დევნილთა გამოსახლების ახალი ტალღა დაიწყო

დევნილთა და განსახლების სამინისტროს მოთხოვნით დღეს პოლიციამ დევნილთა გამოსახლება ოთხი კომპაქტური ჩასახლების ადგილიდან - უზნაძის ქუჩიდან,  ინფექციური საავადმყოფოდან, ვარკეთილში მდებარე  204-ე ბაგა-ბაღიდან და სამღერეთის ქუჩიდან დაიწყო.

სამინისტროდან გამოსახლების შესახებ ცნობა დევნილებმა ათი დღის წინ მიიღეს.   სამი ჩასახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მიუხედვად იმისა, რომ აქ მცხოვრებმა დევნილებმა არ  მიიღეს  სამინისტროს შემოთავაზება საცხოვრებლად კახეთის ან სამეგრელოს რეგიონში გამოყოფილ სახლებში გადასვლის შესახებ. ინფექციური საავადმყოფოდან გამოსახლებული დევნილები პროტესტის ნიშნად დევნილთა და განსახლების სამინისტროს წინ კარვებში იცხოვრებენ.

გამოსახლების დროს პოლიციას წინააღმდეგობა  204-ე ბაგა-ბაღში მცხოვრებმა დევნილებმა გაუწიეს. ისინი შენობაში ჩაიკეტნენ და პოლიცილებს შიგნით არ უშვებდნენ. იძულებით გადაადგილებული პირების მიერ აჭედილი კარის გახსნა პოლიციელებმა მოახერხეს, თუმცა შენობაში შესვლა ვერ შეძლეს.  დევნილებმა პოლიციელებს ბენზინი შეასხეს. დევნილები ასევე  იმუქრებოდნენ, რომ თავს დაიწვავდნენ. საბოლოოდ, პოლიციამ შენობაში უკანა შესასვლელიდან შეაღწია. ”ნეტგაზეთის” ინფორმაციით, შემთხვევის დროს შეუძლოდ გახდა  45 წლის ნინო ჩხარტიშვილი-ნაკაიძე, რომელიც  საავადმყოფოში გადაიყვანეს.  საავადმყოფოს მიმღებში აცხადებენ, რომ მან, სავარაუდოდ, ინსულტი მიიღო, წერს ”ნეტგაზეთი.”

დევნილთა გამოსახლების პროცესს თვალს ადევნებდნენ ევროკავშირისა  და გაეროს ლტოლვითა უმაღლესი   კომისრის, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებით  განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ დევნილებს,  იმ დევნილებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ და თბილისში სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ არიან შეჭრილები, სამინისტრო რეგიონებში გარემონტებულ ფართებს საკუთრებაში სთავაზობს.

”თბილისში მდებარე 4 შენობაში დევნილები ბოლო 2 წლის მანძილზე შეიჭრნენ და თვითნებურად ცხოვრობენ. მათ სამინისტრო ფართებს კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სთავაზობს. მით უმეტეს, რომ ამ დევნილთა დიდი ნაწილი ბოლო 2 წლის განმავლობაში სწორედ სამეგრელოდანაა ჩამოსული. დევნილთა ნაწილი კი სახელმწიფოს მხრიდან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია და შესაბამისად, მათი ხელმეორედ დაკმაყოფილება ვერ მოხდება,” წერია განცხადებაში ” ბინების საკუთრებაში გადაცემის პარალელურად, სამინისტრო დევნილებს ადგილზეც ეხმარება. ურიგებს მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ეხმარება მათ დამუშავებაში და ასევე არსებობს სპეციალური პროექტები, რომელიც დევნილებს ხელს უწყობს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ."

 

 

კომენტარები