რუსეთი ცენტრალურ აზიაში

რუსეთი ცენტრალურ აზიაში სამხედრო ბაზებს ამაგრებს

სექტემბერში, დუშანბეში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ტაჯიკი კოლეგა მნიშვნელოვან სამხედრო შეთანხმებაზე დაითანხმა. პარალელურად, მოლაპარაკებები ყირგიზეთთან მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ცენტრალურ აზიაში რუსეთი გააქტიურებას გეგმავს. თანაც, ეს პერიოდი, აშშ-ის მიერ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას ემთხვევა. 

შეთანხმების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ბაზა ტაჯიკეთში კიდევ 49 წელი დარჩება. სანაცვლოდ, კრემლი ამ უკანასკნელს სამხედრო შეიარაღებითა და სამხედრო პერსონალისთვის ტრენინგებით დაეხმარება. თუმცა უცნობია, მოსკოვი, სიტუაციის დათბობის სანაცვლოდ, დუშანბეს რაიმე თანხას გადაუხდის თუ არა. მხარეები საბოლოო შეთანხმებას 2012 წელს მოაწერენ ხელს. 

აღსანიშნავია, რომ 2004 წლის ხელშეკრულების მიხედვით, დღეისათვის, ტაჯიკეთში 5 000-7 000 ჯარისკაცი მსახურობს. აქ განლაგებული სამხედრო კონტინგენტი, მოსკოვის საზღვარგარეთ არსებულ სამხედრო ბაზებს შორის, სევასტოპოლის შემდეგ, სიდიდით მეორეა. ტრადიციულად, რუსეთისთვის ტაჯიკეთი, ავღანეთთან საერთო საზღვრის ქონის გამო იყო მიმზიდველი. საგულისხმოა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 2005 წლამდე, ორი ქვეყნის სასაზღვრო ზოლს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ. დღეს მათგან მხოლოდ 60 რუსი სასაზღვრო მრჩეველიღაა დარჩენილი.

რუსეთი პოზიციების გამყარებას ყირგიზეთშიც ცდილობს. დაუდასტურებელი ცნობებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ალმაზბეკ ატამბაევს, მოსკოვისთვის კანტის ბაზის დათმობისკენ უბიძგებენ. მას ბევრი პრორუსულ პოლიტიკოსად აღიქვამს და არჩევნებში გამარჯვებას

უწინასწარმეტყველებენ. ამ დროს კი ყირგიზი ლიდერის, როზა ოტუმბაევას დროებითმა მთავრობამ და პარლამენტმა, ვაშინგტონს მანასის აეროპორტის საჰაერო ბაზად გამოყენების ვადა გაუხანგრძლივა. როგორც ცნობილია, ამერიკას ავღანეთის ოპერაციებისთვის უზბეკეთისა და ყირგიზეთის ბაზები 2001 წლიდან აქვს დაკავებული. საინტერესოა, ვინ გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში, რადგან მისი შედეგები, შესაძლოა, ქვეყნის საგარეო ვექტორზეც აისახოს.  

რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში რუსული ბაზა არ არსებობს. ამ სახელმწიფოებს კრემლი ხელსაყრელ ფასად უთმობს სამხედრო შეიარაღებას და შესაბამისი პერსონალითაც ეხმარება. ყაზახეთის შემთხვევაში, მოსკოვი თავდაცვითი იარაღის, ტანკების, შვეულმფრენების, თვითმფრინავების ნომერი პირველი მიმწოდებელია. უზბეკეთთან კი რუსეთს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება აქვს გაფორმებული, რის მიხედვითაც მოსკოვმა რეჟიმისთვის რთულ ვითარებაში დახმარების ვალდებულება აიღო. 2003 წლის გადაწყვეტილებით, რუსეთი ტექნიკურ დახმარებას აშხაბადსაც უწევს, მოგვიანებით კი ტანკებით უზრუნველყოფაც დაიწყო.

ცენტრალური აზიის ქვეყნები მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობას უსაფრთხოების არგუმენტით ხსნიან. მაღალჩინოსნების მტკიცებით, ყირგიზეთში მუდმივად არსებობს ეთნიკურ ნიადაგზე სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება. ტაჯიკეთში კი პრეზიდენტ ემომალი რახმონის რეჟიმს რადიკალი ისლამისტები ემუქრებიან. მოსკოვი  მათთვის სამხედრო ექსპერტიზისა და, გარკვეულწილად, შეიარაღების მთავარი წყაროა. 
ცენტრალურ აზიაში რუსეთის გააქტიურებას, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ავღანეთიდან NATO-ს ჯარების გამოყვანის დაწყებით ხსნის. ბოლო დროს, ავღანეთიდან შემოსული ნარკოტიკების გამო, კრემლიდან დუშანბეს კრიტიკა გახშირდა. ბევრი ამას მოსკოვის მხრიდან ზეწოლად აღიქვამს – რუსეთს სურს საკუთარი სამხედროები ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე დააბრუნოს. თუმცა, დუშანბეში რუსი მესაზღვრეების პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებენ. ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის ცნობით, მას შემდეგ რაც სასაზღვრო მცველებმა ქვეყანა დატოვეს, კორუფციის დონემ შედარებით იკლო.

 2012 წელი გადამწყვეტი იქნება: რუსეთი ტაჯიკებთან ხელშეკრულების ტექსტზე უნდა შეთანხმდეს, ყირგიზეთს კი ახალი მთავრობის პირობებში უნდა ესაუბროს. 

კომენტარები