რეკლამა

შიშველი სექსუალური რეკლამა

წელი, 7 სექტემბერი. ვაშინგტონის დროით 21:50 საათზე 50 მილიონი ამერიკელი NBC-ზე უყურებს ფილმს „დავითი და ბათშება”. სარეკლამო ჭრილის დროს ეკრანებზე ახალი და მოულოდნელი რეკლამა ჩნდება: პატარა გოგონა ყვავილს ფურცლებს აცლის და არასწორად, ხმამაღლა ითვლის. მოულოდნელად, როცა თვლა ჯერ კიდევ არ აქვს დამთავრებული, კადრი მის მზერაზე იყინება, ხოლო მამაკაცის ცივი ხმა უკუთვლას იწყებს – ორი, ერთი, ნული. მაყურებლის წინ ტრაგედია თამაშდება: ატომური სოკოს ღრუბლები გრუხუნით ჩნდება ეკრანზე, ამ დროს კი ლინდონ ჯონსონის ხმა გვამცნობს – „ასეთია რისკები. იმისთვის, რომ შევქმნათ სამყარო, სადაც ღმერთის ყველა შვილი იცხოვრებს, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ან უნდა მოვკვდეთ”. ვიდეო სრულდება გაფრთხილებით: „3 ნოემბერს ხმა მიეცით პრეზიდენტ ჯონსონს. რისკები ზედმეტად მაღალია იმისთვის, რომ სახლში დარჩეთ”.

„დეიზიმ” (ასე შეარქვეს ამ რეკლამას) თავისი საქმე გააკეთა და მილიონობით ადამიანი რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატის, ბარი გოლდუოტერის „ცივსისხლიანობასა” და მისი არჩევის შემთხვევაში, ბირთვული საფრთხის გაჩენის შესაძლებლობაში დაარწმუნა. ლინდონ ჯონსონი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. „დეიზი” არცერთი ტელევიზიით აღარ გასულა ეთერში, თუმცა ეს საჭირო აღარ იყო, მისმა აკრძალვამ და სასტიკმა სიუჟეტმა, სამიზნე – ბარი გოლდუოტერი გაანადგურა. „დეიზი” აკრძალული რეკლამების პიონერად იქცა.

სატელევიზიო რეკლამა აშშ-ში პირველად 40-იან წლებში გაჩნდა და ნელ-ნელა ბრენდების რეკლამირების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ჩამოყალიბდა. კომპანიები ძალიან ფრთხილად არჩევდნენ რეკლამის შინაარსს, რათა ტელევიზიებს არ დაებლოკათ. თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ინტერნეტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ის, რაც წლების წინ აკრძალული იყო და რასაც კომპანიების პიარმენეჯერები ერიდებოდნენ, დღეს მისაღები და თითქმის აუცილებელია. XXI საუკუნეში რეკლამა აუცილებლად სექსუალური ან სასაცილო უნდა იყოს. ხოლო თუ ორივე ერთადაა, მაშინ წარმატება გარანტირებულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ტელევიზიამდე ვერ მიაღწია – მის პოპულარიზაციაზე ინტერნეტი იზრუნებს.

კომპანიამ Go daddy, რომელიც ინტერნეტდომეინების დარეგისტრირებით და ვებჰოსტინგით არის დაკავებული, ინტერნეტსამყაროში თავი აკრძალული რეკლამებით გაითქვა – იმ ვიდეორგოლებით, რომელიც პორნოსაიტის რეკლამის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. ტელეკომპანია Fox-მა 2008 წელს, ამერიკული ფეხბურთის ფინალზე, სუპერბოულზე, Go daddy-ის რეკლამა არ გაუშვა, თუმცა აკრძალულმა რეკლამამ, მხოლოდ თამაშის ღამეს, საიტზე 2 მილიონი ადამიანი მიიზიდა. სუპერბოული წლებია რეკლამების გამოფენად იქცა, უფრო სწორად ბრძოლის ველად, სადაც უამრავი ბრენდი ახალი, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიდეოსთვის სარეკლამო დროს ყიდულობს. ამერიკული ფეხბურთი ხომ ნაციონალური სიამაყეა, რომლის ფინალი ყველაზე ყურებადი სატელევიზიო გადაცემაა, სადაც 30-წამიანი რეკლამა 3,5 მილიონი დოლარი ღირს.

Go daddy პორნოსაიტის რეკლამას აკეთებს, ცხოველების უფლებების დაცვის ორგანიზაციის, Peta-ს რეკლამა თითქმის შიშველი ქალის და ბოსტნეულის „სექსუალურ კავშირს” ეთმობა, ონლაინპაემნების საიტის Ashleymadison ვიდეო კი პორნოვარსკვლავის, სავანა სამსონის სხეულის დემონსტრირებაა. ყველა ეს რეკლამა სუპერბოულზე გასაშვებად იყო და თუმცა აიკრძალა, სამივე YouTube-ის ჰიტი გახდა. „ძალიან სექსუალური ტელევიზიისთვის” – ეს ფრაზა მარკეტინგულ ტაქტიკად იქცა, რომელიც დროის სვლასთან ერთად სულ უფრო წარმატებული და პოპულარული ხდება.

აკრძალვა იმავე წარმატებით მოქმედებს არასატელევიზიო რეკლამაზეც. ამის ნათელი მაგალითია Dolce & Gabbana-ს პოსტერი, რომელზეც 5 მამაკაცი და ერთი ქალია გამოსახული. რეკლამა ჯგუფური გაუპატიურების ფარული ჩვენებისთვის გააკრიტიკეს. კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს მოწევის საწინააღმდეგო კომპანიის Droits des Non Fumeurs-ის ფოტოს, სადაც გამოსახულია მუხლებზე მდგომი თინეიჯერი გოგონა, რომელსაც მამაკაცი ძალდატანებით პირში სიგარეტს უდებს. ამ რეკლამით კომპანია სიგარეტის მოწევისა და ძალადობრივი გზით ორალური სექსის შედარებას ცდილობდა.

შოკისმომგვრელი იყო Humans for Animals-ის სარეკლამო კამპანია (არ მოექცე სხვებს ისე, როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცნენ), რომელიც რამდენიმე სადისტური ფოტოსგან შედგებოდა. თუმცა ყველა ამ კომპანიამ შედეგს მიაღწია, ყველა

რეკლამა მილიონობით ადამიანმა ნახა და ეს გარკვეულწილად მისი „აკრძალულ ხილად” ქცევის დამსახურებაა. აკრძალული რეკლამა წარმატების გარანტი არ არის, მისი უმთავრესი მინუსი იმიჯის შელახვის საშიშროება და კომპანიისთვის არასასურველი ინტერპრეტაციაა. ვულგარულმა რეკლამამ მილიონობით ნახვასთან ერთად, უამრავი ნეგატიური გამოხმაურება შეიძლება გამოიწვიოს, ამის ყველაზე კარგი მაგალითი კი სწრაფი კვების გიგანტის Burger King-ის პროდუქტის სუპერ 7 ინჩის რეკლამაა. პროდუქტის პოსტერზე გოგონა იყო გამოსახული, რომლის პირისკენაც 7-ინჩიანი ბურგერი მიექანება. იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა იტალიური დესერტების კომპანია Federici, რომლის ერთ-ერთი პროდუქტის სარეკლამო პოსტერზე ფეხმძიმე მონაზონი იყო გამოსახული.

პრესტიჟი და სახელი Go daddy-ის შემთხვევაში შეიძლება მეორეხარისხოვანი იყოს, Microsoft-ისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველის სარეკლამო ისტორია აკრძალული რეკლამებით იწყება, მეორე კი მსგავს ხერხს იშვიათად, კონკრეტული სეგმენტის მოსაზიდად იყენებს. ამიტომ მისთვის ზღვარის დაცვა ყოველთვის აუცილებელია.

მამა-შვილი პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში შედის. მამა შვილს ტკბილეულის ყიდვაზე უარს ეუბნება, რაზეც ბავშვს მძაფრი რეაქცია აქვს, ის ყვირილს იწყებს, რომელიც ისტერიაში გადადის და იატაკზე გორაობით სრულდება. მამა ამ სცენას შეძრწუნებული უყურებს. ამ დროს ეკრანზე ჩნდება წარწერა – „გამოიყენეთ პრეზერვატივი”. პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის ZAZOO რეკლამა არცერთმა ტელევიზიამ არ გაუშვა და, რა თქმა უნდა, ის ინტერნეტჰიტად იქცა.

აკრძალვას აქვს მომხიბვლელობა, რომელიც მას წარმოუდგენლად სასურველს ხდის – ეს მარკ ტვენის სიტყვებია, რომელსაც Microsoft, X-box, Snickers, Agent Provocateur, Budweiser, IKEA, Levis – წლებია წარმატებით იყენებენ. მათი რეკლამები სხვადასხვა დროს ტელევიზიებმა აკრძალეს. ამ კომპანიებს დღითი დღე სულ უფრო მეტი ახალი ბრენდი უერთდება. მილიონობით დოლარის დაზოგვით, უამრავი ადამიანი იღებს კომპანიის სათქმელს „აკრძალული ხილის” სახით. ეს XXI საუკუნის ერთ-ერთი პოპულარული მარკეტინგული ხრიკია.

კომენტარები