პარტიების დაფინანსება

პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2011 წელს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს სახელწოდებით ”პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2011 წელს”. კვლევაში პარტიების შემოსავლები და ხარჯებია გაანალიზებული 2011 წლის ფინანსური ანგარიშების მიხედვით. ისინი შედარებულია 2007-2010 წლის ანგარიშებთან. კვლევისთვის ის პარტიები შეარჩიეს, რომელთაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატები და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. 

2011 წლის შემოსავლების ნაწილში შემდეგი ძირითადი კატეგორიებია მიმოხილული: სახელმწიფო დაფინანსება, საწევრო შენატანები და შემოწირულობები. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 28 დეკემბრამდე პოლიტიკური პარტიებს დაფინანსების განსხვავებული რეგულირება მოქმედებდა.

2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი დაფინანსება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ერგო - 1757 240 ლარი. მას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მოსდევს 573 651 ლარით, მესამეზე კი ლეიბორისტული პარტიაა. მას ბიუჯეტიდან 391 338 ლარი ერგო.

რაც შეეხება საწევრო შენატანებს 2011 წელს ისინი დეტალურად არ რეგულირდებოდა. ამ წყაროდან შემოსავალს მხოლოდ რამდენიმე პარტია იღებდა და მათი წლიური შემოსავლის მცირე ნაწილს წარმოადგენდა - 5-10%-სს.

შემოწირულობების ნაწილში აღსანიშნავია ის, რომ 2010 წელს მხოლოდ ორ პარტიას ჰქონდა მიღებული შემოწირულობა იურიდიული პირისგან - მმართველ პარტიასა და ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, 2011 წლის ბოლოს კი, იმ დროს, როდესაც უნდა აკრძალულიყო შემოწირულობების იურიდიული პირებისგან მიღება - რესპუბლიკურმა პარტიამ, კონსერვატიულმა პარტიამ და ხალხის პარტიამ მიიღეს შემოწირულობები 11-11 იურიდიული პირისაგან - თითოეულმა 1 100 000 ლარი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კვლავ შეეცადა, დაედგინა შემომწირველი იურიდიული პირების ერთმანეთთან კავშირი. მათ აღნიშნეს, რომ ზემოთ დასახელებულ სამივე ოპოზიციურ პარტიას საერთო შემომწირველები ჰყავთ. ასევე, მათი თქმით, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა რამდენიმე იურიდიულ პირს საერთო მეწილე, ან ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ჰყავთ. მაგალითად შპს„კალა კაპიტალის“ დირექტორი და შპს „კოლხეთის“ დამფუძნებელი იურიდიული პირის (სს „კალა დეველოპმენტის“) დირექტორი ერთი და იგივე ფიზიკური პირი – ილია კეჭაყმაძეა;

ასევე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი ორი იურიდიული პირი („გზამშენი 4“ და „უნივერსალი 93“) ერთი და იგივე ფიზიკური პირის – რეზო ჩახვაშვილის – საკუთრებაა. სულ განხორციელებულია 150 000 ლარის შემოწირულობა.

ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის შედეგად შექმნილი ფინანსური დეკლარაციის ფორმები დეტალურად ასახავს პოლიტიკური გაერთიანებების მიერ გაწეულ ხარჯებს, რასაც პოზიტიურად აფასებენ.

ამ ყველაფრის შეფასების საფუძველზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო რეკომენდაციებსაც გასცემს. მათ შორის: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეკლარაციის ფორმაში მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკური პარტიების შემოსავლის ყველა შესაძლო სახე, იმ კატეგორიების ჩათვლით, რომლებიც პარტიების გასული წლების ანგარიშებში იყო ასახული; გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების ყველა ტიპის ამოწურვა შეუძლებელია, „სხვა შემოსავლის“ კატეგორიის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო უნდა გახდეს კონკრეტული შემოსავლის წყაროს მითითება; სახელმწიფო აუდიტის სამსახური კანონს ერთგვაროვნად უნდა იყენებდეს და არ უნდა ახორციელებდეს შერჩევით სამართალწარმოებას. კანონდარღვევისაღმოჩენისას აუცილებელია შესაბამისი რეაგირება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ.

 

კომენტარები