არჩევნები 2012

განათლება და მეცნიერება ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში

„განათლების სისტემა პოლიტიზებულია და ის პოლიციური რეჟიმის პირობებში ფუნქციონირებს“, – ნათქვამია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა. კოალიცია აკრიტიკებს ხელისუფლებას განათლების მართვის არაეფექტიანობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სისტემა „უკიდურესად ცენტრალიზებულია“. ქართული ოცნება არსებული სისტემის მწირ დაფინანსებაზე და მის დაბალ ხირისხზეც ამახვილებს ყურადღებას. 
სანაცვლოს ქართული ოცნება „ოლიგარქიული ავტორიტარული მმართველობისა და პირად ერთგულებაზე დაფუძნებული მართვის პრინციპებისაგან“ თავისუფალ განათლების სისტემას ჰპირდება ამომრჩეველს. სასწვალო დაწესებულებების აკადემიურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიასთან ერთად, კოალიცია პირობას დებს, რომ შეიცვლება მანდატურის ინსტიტუტის შინაარსი. ასევე პირორიტეტული იქნება სტუდენტური თვითმმართველობების განთავისუფლება პოლიტიკური ზემოქმედებისგან. 
ქართული ოცნების ხედვა განათლების სისტემის მართვის კუთხით არსებული პრაქტიკის სრულ გადახედვას გულისხმობს. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნება მხოლოდ სსიპ-ის ფორმით იქნება შესაძლებელი; გაუქმდება რეგენტთა საბჭო; გაუქმდება სკოლების ბრენდირების წესი; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები მხოლოდ პედაგოგიური, აკადემიური და/ან სამეცნიერო გამოცდილების მქონე პირები იქნებიან და სხვა.
კოალიცია განათლების დაფინანსების წესის შეცვლასაც სთავაზობს ამომრჩეველს. გადაიხედება განათლების დაფინანსების „ვაუჩერული“ წესი (როგორც დაფინანსების ძირითადი წყარო) და იგი შეივსება საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების სხვა კომპონენტებით“ – ნათქვამია პროგრამაში.
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქართული ოცნება ამომრჩეველს ჰპირდება სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას მეცნიერებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის კუთხით. ამასთან კოალიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს „მეცნიერებისადმი არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების“ გამო. „სახელმწიფომ თითქმის სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა ქვეყანაში მეცნიერების განვითარებაზე“– ნათქვამია დოკუმენტში. 
სანაცვლოდ, კოალიცია აცხადებს, რომ „უზრუნველყოფილი იქნება სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება, კვლევების ხარისხის ამაღლება, ახალგაზრდობის ჩართვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ქვეყნის მეცნიერების ინტეგრირება საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში“. ხოლო ქვეყნის ერთ–ერთ უმთავრეს ამოცანა იქნება „ნიჭიერი ახალგაზრდების მეცნიერებაშიმოზიდვა“.

კომენტარები