ნატო-საქართველო

რასმუსენი: მჯერა, თქვენ გააგრძელებთ ამ პროგრესს

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტი შეაქო საქართველოს მიერ ალიანსის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების გამო. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან საქართველოს უწოდა ალიანსთან პარტნიორობის ”მოდელი ქვეყანა” და მოუწოდა განაგრძოს არჩეული გზა.

” ეს არის გრძელი გზა, მაგრამ თქვენ უკვე გაქვთ მნიშვნელოვანი პროგრესი. რაკი არჩევნები გიახლოვდებათ მე მჯერა თქვენ აუცილებლად გააგრძელებთ ამ პროგრესს და რეფორმებს. ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა ქართული დემოკრატიისთვის და აჩვენებს, რამდენად შორს ხართ წასულები,”-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, ალიანსის „განსაკუთრებული პარტნიორობა“ საქართველოსთან ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე სამი მიმართულებით აისახება: პირველი, რომ საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი წვლილი შეაქვს ნატოს ოპერაციაში ავღანეთში. მეორე, რომ საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ზოგადად ტრანს–ატლანტიკურ თანამშრომლობაში ნატო–საქართველოს სპეციალური კომისიის ფარგლებში და მესამე, რომ საქართველო განიხილება ასპირანტ ქვეყნად,  რომელიც ისწრაფვის გახდეს ნატოს მომავალი წევრი.

რასუსენმა იმედი გამოთქვა, რომ საშუალება იქნება ეს ყველაფერი აისახოს სამიტის ძლიერ დეკლარაციაში.

მიხეილ სააკაშვილმა  კი აღნიშნა, რომ საქართველოს სურს უფრო ძლიერი თანამშრომლობა ნატოსთან, იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ჰქონია. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქეების 70 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. ”ეს აჩვენებს, რომ არის მძლავრი მოტივაცია რეფორმებისა და ცვლილებებისთვის,”-განაცხადა მან ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველო „ასპირანტ“ ქვეყნად 2011 წლის 7 დეკემბერს ბრიუსელში გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში მოიხსენიეს, რასთან დაკავშირებითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ღიად გააფრთხილა ნატოელი კოლეგები  ”მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით.”

ლავროვმა მაშინ განაცხადა: ”მე ღიად მივანიშნე ჩვენს კოლეგებს, შეგნებულად თუ შეუგნებლად კიდევ ერთხელ ნუ უბიძგებენ საქართველოს მოქმედ რეჟიმს 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის განმეორებისკენ. ეს, ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ მოხდა, ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში კი ჩაიწერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წვერი. ეჭვი არ მეპარება, რომ ამან შეასრულა მნიშვნელოვანი როლი სააკაშვილს მიეღო ის გადაწყვეტილება , რომელიც მიიღო. გამოვთქვამ იმედს, რომ ნატოელები დაუფიქრდებიან ისეთი მოვლენის წახალისებას, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში რეგიონში. ამ რეგიონს კი აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა არა მარტო კავკასიის ქვეყნებისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. იქ ჩვენი უახლოესი მოკავშირეები და მეზობლები ცხოვრობენ. ”

 

 

კომენტარები