ღეროვანი უჯრედები

ულე ლინდვალი: ღეროვანი უჯრედების ტურიზმი საფრთხილო სფეროა

ტაბულას 19 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია „ღეროვანი უჯრედების მამაცი ახალი სამყარო”. ჩვენ დაგვიკავშირდა ლუნდის უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის პროფესორი, შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის მედიცინის განყოფილების თავმჯდომარე და საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ულე ლინდვალი.

1983 წლიდან პროფესორი ლინდვალი ლუნდის უნივერსიტეტში ნეიროტრანსპლანტაციის პროგრამას ხელმძღვანელობს. ნევროლოგიური დარღვევებისას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სწორედ ამ პროგრამით დაიწყო. პროგრამის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ ნეირონების ტრანსპლანტაციის გზით შესაძლებელია 50-60 წლის ადამიანის დაზიანებული ტვინის ფუნქციების აღდგენა. ამჟამად ლინდვალის ლაბორატორია სხვადასხვა ტიპის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ტვინის ფუნქციების დარღვევათა თერაპიული მკურნალობის შესაძლებლობაზე მუშაობს.
 
25 წელია, პროფესორი ულე ლინდვალი ქართველ პროფესორებთან თანამშრომლობს. ორი მათგანი ლუნდის უნივერსიტეტის სრული პროფესორია. მათ საკუთრი ლაბორატორიები აქვთ.
ტაბულა გთავაზობთ პროფესორ ულე ლინდვალთან ინტერვიუს.


კარიერის რამდენიმე ათეული წელიწადი დაზიანებული ტვინის აღდგენაზე მუშაობას მიუძღვენით. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყეთ პარკინსონის დაავადების მკურნალობა ჩანასახის უჯრედების ტვინში გადანერგვის გზით. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა ეტაპზე ხართ ამჟამად?
 
საქმე ისაა, რომ დაზიანებული ტვინის აღსადგენად ტრანსპლანტაციისთვის ყველა ტიპის უჯრედი არ გამოდგება. თუმცა მკვდარი უჯრედების ჯანსაღით ჩანაცვლება აუცილებელია. 
ჩანასახის უჯრედებით პარკინსონის დაავადების განკურნებასთან დაკავშირებულ კვლევებს 80-იანი წლებიდან ვატარებთ. ნეირონები, რომლებიც სასიგნალო მოლეკულას – დოფამინს წარმოქმნიან, წლებთან ერთად კვდება. კვლევებმა გვიჩვენა, რომ აბორტული ნარჩენებისაგან მიღებული დოფამინის უჯრედების გადანერგვით პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტისათვის ფუნქციების აღდგენა და გაუმჯობესება შეიძლება. განსაკუთრებით წარმატებულ შემთხვევებში, პაციენტებს მკურნალობა რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ სჭირდებათ. 
 
ამჟამად რამდენიმე ლაბორატორია, მათ შორის ჩვენი, ცდილობს დოფამინერგული ნეირონები ღეროვანი უჯრედებისაგან აწარმოოს, რათა შემდგომში ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენოს. ეს უჯრედები პაციენტის ტვინში დაზიანებული უჯრედების იდენტური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოუსადეგარია. სულ ცოტა, 3-5 წელია საჭირო, ვიდრე ამ მეთოდის გამოყენებით პირველი კლინიკური კვლევები ჩატარდება.
 
ბევრი რამ გვსმენია ღეროვანი უჯრედების „მაგიურობის” შესახებ. ამბობენ, რომ მათ პრაქტიკულად ყველა დაავადებისაგან განკურნება შეუძლიათ. მაინც რით განსხვავდება ღეროვანი უჯრედი სხვა ტიპის უჯრედებისგან და რა განაპირობებს მათ მნიშვნელობას მედიცინისთვის?
 
ღეროვანი უჯრედების გამოყენების მიზანი დაზიანებული უჯრედების ან ქსოვილის აღდგენა და, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. უჯრედული თერაპია ღეროვანი ან მათგან მიღებული უჯრედების გამოყენებით ხორციელდება. პაციენტის ორგანიზმში მათი შეყვანა სისხლიდან ან პირდაპირი ტრანსპლანტაციის გზით შეიძლება. 
 
დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა განკურნებაც ღეროვანი უჯრედების გამოყენებით შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზედ მცირეა. ამ ეტაპზე დამტკიცებულია, რომ სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით შესაძლებელია სისხლის დაავადებების, იმუნური სისტემისა და ძვლის ტვინის ფუნქციების დარღვევათა განკურნება.
 
სხვა დაავადებათა მკურნალობა ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერიმენტირების ეტაპზეა. ეს კი ნიშნავს, რომ მკურნალობის უვნებლობა და ეფექტიანობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგალითად, ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ პაციენტისათვის საკუთარი ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, მეცნიერულ და კლინიკური კვლევებს არ ეფუძნება. ჯერ კიდეც მრავალი კვლევაა ჩასატარებელი, სანამ მკურნალობის ეს მეთოდი პაციენტთათთვის მისაღები გახდება.
 
ღეროვანი უჯრედების საკითხს ხშირად უკავშირებენ ეთიკას. დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ღეროვანი უჯრედების წარმოება საერთოდ აიკრძალა. მაინც რა ეთიკური პრობლემების წინაშე გვაყენებს ემბრიონული ღეროვანი უჯრედების მიღება და გამოყენება?
 
ამ დებატის ცენტრში იგივე არგუმენტებია, რაც აბორტთან, კონტრაცეფციის გამოყენებასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ კამათში. მოწინააღმდეგეები აქცენტს ახალ სიცოცხლეზე, მის იურიდიულ და ლეგალურ სტატუსზე აკეთებენ. მეცნიერები ემბრიონულ უჯრედებს რამდენიმე დღის ჩანასახის შიდა მასის უჯრედებისაგან იღებენ. ეს მაშინ ხდება, როდესაც წყვილის ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა დასრულებულია, ანუ, აღნიშნული უჯრედები ისედაც განადგურდებოდა. მიუხედავად ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევებში გამოყენება მორალურად გაუმართლებელია. ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ბევრი კულტურული და რელიგიური ტრადიცია ეწინააღმდეგება, თუნდაც ამას სიკეთის მოტანა შეეძლოს კაცობრიობისთვის. სხვანი ემბრიონს ადამიანად მხოლოდ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ განიხილავენ, ამიტომ, მათთვის ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევებისთვის გამოყენება გამართლებულია.
 
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ექიმები ორსულებს ჭიპლარის სისხლისგან მიღებული ღეროვანი უჯრედების შენახვას სთავაზობენ. არწმუნებენ, რომ მათი შვილისთვის ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება. რამდენად გამართლებულია ეს პროცედურა? რა ალბათობაა, რომ მომავალში ამ ბავშვს ეს ღეროვანი უჯრედები დასჭირდება და ექიმები დაავადების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენებენ მას?
 
ჭიპლარის სისხლი ღეროვანი უჯრედებით მდიდარია. მათი გამოყენება ისევე ხდება, როგორც მოზრდილი ადამიანის ძვლის ტვინის უჯრედების. ამ უჯრედებს სისხლის დაავადებების მკურნალობისთვის ან ზოგიერთი ტიპის კიბოს მკურნალობის შემდეგ სისხლის სისტემის აღსადგენად იყენებენ. 
 
საქმე ისაა, რომ საკუთარი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა მხოლოდ ბავშვებისთვის არის შესაძლებელი. მოზრდილი ადამიანისთვის ერთი ჭიპლარიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების რაოდენობა არასაკმარისია. ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების ეფექტიანად გამრავლება კი ჯერჯერობით შეუძლებელია. ჭიპლარის სისხლისაგან მიღებული ღეროვანი უჯრედების შენახვა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც შთამომავლობაშიც სისხლის სიმსივნური ან სხვა ტიპის დაავადებები აქვთ გადატანილი. ჯანმრთელი ბავშვის შემთხვევაში, მათი შენახვა გაუმართლებელია, როგორც კლინიკურად, ასევე ეკონომიკურად.
 
ერთ-ერთ პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში, Science, თქვენ „ღეროვანი უჯრედების ტურიზმთან” დაკავშირებით საუბრობთ. მოგვიყევით რას ნიშნავს იგი. შესაძლებელია თუ არა ეს სფერო საქართველოშიც განვითარდეს?
 
   ღეროვანი უჯრედების ტურიზმი საფრთხილო სფეროა. სასოწარკვეთილ პაციენტებს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით განკურნებას მსოფლიოს მრავალი კლინიკა სთავაზობს. თუმცა, მკურნალობა პრეკლინიკურ გამოკვლევებს არ ეფუძნება. მსგავსი კლინიკები ღეროვანი უჯრედების სფეროს პროგრესსაც უქმნიან საფრთხეს. ისინი იმედგადაწურულ პაციენტებს დაპირებებს აძლევენ, რისკების არსებობას კი უარყოფენ. ჯამში, მოტყუებული რჩება პაციენტი, რომელიც არაეფექტიან მკურნალობაში ბევრ ფულს ფუჭად ხარჯავს.
 
ამჟამად საქართველო ღეროვანი უჯრედების ტურიზმში აქტიურად ჩართული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში კვლევებზე დაფუძნებული თანამედროვე სტანდარტების მომსახურება შეიქმნას. თუ კომპანიები კლინიკურად დაუდასტურებელ ღეროვან უჯრედებს გამოიყენებენ, არსებობს საფრთხე, რომ საქართველომ, ისევე როგორც სხვა განვითარებადმა ქვეყნებმა, რეპუტაცია დაკარგოს. რეპუტაციის დაბრუნება კი ძალიან რთულია. ამიტომ, საჭიროა, რომ ღეროვან უჯრედებზე კვლევები და სამედიცინო მკურნალობა მკაცრად გაკონტროლდეს. 
 
რა რეკომენდაციას მისცემდით პაციენტებს, რომელთაც ღეროვანი უჯრედებით მკურნალობას ურჩევენ და, მეორე მხრივ, ღეროვან უჯრედებზე მომუშავე ქართველ მეცნიერებს, რომელთაც ამ მიმართულების განვითარება სურთ? 
 
ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები და მათი ახლობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ პაციენტის უფლებები დაცულია და არსებობს საფუძვლიანი სამეცნიერო კლინიკური მტკიცებულება მკურნალობის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ. ამას უნდა მოწმობდეს პრეკლინიკური კვლევის შედეგები (ცხოველებზე ჩატარებული), რომელიც სხვა ექსპერტებმაც გაიმეორეს და დაადასტურეს. გარდა ამისა, დაავადების ამ პროდუქტით მკურნალობა ნაციონალური ან რეგიონალური კონტროლის ორგანოს მიერაც უნდა იყოს ნებადართული. 
არსებობს ინდიკატორები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა მკურნალობის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ეჭვქვეშ უნდა დააყენოს: 1) არსებობს უკმაყოფილო პაციენტების საჩივრები; 2) კლინიკები ერთი სახის ღეროვანი უჯრედისაგან მრავალი დაავადების განკურნებას ჰპირდებიან; 3) ღეროვანი უჯრედების წარმომავლობა ან მკურნალობის ეტაპები არ არის წინასწარ განსაზღვრული; 4) ეუბნებიან, რომ მკურნალობა არანაირ რისკს არ შეიცავს; 5) მკურნალობა ძალიან ძვირადღირებულია ან მას ფარული ხარჯები ახლავს თან.

ამ ეტაპზე, როცა მკურნალობის ცოტა მეთოდია დამტკიცებული, მთავარია, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ღეროვან უჯრედებზე მომუშავე მეცნიერებსა და კლინიცისტებს შორის თანამშრომლობის გზით გარკვეული წესები შემუშავდეს. ეს ისეთ პროცედურებს უნდა მოიცავდეს, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების დონაცია, გამოყოფა, შენახვა, დამუშავება და ტრანსპორტირება. უნდა განისაზღვროს, თუ როგორ ჩატარდეს პრეკლინიკური კვლევები ცხოველებზე, რათა მკურნალობის უსაფრთხოება და მისი ეფექტიანობა დადასტურდეს. ამასთან, ყველა დადგენილი ეთიკური პრინციპი უნდა დაიცვან. ამ მიზნების მიღწევასა და უჯრედული თერაპიის სწორი მიმართულებით განვითარებაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. 
 

კომენტარები