კალათბურთი

დიდი გამარჯვება, რომელიც არ გვახსოვს

ლევან მოსეშვილი და ამირან სხიერელი ჟენევაში მოგებული ჩემპიონთა თასით

ლევან მოსეშვილი და ამირან სხიერელი ჟენევაში მოგებული ჩემპიონთა თასით
წლის წინ, 1962 წლის 29 ივნისს, თბილისის დინამოს კალათბურთელებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს – ყველაზე დიდი საკლუბო ჯილდო, ჩემპიონთა თასი მოიგეს! და მოიგეს მადრიდის რეალთან. სამწუხაროდ, ეს ბევრმა არცკი იცის. არ იცის, რომ ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი დღე სწორედ ის იყო...

...ჟენევაში, კოხტა მოედანი Patinoire des Vernets იმ ერთი თამაშისთვის უფრო გაალამაზეს. დარბაზში ორი გუნდი შევა, ბოლო, ფრიადოსანის სიგელს ერთი მიიღებს და მეორე თავს დახრის. მსაჯი უნგრელი ერვინ კაშაია. ჩვეულებრივი ფინალის ჩვეულებრივი მსაჯი. ევროპის ჩემპიონთა თასი მაშინ კომერციულად ისე ვერ ქაჩავდა, როგორც დღეს – ევროლიგა. იმ ტურნირში ჩემპიონები არჩევდნენ ამბებს და რეიტინგები, კოეფიციენტები და უაილდ ქარდები არმოსული იყო. იგებ ლოკალურ ჩემპიონატს? მობრძანდი, დაბრძანდი, ითამაშე. იგებ ჩემპიონთა თასს და ვერ იგებ ლოკალურ ჩემპიონატს? ჩემპიონთა თასის ვიზას მაინც გაძლევენ. 1961/62 წლების ჩემპიონათა ლიგაზე საბჭოთა კავშირი ორმა გუნდმა წარადგინა. წითელი არმიის წითელმა მანქანამ, ცსკამ და თბილისის დინამომ.

მაშინ სხვა კალათბურთი, სხვა დინამო, სხვა დატვირთვები მოდიოდა. სამიანების, რესტლერების და ანაბოლიკების გარეშე, კალათბურთს კალათბურთით იგებდი. დინამოს კალათბურთიც სხვა თემა იყო. სპორტული ფენტეზი, სადაც ოთარ ქორქია იმპროვიზატორების ჯგუფის დირიჟორი იყო. იმპროვიზატორებში იყვნენ ლევან მოსეშვილი, ილარიონ ხაზარაძე, რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი, ანზორ ლეჟავა, ლევან ინწკირველი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ამირან სხიერელი, ალექსანდრე კილაძე, ალექსანდრე პეტროვი და იმ საძმაკაცოს კაპიტანი, დიდი გურამ მინაშვილი. თბილისის სპორტის სასახლე ჩვენი ალამოდოუმი, ბოსტონ გარდენი იყო. ამერიკულ სპექტაკლებზე ჰამბურგერები, კოკა კოლა და ჩიფსი საღდებოდა. დინამოს თამაშებზე ფენოვანი ხაჭაპური, ბურბუშელა, ლიმონათი იყო. დინამოს თამაშებზე დინამო იყო. ჩვენი დინამო.

იმ სეზონში ევროპის ჩემპიონთა თასზე სერიოზული შემადგენლობა წამოვიდა.

რეალმა ტურნირი კასაბლანკასთან ორი მიზერით (84:46, 83:38) გახსნა და თელ-ავივის ჰაპოელმა პანათინაიკოსთან იცელქა (82:58, 84:72). დღეს სხვა პაოა. მაშინ ჰაპოელი იყო პანათინაიკოსი.

მეორე ეტაპიდან უკეთესი გუნდები მოდიან. რეალი ინერციით იგებს მადრიდში ვარეზესთან 83:62 და იტალიაში 80:82 აგებს. რეალი მეოთხედფინალში მიდის, ვარეზე – სპონსორებთან, მეტი ქეშით მეტი უკეთესი ხალხი რომ იყიდოს. გავარდა ჰაპოელიც. დარუშაფაქასთან. თურქებმა თელ-ავივში მინუს 4 საკუთარ ტერიტორიაზე გადაფარეს და ორსერიანი სერია 140:139 (65:69, 75:70) წამოიღეს.

დინამო სტიაუაზე გადის. ჩვეულებრივი რუმინული გუნდი ჩვეულებრივი რუმინელი ბიჭებით. არაჩვეულებრივი დინამო კინაღამ ოფსაიდში დარჩა. ორივე თამაში მძიმედ წავიდა, სტიაუამ ირბინა, ჩასაგდები ჩააგდო და კლასით ვერ გადაჯოკრა. დინამომ სერია 159:153 (77:76, 82:77) წამოიღო.

სტიაუასთან სერიას იხსენებს იმ გუნდის წევრი, ლევან მოსეშვილი.

ლ.მ: „სტიაუაზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ორი კარგი ცენტრი ჰყავდა. არ გვქონდა არანაირი ვიდეომასალა, რომელიც მოწინააღმდეგეზე მეტ ინფორმაციას მოგვცემდა. რუმინეთის ნაკრებიც იმ დროს განსაკუთრებული არაფერი იყო. გავედით მოედანზე, ვერ ჩავაგდეთ ერთი, ვერ ჩავაგდეთ ორი, სამი, სტიაუა აკურატულად აკეთებს ყველაფერს და უკვე ვაგებთ რა... დინამო აგებს გუნდთან, რომელსაც ათიდან ათს მშვიდად, კლასით მოუგებს. დავაგდეთ ტემპი, სტიაუა მაინც იგებს. ორივე თამაშში ბევრი შეცდომა დავუშვით და რუმინელებზე ოდნავ უკეთესი გუნდი ნამდვილად მოგვიგებდა”.

სტიაუას მერე წამოვიდა ცსკა.

რუსები

ცსკა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო. წინა ფინალში ცსკა რიგის სკას 148:128 (87:62, 61:66) უგებს. რიგაში ცსკას კალათბურთი იყო პილორამა. მეორე თამაში, მოსკოვში სკამ წამოიღო და თასი რუსებმა დაიტოვეს. იმ სკას მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკია. ლეგენდა, რომელმაც რიგაში ზედიზედ სამჯერ ჩაიტანა ევროპის ჩემპიონთა თასი (1958-60) და რომელიც 1969 წლის რეგულარულიდან, უკვე ცსკას ბოსი გახდა. დინამოსთვის, ჩვენთვის აქტუალურ ტურნირამდე ერთი წლით ადრე, გომელსკი აგებს ფინალს ევგენი ალექსეევთან. ალექსეევიც სოლიდური ფიგურაა, ცსკაში ნდობა, კომუნისტური ჯოკრები და დიდი მათრახი აქვს.

იმ მათრახით და ძალიან მაგარი შემადგენლობით, ალექსეევმა გუნდი დინამომდე მიიყვანა. როგორც მოქმედი ჩემპიონი,

ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის დინამო. 1962 წელი
ცსკა ტურნირში მეოთხედფინალიდან შედის. რუსებმა ისკრას დაუბღვირეს, 140:110 (85:53, 55:57) შემოარტყეს და დინამოსთან ფავორიტები არიან. ის დინამო იმ ცსკას თბილისში უგებდა. თითქმის სულ უგებდა.

ლ.მ: „ცსკა სხვა დონე იყო. თუ სტიაუსთან ბევრი შეცდომით მოვიგეთ, იგივე ფოკუსი ცსკასთან არ გავიდოდა. მოძრავი, ათლეტური გუნდი, სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერები იყვნენ. პრობლემებს გვიქმნიდნენ გენადი ვოლნოვი, ვიქტორ ხარიტონოვი, სხვებიც ბევრს აკეთებდნენ და დინამოს ეს მანქანა უნდა გაეჩერებინა. ცსკამ იცოდა, რომ დინამო კარგი გუნდი, მათთვის ტოლფასი მოწინააღმდეგე იყო და მაინც ზემოდან გვიყურებდნენ. ხო ხვდებით, არა – აბა, სწრაფად მოვრჩეთ ბიჭებო საქმეს და მერე ან რეალს მოვუგებთ, ან – ოლიმპიას. დინამომ უკეთ ითამაშა. ის სერია უნდა აგვეღო. არა ცსკასთვის, საკუთარი თავისთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ მეტის შნო გვქონდა. ორივე თამაში მოვიგეთ. ვიღაცას მეტი სათამაშო დრო მისცეს, ვიღაცამ ვიღაცა დაასვენა და მაგარი სერია გამოვიდა”.

დინამომ ორივე რაუნდი მოიგო. 75:71 და 77:66.

ლ.მ: „რეალის თამაში ვერ ვნახეთ. ან საიდან ვნახავდით? გვითხრეს, რომ რეალმა ოლიმპიასთან პირველი თამაში, -14 (91:105) მადრიდში ამოქაჩა (69:53) და ფინალში დაჯდა. რეალი? მშვენიერია, იყოს რეალი.

ფინალი ჟენევაში იყო და დინამო ჟენევასთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, პატარა სასტუმროში მოათავსეს. ჩავედით, დავისვენეთ და ცოტა ხანში დარბაზში წაგვიყვანეს. ჩვენ რომ შევედით, რეალი ვარჯიშს ამთავრებდა. გვითხრეს, რომ სამეფო გუნდს ერთი დიდი, ღონიერი ამერიკელი ჰყავს, რომელიც ფარებს ამტვრევს, მაგრად ტენის ბურთს და სახიფათოა. ის ამერიკელი იყო უეინ ჰაიტაუერი. დარბაზში ჰაიტაუერი ვერ ვნახეთ...

რეალი ჩვენ ვარჯიშზე ათი წუთით დარჩა. ესპანელებს აინტერესებდათ იმ გუნდის ნახვა, რომელმაც ცსკა გააგდო”.

28 ივნისს ჟენევაში დინამო-რეალი დაიწყო.

ესპანელებმა საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს ვიზები არ მისცეს და წითელ ტერიტორიაზე ჩასვლაზეც უარი თქვეს. გადაწყდა, რომ ფინალი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ერთთამაშიანი იქნებოდა. ჟენევა მშვიდი, კარგი ადგილი იყო.

ჟენევაში დინამომ ისტორიას, რეალს ყური აუწია.

ფინალი

რეალის პირველი ხუთეული – ხოსე ლუის კორტესი (გამთამაშებელი), ემილიანო როდრიგესი (ფორვარდი), კარლოს სევილიანო (ფორვარდი), სტენ მორისონი (ცენტრი) და უეინ ჰაიატუერი (ცენტრი). მაღალი ხუთეული. ჰაიტაუერივით მაღალი. კოშკების გუნდი ფავორიტია და დინამოც თავისი კოზირებით თამაშობს. ოთარ ქორქია ფინალს ინტელექტის დიდი დოზით იწყებს – მინაშვილი, ხაზარაძე, ალთაბაევი, ლეჟავა და უგრეხელიძე.

პირველ ოთხ ქულას ალთაბაევი იღებს. 4:0 წავიყვანეთ.

იმ რეალში იყო 22 წლის მანუელ საინსი. უკვე მაგარი პოპულარული ბიჭი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ბევრ წუთში ბევრს ასწრებდა. ევროპის ჩემპიონთა თასი სხვა თემაა. იქ რეალის მთავარი მწვრთნელი, კოლორიტული პედრო ფერანდისი საინსზე უფრო სხვებს ღლის. ლოლო ესპანურ და ევროპულ საკალათბურთო პანთეონში ცოტა მერე შევა. იმ ფინალში საინსმა 4 ქულა აიღო. ბოლო წუთებზე აიღო და სიტუაცია დაძაბა.

სენიორ საინსი ლეგენდაა. თითქმის იგივე თემა, რაც საფეხბურთო რეალში ფრანსისკო ხენტო. საინსი ერთადერთია ევროპაში, რომელმაც ჩემპიონთა თასი (ევროლიგა) მოთამაშის და მწვრთნელის რანგში ოთხ-ოთხჯერ მოიგო. საინსი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ცამეტი წლის წინ, მანოლოს ესპანეთმა არვიდას საბონისის, არტურას კარნიშოვასის მეგალიტვა დაამცირა – საფრანგეთში, ევროპის ჩემპიონატზე 74:72 მოუგო. საინსმა ესპანეთი ფინალში გაიყვანა და იქ იტალიელებმა იტალიურად მოიგეს. მანოლომ ბოლომდე გამოიყენა ის ესპანეთი – ალბერტო ერეროსის ინტელექტი, როხერ ესტელერის სტამინა, კარლოს ხიმენესის თითები და საკუთარი გამოცდილება.

ლეგენდას მადრიდში შევეხმიანეთ.

მანუელ საინსი: „ჩემთვის, მთელი რეალისთვის ფინალში გასვლა დიდი მიღწევა იყო. საბჭოთა კავშირის ნაკრები, თქვენი გუნდები საუკეთესოებად ითვლებოდნენ და რეალისთვის ეს განსაკუთრებული გამოწვევა იყო.

ის დინამო უგებს ცსკას და ვხვდებით, რომ ფინალში სერიოზული გუნდი გადის. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია დინამოს მოთამაშეებზე, მაგრამ გუნდს აქვს შედეგი და ეს საკმარისია.

რეალს ორი ლიდერი ჰყავდა. ჩვენი მწვრთნელი, სენიორ ფერანდისი და ემილიანო როდრიგესი. საქმეს დანარჩენებიც აკეთებდნენ, მაგრამ როდრიგესი სხვა დონე იყო”.

დინამომ 8:6 წაიყვანა და რეალმა მორისონის, სევილიანოს, როდრიგესის 6 ქულა მიიღო, 12:8 გაიქცა. დინამოს 6:1 ლეჟავამ და ჩვენმა კაპიტანმა შეკრეს. მისტერ ჰაიტაუერი პირველ ტაიმში 14 ქულას იღებს.

ლ.მ: „ჰაიტაუერი არანორმალური ძალის პატრონი იყო. ოთარ ქორქიამ თამაშამდე დამიძახა და ლევან, რას ფიქრობ, ეს მთა როგორ გავაჩეროთო... როგორ, არ ვიცი, მაგრამ უნდა გავაჩეროთ-მეთქი, ვუთხარი. რეალზე მინიმალური ინფორმაცია გვქონდა. ჰაიატაუერზე ადიოდნენ ანზორ ლეჟავა და ლარიკა (ილარიონ ხაზარაძე). რთული იყო. ამერიკელი ისროდა ახლოდან, საშუალოდან. თითქმის ყველაფერს აგდებდა და მიდი და ეთამაშე ასეთ მხეცს...”

უეინ ეი ჰაიტაუერი ლეგენდარულ სან ფრანცისკო უორიორზში იყო. NBA-ში მისტერ უეინი რეალიდან წავა და მეორე სეზონში 13.4 ქულას აიღებს. თავისი 7.2 მოხსნით. იმ უორიორზში ნეით თერმონდი დარბოდა და უილტ ჩემბერლენი 36.9 ქულას იღებდა. 22.3 მოხსნით. რეალში სერიოზული კაცი იდგა. დინამოც სერიოზული იყო. პირველი ტაიმი სწორედ დინამომ მოიგო 38:36. 8 ქულა აქვს ალთაბაევს, 7 – მინაშვილს, 6 – ლეჟავას.

მ.ს: „ჰაიტაუერი ჩვენთან ცოტა ხნით დარჩა. ზარმაცი მოთამაშე იყო. რეალმა ბოლომდე ვერ გამოიყენა მისი პოტენციალი. ალბათ, დინამოსთან ბოლომდე ჰაიტაუერზე უნდა გვეთამაშა. არ ვიცი, რა შეიცვლებოდა, მაგრამ უნდა გვეცადა”.

მეორე ტაიმში, ერთ მომენტში ავკრიფეთ. როდრიგესმა მინუს ოთხამდე (66:70) დაიყვანა სხვაობა და დინამო 7:0 გაიქცა. 77:66 ანზორ ლეჟავამ აანთო. რეალი საინსით 83:87 მოგვიახლოვდა და იქვე ლევან მოსეშვილმა ჩააგდო. ფინალის ბოლო ქულა საჯარიმოთი ლევან ინწკირველმა აიღო.

მანოლო საინსმა ჩვენთან საუბრის ბოლოში თქვა: „ის დინამო ჩვენზე ათლეტური, ჩვენზე მოძრავი და ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო. ჰაიტაუერთან ერთად თუ ამერიკელის გარეშე, რეალი დინამოს ვერ მოუგებდა. ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომელიც შემდეგ სეზონებში უკეთ გამოვიყენეთ. დღეს რეალი დინამოს მოუგებს, მაშინ კი ჩვენზე დიდი გუნდი იყო”.

ჟენევაში მოგებული თასი გვახსოვს და ბოლომდე ვერ ვიხსენებთ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ლეგენდებს რაღაცები აჩუქეს, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დააფასეს გმირები. იმ დინამომ საქართველოს საკალათბურთო დამოუკიდებლობა მისცა. ცსკას წითელ კეფაში ასცხო და რეალსაც ის როიალური ყური აუწია.

ლევან მოსეშვილი: „ალბათ, ჩვენს წარმატებას ისეთი ყურადღება არ მიაქციეს, როგორსაც ვიმსახურებდით. ჩვენ არ გვითამაშია და არ მოგვიგია რეალისთვის იმის გამო, რომ მთავრობას ან ვინმე სხვას ძვირფასი საჩუქარი გადმოეცა. ჩვენ

სტიაუა-დინამო
ერთმანეთისთვის ვითამაშეთ და ერთმანეთს გასახდელში გადავეხვიეთ, ჩავეხუტეთ, მივულოცეთ. ძალიან დავიღალეთ და ვერ ვხვდებოდით, რომ რაღაც დიდი მოვიგეთ. დინამომ ისტორია შექმნა”.

ის ისტორია ჩვენია და ის დინამოც ჩვენი იყო. არის. სულ იქნება.

დინამომ ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. და ეს ბევრს არ ახსოვს...

 

დინამო-რეალი 90:83.

ვალერი ალთაბაევი – 17 ქულა.

ანზორ ლეჟავა – 16.

ვლადიმერ უგრეხელიძე – 14.

ალექსანდრე კილაძე – 14.

ალექსანდრე პეტროვი – 12.

გურამ მინაშვილი – 9.

ლევან მოსეშვილი – 3.

ლევან ინწკირველი – 3.

ილარიონ ხაზარაძე – 2.

ამირან სხიერელი, რევაზ გოგელია.

კომენტარები