საქართველო ევროშესარჩევებში

ჩვენი ეროვნული ნაკრები მეხუთედ მონაწილეობს კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში. ამ წერილში წინა შესარჩევ ციკლებს გავიხსენებთ.

ევრო 1996 
1993 წლის მიწურულს უეფამ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დაუშვა, 1994 წლის დასაწყისში კი, ინგლისის ქალაქ მანჩესტერში საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა შედგა და მეტოქეებად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია, ბულგარეთი, უელსი, ალბანეთი და მოლდოვა გვერგო.
 
7 სექტემბერს, თბილისში, მოლდოვასთან მატჩში ყველა 3 ქულას ველოდით, 4-5 ბურთით გამარჯვებისაც გვჯეროდა, მაგრამ 3 ქულა კი არა, ერთიც ვერ მოვიპოვეთ: მე-40 წუთზე მოლდოველთა ნახევარმცველმა ოპრიამ შორიდან გაუტანა ირაკლი ზოიძეს და პირველ ოფიციალურ მატჩში გამარჯვება ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა კი არა, ჩვენსავით დებიუტანტმა მოლდოვამ იზეიმა.
 
მოლდოვამ იმ შესარჩევში კიდევ ერთხელ დაგვამარცხა: უკანასკნელ მატჩში, როცა ბულგარეთთან საშინაო მოგებით გულმოცემულებს მათთვის სამაგიეროს გადახდა გვეწადა, კიშინიოვში 2:3 წავაგეთ!
 
ამ ორ სირცხვილს შორის კი საქართველოს ნაკრებმა 5 გამარჯვება იზეიმა: შედეგი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის, სამწუხაროდ, კვლავაც რეკორდად რჩება.
 
ტკბილად მოსაგონარია უელსელების ორჯერ ძლევა: თბილისში ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა 5:0 გაანადგურა მეტოქე, კარდიფში კი გიო ქინქლაძემ ერთადერთი და ულამაზესი გოლი გაუტანა მასპინძლებს. იმ თამაშში სკანდალებით ცნობილმა ვინი ჯონზმა, ვინც წლების შემდეგ ჰოლივუდში წავიდა და მსახიობად მოგვევლინა, მიხეილ ყაველაშვილი ჩაწიხლა...
 
თბილისში ბერტი ფოგთსის გერმანიასთან მატჩს ოფიციალურად 110 ათასი გულშემატკივარი დაესწრო – ეს მთლიანი შესარჩევის რეკორდი იყო. ნიურნბერგში ჩივაძის გუნდი 1:4 განადგურდა, გაზეთმა სარბიელმა კი ამ თამაშისადმი მიძღვნილი წერილი ასე დაასათაურა: „ნიურნბერგის პროცესი – განაჩენი გამოტანილია”.
 
და კიდევ, ის 10 წუთი, როცა ჩვენი გუნდი სტუმრად უგებდა გერმანიას, უბედნიერესი იყო ქართველი ქომაგისათვის: 28-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ ოლივერ კანს გაუტანა.
 
საბოლოო შედეგი: 15 ქულა და მესამე ადგილი
 
ევრო 2000
ნორვეგია, სლოვენია, საბერძნეთი, ლატვია და ალბანეთი – მეტოქეებად ეს გუნდები გვერგო და მთელმა ქვეყანამ ბელგია-ჰოლანდიაში საქართველოს ნაკრების ასპარეზობის ირწმუნა.
 
მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: ნაკრებმა ერთადერთი თამაში მოიგო – პირველივე, შინ ალბანეთთან, მერე კი ყველასთან წააგო, ვისაც ჩვენი დამარცხება არ დაეზარა.
 
28 აპრილს, შინ, ნორვეგიასთან 1:4 განადგურების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი გადადგა და გუნდიც შესარჩევის ბოლომდე ჰოლანდიელმა იოჰან ბოსკამპმა ჩაიბარა – ნაკრების ისტორიაში პირველმა უცხოელმა.
 
გუნდმა ვერც მის ხელში მოიგო – 5 მატჩში ერთადერთი ქულა მოიპოვა, ისიც შინ ლატვიასთან. ბოსკამპმა სხვა რამით დაგვამახსოვრა თავი: ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებით და ფრთიანი ფრაზით: „ჯორჯიან მენტალიტეტ – დებილ!”. ჰოლანდიელის გულისწყრომა კი (გვერწმუნეთ, რბილად ნათქვამია) ნაკრების ფორვარდის, ზაზა ჯანაშიას საქციელს მოჰყვა, რომელიც გუნდის შეკრებაზე მოსკოვიდან თბილისში თვითმფრინავის ნაცვლად ახალი მანქანით გამოემგზავრა.
 
საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ მყვირალა ჰოლანდიელმა, რა გასაკვირია და, საქართველო დატოვა. სხვათა შორის, ნაკრების პარალელურად მან თბილისის დინამოშიც მოასწრო მუშაობა, თუმცა სასწაული არც კლუბში მოუხდენია.
 
საბოლოო შედეგი: 5 ქულა და ბოლო, მეექვსე ადგილი
 
ევრო 2004
შვეიცარია, ირლანდია, რუსეთი და კიდევ ერთხელ ალბანეთი. ამჯერად ჩვენი მეტოქეები ეს გუნდები იყვნენ.
 
ნაკრებმა, რომლის სათავეშიც ისევ ალექსანდრე ჩივაძე იდგა, მორიგი ევროშესარჩევი კვლავ მარცხით დაიწყო: 1:4 შვეიცარიაში.
12 ოქტომბერს შესანიშნავ ფორმაში მყოფ რუსეთს ვმასპინძლობდით ვაკეში და ჩვენდა ბედად, შესვენებისას სტადიონზე შუქი ჩაქრა. თამაში ჩაიშალა, გადათამაშება კი 30 აპრილისთვის დაინიშნა. იქამდე საქართველოს ნაკრებმა შინ ირლანდიასთან წაგება და შვეიცარიასთან ქულის მოპოვება მოახერხა, თუმცა საწყენი ისაა, რომ კუნძულელებთან მატჩში ქომაგმა ერთ-ერთ ირლანდიელს დანა გაარტყა და უეფამაც რუსეთთან თამაშის ცარიელ სტადიონზე ჩატარება ბრძანა.
 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი თავკაცი მერაბ ჟორდანია რამდენჯერმე შეხვდა ევროფეხბურთის მმართველებს და საბოლოოდ, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, 11 ათასი ბილეთის გაყიდვის უფლებაც მიიღო. რუსეთის საფეხბურთო კავშირი, თავის მხრივ, მატჩის ნეიტრალურ ქვეყანაში გამართვას ითხოვდა...
 
ნაკრებიდან წასული ჩივაძის თანამდებობა დინამოს ხორვატ მწვრთნელ ივო შუშაკს ეკავა და საქართველომაც ისტორიაში ყველაზე პრინციპული თამაში უცხოელის ხელმძღვანელობით მოიგო: მალხაზ ასათიანმა თავურით ერთადერთი გოლი გაუტანა გიორგი იარცევის გუნდს.
აი, შემოდგომით რა მოხდა, ეს დღემდე გამოცანად რჩება: ეროვნული გუნდი სფფ-ს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ჩაიბარა და საკვალიფიკაციოს ბოლო სამ მატჩში მან უხელმძღვანელა ნაკრებს.
 
შედეგი? შინ ალბანელებთან გამარჯვების შემდეგ ზედიზედ ორი მარცხი ტირანასა და მოსკოვში, ამავდროულად კი სამარცხვინო ცემა-ტყეპა პრეზიდენტ-მწვრთნელსა და ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს, გოგა გახოკიძეს შორის. ეს კადრები ალბანეთიდან პირდაპირი ტელერეპორტაჟისას გულშემატკივარმაც იხილა.
 
საბოლოო შედეგი: 7 ქულა და ბოლო, მეხუთე ადგილი
 
ევრო 2008
მთელი საქართველო დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ევროშესარჩევის დასაწყისს და საამისო მიზეზები ნამდვილად იყო: ჯერ იყო და, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრები გერმანელ კლაუს ტოპმიოლერს ჩააბარა – ჩვენი გუნდის უცხოელ მწვრთნელთაგან ყველაზე გამოცდილს და სახელიანს; ივნისში, გაგანია მსოფლიო ჩემპიონატის დროს ნაკრების ფან-კლუბი გაიხსნა –- ხალხი გაერთიანდა; აგვისტოში ტოპმიოლერის ბიჭებმა ბრწყინვალედ დაიწყეს საკვალიფიკაციო ტურნირი – სტუმრად ფარერის კუნძულებზე 6:0 გაიმარჯვეს...
 
კაცმა რომ თქვას, შემოდგომაზეც ვერ იტყვი აუგს: არც მანამდე და არც მას შემდეგ ჩვენს გუნდს ასეთ სახელიან მეტოქეებთან ზედიზედ არასდროს უთამაშია – ჯერ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი და მეოთხედფინალისტი უკრაინა, მერე მესამეადგილოსანი გერმანია და მსოფლიოს ჩემპიონი იტალია, შემდეგ ამხანაგურები ურუგვაისთან და თურქეთთან...
 
საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ჩვენმა გუნდმა შესარჩევ მატჩებში ვერ ივარგა და ავსტრია-შვეიცარიაში მოხვედრის შანსი, კიდევ ერთხელ, ნაადრევად დაკარგა.
 
2007 წლის 24 მარტს, გლაზგოს ჰემპდენ პარკზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ შოტლანდიასთან 1:2 წააგო და ტოპისაც დიდხანს აღარ უთმინეს: ფარერებთან თბილისში ძლივს მოგებული მატჩის შემდეგ გერმანელი მწვრთნელის კრიტიკა გახშირდა და მიუხედავად იმისა, რომ სფფ ტოპმიოლერის შენარჩუნებას ცდილობდა, ერთი წლის შემდეგ გერმანელმა საქართველო დატოვა.
 
ჩვენმა გუნდმა მართალია ბოლო ადგილს თავი დააღწია – შვიდ გუნდში მეექვსე იყო, მაგრამ ეს პროგრესში ნამდვილად ვერ ჩაითვლება: მაჩანჩალა ფარერის კუნძულების  ნაკრებმა, ვისაც მთელი 10 ქულით ვაჯობეთ, იმ შესარჩევში ყველასთან ყველაფერი დათმო.
საბოლოო შედეგი: 10 ქულა და მეექვსე ადგილი. 

კომენტარები