირი მათ მოგვარებაში უსაფრთხოების განსამტკიცებლად უნდა ჩაერთოს. ამავე დროს, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ დიდი როლი ენიჭება რუსეთს, რომელმაც გავლენისთვის „დესტრუქციული ბრძოლა” უნდა შეწყვიტოს.

პოლონელმა დეპუტატმა მიხალ შჩერბამაც აღნიშნა, რომ რუსეთი რეგიონში დიდ როლს თამაშობს და კონფლიქტების მოგვარება მოსკოვის კონსტრუქციული როლის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, მისი აზრით, ევროკავშირს მასთან “დიალოგის ინსტრუმენტები” სჭირდება.

თავის მხრივ, მოლდოვის პარლამენტის წევრმა, დემოკრატიული მოქმედების პარტიის ლიდერმა მიხაი გოდიამ რუსეთს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაში მთავარი წინაღობა უწოდა. პოლიტიკოსის თქმით, ეს კონფლიქტი, ისევე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, რუსეთის პროვოცირებულია და სამივე შემთხვევაში მოსკოვი ერთდროულად კონფლიქტის მხარედ და შუამავლად გამოდიოდა. „ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას ერიდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ევროკავშირის საზომით უმნიშვნელო ინტერესებზეა”, – უსაყვედურა ბრიუსელს დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ევროპას კონფლიქტის მოგვარებაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.

ევროპის გადარჩენის „რეცეპტები”

ევროზონის კრიზისის მიზეზები და მისი დაძლევის გზები – ეს კრინიცაში მთავარი განსახილველი თემა გახდა, რომელსაც ფორუმის გახსნისას პოლონეთისა და ხორვატიის პრეზიდენტები, ბრონისლავ კომოროვსკი და ივო იოსიპოვიჩი შეეხნენ.

ევროკავშირში კრიზისია, მაგრამ ევროპული ინტეგრაცია მაინც მიმზიდველ პროექტად რჩება, რადგან სხვა ქვეყნებს იზიდავს, – განაცხადა კომოროვსკიმ. მან საკუთარი ქვეყანა მაგალითად მოიყვანა, რადგან გასულ წლებში მას კრიზისი

ნაკლებად შეეხო და დღემდე, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, პოლონეთი ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. კომოროვსკის აზრით, კრიზისის დაძლევის გზა „თამამ გადაწყვეტილებებშია”.

თავის მხრივ, პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა იაროსლავ გოვინმა კრიზისის მიზეზად ცხოვრების სტილი დაასახელა – „ცხოვრება ვალით, მომავალი თაობის ხარჯზე”. სისტემის კრიზისზე, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში ვლინდება, არამედ შეიძლება ზოგადად დემოკრატიული მოდელის კრიზისიც გამოიწვიოს, არაერთმა მონაწილემ გაამახვილა ყურაღება. სლოვაკეთის ყოფილი პრემიერმინისტრის მიკოლაშ დზურინდას განცხადებით, „სახელმწიფო მოღვაწე უნდა ზრუნავდეს მომავალზე და არა არჩევნებზე. რეფორმები კი ძვირი და სარისკოა”. სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება საჭირო გადაწყვეტილებების მიღება ეროვნული მთავრობების დონეზე.

პოლონეთის წარმომადგენლებმა კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ ქმედით საშუალებად სახელმწიფო ხარჯებისა და საბიუჯეტო დეფიციტის შეზღუდვა დაასახელეს – პოლონეთმა დეფიციტი 3 პროცენტის დონეზე შეზღუდა, რისი წყალობითაც რეცესიის თავიდან აცილების იმედი აქვს. თუმცა ამ მიდგომას უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

გერმანელი ექსპერტის, გიუნტერ ვერჰოიგენის აზით, სახელმწიფოებმა ხარჯები კი არ უნდა შეზღუდონ, არამედ მეტი თანხები მიმართონ ეკონომიკაში, რაც „მის ზრდას შეუწყობს ხელს”. ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივნის ბერნადეტ სეგოლის განცხადებით კი, „აუცილებელია უარი ვთქვათ ხარჯების შემცირების პოლიტიკაზე, რადგან ეს არ მუშაობს”.

გამომსვლელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას, შეისყიდოს პრობლემური ვალების მქონე ქვეყნების ობლიგაციები. ევროკომისარმა ფინანსური დაგეგმვის საკითხებში იანუშ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ ევროპას სჭირდება საერთო რეცეპტი, რომელიც „ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკომისიის უფლებამოსილების გაფართოებას” გულისხმობს.

მიკოლაშ დზურინდას აზრით, მონეტარული კავშირი ევროზონაში „საგადასახადო კავშირსაც” მოითხოვს. იგივე აზრი პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამაც გამოთქვა – მისი თქმით, არ შეიძლება ევროკავშირში „სხვადასხვა საგადასახადო სისტემა და სოცუზრუნველყოფა არსებობდეს”. მისი აზრით, მომავალი ერთიან „ევროპულ სახელმწიფოს” ეკუთვნის.

ტაბულა კრინიცის 22-ე ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური მედიაპარტნიორია. ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე http://www.forum-ekonomiczne.pl

კომენტარები