ღეროვანი უჯრედები

ღეროვანი უჯრედების მამაცი ახალი სამყარო

უკურნებელი დაავადებები მუდამ იყო მეცნიერებისა და ექიმების ინტერესის საგანი. მედიცინას მრავალი წელი დასჭირდა, ვიდრე სასურველი შედეგი დადგებოდა (ზოგიერთ შემთხვევაში) და ფატალური დიაგნოზი პაციენტებს აღარ შეაშინებდა.  მიუხედავად მრავალი მცდელობისა, უკურნებელი დაავადების რიცხვი მხოლოდ შემცირდა. 

თანამედროვე მედიცინა დიდ იმედებს ამყარებს ღეროვან უჯრედებზე. კვლევებში მათი გამოყენება მასობრივად 2007 წლიდან დაიწყო. დღესდღეობით  მსოფლიოში 3 400-ზე მეტი კვლევა მიმდინარეობს. დაავადებულ ორგანიზმში ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მკვლევრები სასურველ შედეგს ელიან. მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ამ გზით დაახლოებით 80 დაავადებისაგან სრული ან ნაწილობრივი განკურნებაა შესაძლებელი. ჩამონათვალს შორისაა გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის, პარკინსონის, ალცჰაიმერის, კუნთის დაავადებები. 

ღეროვანი ახალგაზრდა, მოუმწიფებელი უჯრედია. მას შეუძლია ნებისმიერ უჯრედად გარდაიქმნას, გამრავლდეს და განაახლოს ან წარმოქმნას ქსოვილი. ადამიანის ორგანიზმში 200-ზე მეტი ტიპის უჯრედი ერთი, ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ღეროვანი უჯრედის – განაყოფიერებული კვერცხუჯრედისაგან არის წარმოქმნილი. ღეროვანი უჯრედების გარკვეული რესურსი ყველა ორგანიზმშია. თუმცა, რაც უფრო ახალგაზრდაა, მით უფრო მეტი ღეროვანი უჯრედია და გამრავლებაც უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. 

ძირითადად სამი ტიპის ღეროვანი უჯრედი არსებობს: ემბრიონული, სპეციფიკური და მოზრდილთა. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები ხელოვნური განაყოფიერების გზით შექმნილი ემბრიონისგან მიიღება. სპეციფიკური – აბორტის ნარჩენებისა და ჭიპლარის სისხლისაგან. მოზრდილთა ღეროვან უჯრედებს ზურგის ტვინისაგან იღებენ. თითოეულ მათგანს სხვადასხვა შესაძლებლობა გააჩნია. 

მეცნიერები ყველაზე ეფექტურად ემბრიონულ უჯრედებს მიიჩნევენ – მათ ყველა უჯრედის წარმოქმნა შეუძლიათ. ემბრიონული უჯრედების ტრანსპლანტაცია არ ხდება, მათ კვლევებისთვის იყენებენ. მეცნიერები ამ უჯრედებს რამდენიმე დღის ჩანასახის შიდა მასის უჯრედებისაგან იღებენ. შესაბამისად, ემბრიონი განვითარებას წყვეტს. ამიტომ, მათ გამოყენებას, თუნდაც კეთილშობილური მიზნით, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ემბრიონული უჯრედების კვლევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე, პრეზიდენტობის დროს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმაც უარი თქვა. ამჟამად ამერიკაში კვლევები გრძელდება. 2009 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საარჩევნო კამპანიის დაპირება შეასრულა და ემბრიონული ღეროვანი უჯრედის გამოკვლევისთვის საჭირო თანხები კვლავ გამოყო. ის მიიჩნევს, რომ მეცნიერებისა და მორალური ღირებულებების დაპირისპირება არასწორია. 

ეთიკურობის საკითხი მაშინაც განიხილება, როდესაც საქმე აბორტის მასალის გამოყენებას ეხება. მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ადამიანის სხეულის ნაწილებისგან სარგებლის მიღება არაეთიკურია. მიუხედავად ამისა,  დღესდღეობით, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და ჩინეთში, მეცნიერები ნაყოფის ქსოვილიდან მიღებულ ღეროვან უჯრედებს კვლევისთვის იყენებენ. 

ჭიპლარის სისხლის ბანკის, ჯეოქორდის, მედიცინის დირექტორის, გოჩა შათირიშვილის თქმით, 2006 წლამდე კვლევისთვის აბორტის მასალას, სხვა ქართველ მკვლევრებთან ერთად, ისიც იყენებდა. 2005 წელს სამედიცინო კვლევაში პარკინსონის დაავადების მქონე ოცამდე პაციენტი მონაწილეობდა. „მართალია, სრულიად განკურნების შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა, მათი მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა”, – ამბობს
იგი. ბიოეთიკის საბჭომ, რომლის წევრი თავადაც იყო, გაიდლაინიც კი შეიმუშავა, თუმცა, სასულიერო პირების წინააღმდეგობის მოტივით მალევე გააუქმა.  

მოწინააღმდეგეები ნაკლებად საუბრობენ ჭიპლარის სისხლიდან ღეროვანი უჯრედების მიღების არაეთიკურობაზე: ამ შემთხვევაში საფრთხე არც ბავშვის სიცოცხლეს ემუქრება და არც დედისას. მშობიარობის დასრულებისთანავე, მას შემდეგ, რაც ჭიპლარს გადაჭრიან, ექიმები 15 წუთის განმავლობაში პლაცენტაში დარჩენილ 40-200 მლ სისხლს სპეციალურ პაკეტებში აგროვებენ და სისხლის ბანკში აგზავნიან, სისხლიდან ღეროვან უჯრედებს აცალკევებენ და -150, -196 გრადუსზე ინახავენ. სპეციალურად დამუშავებული ღეროვანი უჯრედები სიცოცხლისუნარიანობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებენ. შათირიშვილის თქმით, ჭიპლარის ამ ტიპის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით, მსოფლიოში დღემდე  20 ათასამდე პაციენტი განიკურნა.

ჭიპლარის სისხლში დიდი რაოდენობით ღეროვანი უჯრედების არსებობა, მეცნიერებმა 60-იან წლებში ნიუ იორკში ივარაუდეს. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებზე ჭიპლარიდან აღებული სისხლის გადასხმა უკეთ მოქმედებდა, ვიდრე მოზრდილი ადამიანის სისხლისა.

ჭიპლარის სისხლის ბანკები აშშ-სა და ევროპაში 90-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა. დღესდღეობით მსოფლიოში 150-ზე მეტი ჭიპლარის სისხლის ბანკია, მათი უმეტესობა ამერიკაშია თავმოყრილი (55). კერძო დონაციის ბანკებში ღეროვანი უჯრედების მიღებისა და შენახვის ხარჯებს ოჯახი თავად იხდის, საჯაროში კი – ხელმოწერის შემდეგ, დედები ალტრუისტულად აბარებენ ბავშვის ჭიპლარის სისხლს.
საზოგადოებრივი სისხლის ბანკის შენახვა საკმაოდ დიდ თანხას საჭიროებს. როგორც წესი, მათ საქველმოქმედო ფონდები ან სახელმწიფო აფინანსებს, ანაც დიდი უნივერსიტეტების ბაზაზე არსებობენ. ასეთი ბანკები საერთო რეესტრში  არიან გაწევრიანებულები. თუ სისხლის დაავადების მქონე რომელიმე პაციენტს გადანერგვა სჭირდება, ტრანსპლანტაციის ცენტრი მოთხოვნას აქვეყნებს. საჭირო დონორის პოვნის შანსი არის, თუმცა – მცირე. ჯეოქორდის სამედიცინო დირექტორის თქმით, მსოფლიოს რეესტრებში სადღეისოდ 450 ათასი დონორის სისხლი ინახება. არამონათესავე ადამიანებს შორის თანხვედრა კი დაახლოებით 1/70 ათასია.

ჭიპლარის სისხლის კერძო ბანკი საქართველოშიც არის. პირველი ბანკი, ჯეოქორდი, 2006 წელს ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის ბაზაზე დაარსდა. მათ, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, იმ პაციენტების ღეროვანი უჯრედები შეაგროვეს, რომელთა ოჯახებში ლეიკემიით ან სიმსივნით დაავადებულები იყვნენ. ამჟამად მათი სისხლი ბანკში ინახება. 2007 წლის იანვრიდან ჯეოქორდმა ჭიპლარის სისხლის შეგროვებით კომერციული საქმიანობა დაიწყო. სისხლის ბანკები სამშობიარო სახლებთან თანამშრომლობენ, შვილის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ღეროვანი უჯრედების ჩაბარება ყველა მსურველს შეუძლია. პირველადი გადასახადი – 780 ევრო, ხოლო შენახვის ყოველწლიური ღირებულება – 100 ევროს ეკვივალენტია.

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების პოტენციალი რამდენიმე ათეულჯერ მეტია, ვიდრე მოზრდილი ადამიანის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების. მსოფლიოში დაახლოებით თხუთმეტი მილიონი ძვლის ტვინის დონორია. თუმცა, საჭირო დონორის პოვნის შანსი მაინც მცირეა: თუ ჭიპლარის სისხლის შემთხვევაში 6 პარამეტრიდან 4 უნდა დაემთხვეს, ძვლის ტვინის დონორსა და მიმღებს შორის დამთხვევა, ათივე პარამეტრის თანხვედრას საჭიროებს.

თანამედროვე მედიცინის მიღწევები მხოლოდ ღეროვანი უჯრედების გამოცალკევებითა და მათი ტრანსპლანტაციით არ შემოიფარგლება. მკვლევრები ღეროვანი უჯრედებისაგან ხელოვნური სისხლძარღვების, გულის სარქველებისა და სხვა ორგანოების შექმნასაც ცდილობენ. მაგალითად, ბრიტანეთში შვიდ პაციენტს, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებისაგან შექმნილი შარდის ბუშტი უკვე გადაუნერგეს. 
ღეროვანი უჯრედების კვლევებს და შედეგებს მეცნიერთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ისინი ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია, კონკრეტულად რომელიმე ტიპის ღეროვანმა უჯრედმა რამდენიმე დაავადების განკურნება შეძლოს. მაგალითად, ერთდროულად განკურნოს დიაბეტიც და პარკინსონის დაავადებაც. მიიჩნევენ, რომ ტრანსპლანტაციამდე სპეციალური ღეროვანი უჯრედის ტიპი უნდა შეიქმნას. პაციენტებს კი მოუწოდებენ, დაეჭვდნენ, როდესაც კლინიკაში ერთი ტიპის ღეროვანი უჯრედით მთელი რიგი დაავადებების განკურნებას ჰპირდებიან. ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ დადებით შედეგებსაც: მათი თქმით, რიგ შემთხვევებში, მიღწევები პაციენტების წარმოსახვის ნაწილია – მხოლოდ და მხოლოდ პლაცებოს ეფექტი. 

კომენტარები