როგორ ავირჩიოთ პარლამენტი?

საქართველოს პოლიტიკური ელიტა (რადიკალი რევოლუციონერების გამოკლებით) იმაზე კამათობს, თუ რომელი საარჩევნო სისტემა უნდა გვქონდეს. ორივე მხარე თავისი პარტიული ინტერესით ხელმძღვანელობს: რა შემთხვევაში ექნება მეტი საპარლამენტო მანდატის მოპოვების შანსი. ეს სრულიად ბუნებრივია – განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა დანარჩენი საზოგადოება დუმს და, უკეთეს შემთხვევაში, მხარეებს მოუწოდებს, რამეზე მაინც შეთანხმდნენ. 

შესაძლოა, არაპოლიტიკოსთა ასეთი პასიურობა გამართლებულიც იყოს: არც ერთი მხარის წინადადებები არ ეწინააღმდეგება დემოკრატიის მოთხოვნებს, ამიტომ, თუ პარტიები რომელიმე ვარიანტზე შეთანხმდნენ, ეს უკვე კარგია. მაგრამ შევეცდები გულუბრყვილო შეკითხვა დავსვა: მაინც რომელი სისტემაა უკეთესი საქართველოსთვის? 
 
დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ორივე ძირითადი სისტემა ცუდია: მაჟორიტარულიც და პროპორციულიც. მაგრამ ის, რაც ახლა გვაქვს – მათი კომბინაცია – ამ ორივეზე უარესია. მოლაპარაკების ორივე მხარე, ისევ რაიმე სახის კომბინირებულ ვარიანტს უჭერს მხარს, ასე რომ, გაუმჯობესებას არც ერთ შემთხვევაში არ ველი.  
 
რა უჭირს მაჟორიტარულ სისტემას? ზოგადად, არც არაფერი. ყველაზე ძველი და ხარისხიანი (ჩემი აზრით) დემოკრატიები: ბრიტანული, ამერიკული, სწორედ მას იყენებენ. ის ყველაზე უფრო გასაგებია ამომრჩევლისთვის, საფუძველს აძლევს უფრო ბუნებრივ, შინაგანად დემოკრატიულ და მყარ პარტიებს, უზრუნველყოფს ქვეყნის ყველა ნაწილის წარმომადგენლობას და აადვილებს მყარი საპარლამენტო უმრავლესობების შექმნას. ყოველმა კანდიდატმა ზუსტად იცის, ვინ არის ის „ხალხი”, ვის წინაშეც პასუხს აგებს. ჩვენს ვითარებაში, ანუ დემოკრატიული კულტურის უთანაბრო განვითარების ფონზე, მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ, თუ ღმერთი გაგვიწყრა და ერთ რომელიმე ოლქში სერიოზული გაყალბებები მოხდა, ეს არჩევნების საერთო შედეგზე ნაკლებად იმოქმედებს. არ მესმის, რატომ არ უნდა იმუშაოს ამ სისტემამ საქართველოში. მაგრამ დღეს მის შემოღებას
სერიოზული პოლიტიკური პრობლემები შეიძლება მოჰყვეს – ცოტა ხანში ვიტყვი, რატომ. 
 
მაჟორიტარული სისტემა ყველაზე უფრო გასაგებია ამომრჩევლისთვის, საფუძველს აძლევს უფრო ბუნებრივ, შინაგანად დემოკრატიულ და მყარ პარტიებს, უზრუნველყოფს ქვეყნის ყველა ნაწილის წარმომადგენლობას და აადვილებს მყარი საპარლამენტო უმრავლესობების შექმნას.
პროპორციული სისტემა, ჩვენს პირობებში მაინც, გაცილებით უარესია. მან ხელი შეუწყო საქართველოში ავტორიტარული, კორუმპირებული და პერსონალისტური პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. ის საშუალებას აძლევს თბილისში მცხოვრებ ლიდერთა მცირე ჯგუფს, აკონტროლოს პარტიული სიები, მაშასადამე, ქვეყნის მასშტაბით, მთლიანად პოლიტიკური კლასი. ნებისმიერი ავანტიურისტი, რომელსაც, „ცნობადი სახის” თუ ფულის ტომრის წყალობით, ამომრჩევლის ხუთი პროცენტის მიმხრობის იმედი ექნება, ვისაც უნდა, იმას ჩაწერს თავის სიაში: ნათესავს, მეგობარს, საყვარელს, ან იმას, ვინც მეტ ფულს მისცემს. 
 
ეს სისტემა გამართლებულია, თუ მთავარი პარტიები მეტ-ნაკლებად მყარად არიან დაკავშირებული კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებთან, რომელთაც გამოკვეთილი იდენტობა ან ღირებულებები აერთიანებს – ამ უკანასკნელთა პროპორციული წარმომადგენლობა პარლამენტში, შეიძლება, დემოკრატიისთვის არსებითი იყოს. მაგრამ იქ, სადაც ასეთი კავშირები პარტიებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის, როგორც წესი, არ არსებობს, ხოლო შიდაპარტიული დემოკრატიის დონე ნულს უახლოვდება, პროპორციულ სისტემას გამართლება არა აქვს. 
 
ჩვენთან პოპულარული არგუმენტი ისაა, რომ პარტიული სიებით მეტი „კარგი ტიპი” გადის პარლამენტში. პოპულარული „ლოკომოტივები” ერთ-ორ კომპეტენტურ ადამიანს მაინც გაათრევენ თავიანთი სიებით. როცა ქვეყნის პოლიტიკურ პრობლემებში გარკვეული ადამიანი პარლამენტში სანთლით საძებარი ხდება (ამ მხრივ ხელისუფლებას და ოპოზიციას არ ვყოფ), ეს არგუმენტი იოლად უგულებელსაყოფი არ არის. მაგრამ ამას თუ ვამბობთ, ვგულისხმობთ, რომ ხალხი ბნელია და ჭკვიან ადამიანებს არ აირჩევს. შეიძლება, არც მთლად უმაგისობა იყოს. მაგრამ მაშინ თემა გვაქვს შესაცვლელი: საერთოდ გვინდა კი, დემოკრატია? ეგებ ევროსაბჭოს დავანიშნინოთ კარგი ტიპებისგან შემდგარი და პოლიტიკურად დაბალანსებული საკანონმდებლო ორგანო? 
 
ორი სისტემის კომბინაცია (ანუ ის, რაც დღეს გვაქვს) თითოეული მათგანის ნეგატიურ მხარეებს აძლიერებს. მცირე გამონაკლისის გარდა, პოლიტიკურად კომპეტენტური კანდიდატები მთელ ყურადღებას პროპორციულ არჩევნებს უთმობენ, მაჟორიტარებად კი უმეტესად მხოლოდ ინდივიდუალური სტატუსით დაინტერესებული ადამიანები გადიან, ვისაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ორგანიზებული უმრავლესობის მიერ იოლად მართვადი ხდებიან. 
 
ესე იგი, რა ვქნათ? ჩემი პირადი პრეფერენცია „სუფთა” მაჟორიტარული (ანუ ერთმანდატიანი) სისტემის მიმართ საკმაოდ ნათლად გამოვხატე. თუ მთელი პარლამენტი ამ სისტემაზე გადავა, შესაძლებლობა გვექნება ერთმანეთთან დავაახლოოთ საარჩევნო ოლქების ზომებიც, რაც დღევანდელი სისტემის ერთ-ერთი პრობლემაა. მაგრამ დღეს ეს, როგორც ჩანს, სრულიად არარეალისტური წინადადებაა, რადგან არც ერთ პარტიას (სახელისუფლებოს ჩათვლით) ეს იდეა არ მოსწონს: ლიდერებს საკუთარ პარტიებზე კონტროლი არ ეთმობათ. თუ რატომღაც ხელისუფლებამ მას მხარი დაუჭირა, ეს კიდევ უფრო გააუარესებს მის ურთიერთობას ოპოზიციასთან, რაც პოლიტიკურ ვითარებას გაამწვავებს. მეორე მხრივ, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში სუფთა მაჟორიტარული სისტემა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის ერთი პარტიის დომინირებას, რაც ასევე არასასურველი იქნებოდა (არა მგონია, საჭირო იყოს დასაბუთება, თუ რატომ). 
 
შედარებით ნაკლებად ცუდი კომპრომისი, ჩემი აზრით, შეიძლება მთელი პარლამენტის რეგიონული პარტიული სიების პრინციპით არჩევა იყოს. რაღაც ზომით, პროპორციული სისტემის ზემოხსენებული ნაკლოვანებები ნარჩუნდება, მაგრამ თბილისის პარტიული ოლიგარქია იძულებული იქნება, ქვეყნის რეგიონებსაც გაუწიოს ანგარიში და, სულ მცირე, მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითაროს თავისი პარტიების ორგანიზაციები. ვინც ამას ვერ შეძლებს, თამაშიდან გავა – რაც აგრეთვე კარგია. მკვეთრად შემცირდება იმის ალბათობა, რომ რომელიმე რაიონი წარმომადგენლის გარეშე დარჩება, რაც მმართველ პარტიას დღეს მოაქვს არგუმენტად (თუ ერთ ან ორ პატარა რაიონს რომელიმე არჩევნებზე ეს მართლაც მოუვა, ამით ქვეყანა არ დაიქცევა). ოპოზიციასაც არ უნდა ჰქონდეს რეალური არგუმენტი ასეთი სისტემის წინააღმდეგ: გაცილებით ძნელი დასაცავია მათი დღევანდელი წინადადება, რაც ორნაირი პარტიული სიების კომბინირებას გულისხმობს.

კომენტარები