განათლება

პრეზიდენტის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას უმაღლესი განათლების დაფინანსების მიმართულებით სიახლეებზე ისაუბრა. კერძოდ, სასტუმრო რადისონში საერთაშორისო ოლიმპიადის გახსნისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების იმ სტუდენტებს, რომელთაც არ აქვთ სახელმწიფო დაფინანსება და წარმატებით დახურავენ პირველ კურსს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ. მან უნივერსიტეტების რექტორებს შესაბამისი პროგრამის შემუშავების თხოვნით მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დაფინანსების ამჟამინდელი სისტემა ისედაც მერიტოკრატიის პრინციპზეა დაფუძნებული. ახალი ინიციატივა კი მათზე იქნება მიმართული, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებს იმ დონეზე ვერ აბარებს, რომ დაფინანსება მოიპოვოს, მაგრამ შემდგომში “მაგრად” სწავლობს.

მოგვიანებით, დეტალების დაზუსტებას შეეცადა პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე. მისი თქმით, გრანტის გაუმჯობესების საშუალება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იმ სტუდენტებს მიეცემათ, რომლებმაც მათთვის სასურველი დაფინანსება ვერ მიიღეს. ამისთვის მათ ჯიარის ტიპის (GRE) გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურს თავად უმაღლესი სასწავლებლები დაუფინანსებენ. მანჯგალაძემ განმარტა, რომ პირველ ეტაპზე ამ პროგრამაში ჩართულები იქნებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მომავალში კი ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი.

თავის მხრივ, პარლამენტში სამთავრობო საათის მიმდინარეობისას ამ საკითხზე ისაუბრა განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან, რომლებიც დაფინანსების მიზნით თავად შექმნიან სპეციალურ ფონდებს. შაშკინის თქმით, ეს ფონდები მომავალ წელს აკუმულირებული იქნება და 6 მილიონ ლარს მიაღწევს. უკვე 2013 წლის ივლისში კი ჩატარდება ჯიარის ტიპის გამოცდები, რომელიც დაახლოებით 10 ათას სტუდენტს გრანტის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს ყოველწლიურად. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობა მხოლოდ წარმატებულ სტუდენტებს არ ექნებათ, ხოლო ვისი ქულებიც უნივერსიტეტში 91-დან 100-მდე იქნება, გამოცდის წინ ბონუსად 25 ქულა მიენიჭება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ უნივერსიტეტები, რომლებიც კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან, სამინისტრო კი ფასილიტატორის როლში გამოდის. ის მიუკერძოებელი კონკურსის გარანტიცაა – ტესტს გამოცდების ეროვნული ცენტრი მოამზადებს. მინისტრმა დაამატა, რომ კერძო უნივერსიტეტების მხრიდან მსგავსი ინიციატივით გამოსვლას მიესალმება.

ტაბულა შეეცადა დაეზუსტებინა, თუ ვინ შეძლებს გამოცდაზე გასვლას – მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები, თუ სხვებიც, რაზეც განათლების სამინისტროსგან პასუხი ვერ მიიღო – გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგვამისამართეს. იქ გვითხრეს, რომ არ იციან, ვინ გაივლის რეგისტრაციას და რომ ისინი მხოლოდ ტესტის მომზადებასა და გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფენ.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების საგრანტო კონკურსი აქამდეც არსებობდა და დღესაც არსებობს – მსურველები გრანტის გასაუმჯობესებლად გამოცდას ეროვნულ ცენტრში ისედაც აბარებენ. იქ ვარაუდობენ – სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსება გაცილებით დიდი იქნება და თან ტესტიც მოდიფიცირდება, მაგალითად, სხვადასხვა კურსის სტუდენტებისათვის განსხვავებული იქნება.

ფონდების საკითხზე სასაუბროდ ტაბულა დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ინიციატივას მიესალმება და დაამატა – უნივერსიტეტს თავადაც აქვს სტიპენდიების სისტემა. გარდა საპრეზიდენტოსი, წარჩინებული სტუდენტებისთვის არსებობს შიდასაფაკულტეტო სტიპენდიაც, რაც მათ სწავლის საფასურს თითქმის მთლიანად უფარავს. რაც შეეხება იმას, თუ რა რესურსები აქვს ფონდისთვის უნივერსიტეტს, რექტორმა თქვა, რომ ჯერ გათვლილი არ აქვთ, რადგან ინიციატივა ახალია. ამ თემაზე აქამდე სამინისტროსთან მხოლოდ ზოგადი საუბარი მიმდინარეობდა და სტუდენტებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის მზადყოფნაც გამოითქვა, თუმცა დეტალებზე საუბარი ჯერ შეუძლებელია. კვიტაშვილის აზრით, თუ 6-მილიონიანი ფონდი მხოლოდ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის თანხებით შეივსება, ეს მათ დიდ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს.

ბაკალავრიატში დღეს სახელმწიფო დაფინანსება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ ოთხ საგანში მიღებული ქულების მიხედვით ნაწილდება. დაფინანსება შეიძლება იყოს როგორც ნაწილობრივი – 30%, 50% და 70%-იანი, ასევე სრული – 100%-იანი, რაც 2250 ლარს შეადგენს. სწორედ ამდენია სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის ზედა ზღვარი. როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, გრანტებში სახელმწიფო წლიურად 45 მილიონ ლარს ხარჯავს. დაფინანსება შეიძლება იმ სტუდენტებსაც ერგოთ, რომლებიც კერძო უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.

ახალი ინიციატივის მიზნად განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა სახელდება. თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს ეს უნივერსიტეტების ფონდების აკუმულირებული თანხების მეშვეობით, მათ ხომ ისედაც შეუძლიათ წარმატებული სტუდენტების საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში წახალისება. მაგალითად, სტიპენდიებით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომობაზე ამგვარ ზრუნვას უარყოფითი შედეგებიც მოსდევს – სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის საფასურის ზედა ზღვარს ვერ ზრდის, დაკარგული შემოსავლების კომპენსირება კი მისაღები კონტინგენტის გაფართოებისაკენ უბიძგებს. მაგალითად, იღებენ სტუდენტებს, რომლებიც სათანადო დონეზე ვერ ფლობენ უცხო ენას (იმისთვის, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ). ამიტომ, ზოგი სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნის მოთხოვნით გამოდის, ზოგიერთები კი, უარეს შემთხვევაში, მაგალითად თვითმმართველობის სტუდენტები, მათ ამ მოთხოვნის გამო სცემენ კიდეც.

კომენტარები