მცოცავი ოკუპაცია

ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის” სამუშაოები გაააქტიურა. 25 ნოემბერს გორის რაიონის სოფელ დიცში ინციდენტი მოხდა, სადაც მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები, რუსი მესაზღვრეების დაცვის ქვეშ, აზომვით სამუშაოებს ატარებდნენ. ოსური წყაროების ცნობით,  მათთვის ხელის შეშლას ქართული სოფლის ათამდე მცხოვრები შეეცადა – ისინი აცხადებდნენ, რომ ტერიტორია მათ სოფელს ეკუთვნის და სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვდნენ. ამ შემთხვევას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შეესწრნენ. 

მეორე დღეს  მისიამ  ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ადმინისტრაციულ საზღვარზე მარიონეტული რეჟიმის მიერ სადემარკაციო სამუშაოების გამო შეშფოთება გამოთქვა. მისიის განცხადებით, „ეს სამუშაოები არ შეესაბამება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რომელსაც ევროკავშირი მხარს უჭერს”. 
 
ინციდენტს ცხინვალის რეჟიმის ლიდერის სპეცწარმომადგენელი, ბორის ჩოჩიევი გამოეხმაურა, რომელმაც საგანგებო წერილით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს, პიერ მორელს მიმართა. ჩოჩიევი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ამის გამო, მისი თქმით, „შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რაც ამ სამუშაოების ნორმალურად ჩატარებას ხელს უშლის”. კერძოდ, ინციდენტს, რომელსაც ევროკავშირის დამკვირვებლებიც შეესწრნენ, „შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყოლოდა”. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ჩოჩიევმა პიერ მორელს ევროკავშირის დამკვირვებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის „სათანადოდ ინფორმირება” სთხოვა. 
 
თავის მხრივ, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის”  პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ოსური მხარე რუსეთის ФСБ-ს მესაზღვრეების დახმარებით დელიმიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ეს მიმდინარე წლის აპრილში „სახელმწიფო საზღვრის შესახებ” მიღებული კანონის საფუძველზე ხდება. 
 
„სახელმწიფო საზღვრის” დადგენას და მონიშვნას ოსური და რუსული უწყებების წარმომადგენლები სექტემბრის ბოლოს შეუდგნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ხუთ სოფელში ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს. კერძოდ, რუსმა მესაზღვრეებმა  „საზღვრის” მოსანიშნად არმატურის ძელები განათავსეს სოფელ ქვემო ნიქოზის, ზემო ნიქოზის, დიცის, არბოსა და ქორდის ტერიტორიაზე. შსს-ს მონაცემებით, სოფელ ქვემო ნიქოზში 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა, სოფელ დიცში – 3 ოჯახის კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი. სოფელ არბოში კი დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი 5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ხოლო სოფელ ქორდში – ნახევარი ჰექტარი კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი.
 
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ „სახელმწიფო საზღვრის” დადგენისას საბჭოთა ადმინისტრაციული დაყოფით დადგენილი საზღვრებით  ხელმძღვანელობს. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვარი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 21 დეკემბერს, სპეციალური კომისიის დადგენილებით დამტკიცდა. თუმცა, ეს საზღვარი მხოლოდ ერთი საბჭოთა რესპუბლიკის შიგნით ადმინისტრაციული ერთეულების გამიჯვნას ემსახურებოდა და შესაბამისად, სათანადო სიზუსტით არასდროს ყოფილა დადგენილი. 
 
ბორის ჩოჩიევიც აღიარებს, რომ ცხინვალის რეჟიმის ხელთ არსებული მონაცემებით, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბევრი „სადავო მონაკვეთია”. მართალია, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი „დემარკაციის” პროცესში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობას უარყოფს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ამ პროცესის დაწყებაში ცხინვალის მთავრობას „რუსი კოლეგები” დაეხმარნენ. მათ „ურჩიეს” 1984 წლის რუკებით იხელმძღვანელონ. შესაბამისი რუკებიც (და, როგორც ჩანს, მითითებებიც) ცხინვალს სწორედ მოსკოვიდან  მიაწოდეს. 
 
მარტის დასაწყისში ცხინვალმა თბილისს „დემარკაციის” პროცესში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც, რასაკვირველია, უარი მიიღო. ამის შემდეგ მარიონეტული რეჟიმი საზღვრის დადგენის პროცესს ცალმხრივად, რუსული ФСБ-ს დახმარებით შეუდგა. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის „შიდა” საზღვრის სიგრძე 400 კილომეტრს აღწევს. დღეისთვის მის დაცვას 900-მდე რუსი მესაზღვრე უზრუნველყოფს. მარიონეტული რეჟიმი „სახელმწიფო საზღვრის” მთელ გაყოლებაზე სასაზღვრო ბოძების დადგმასა და დაცვის სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. 
 
„სასაზღვრო პრობლემებით” მანიპულირება, როგორც ჩანს, მარიონეტული რეჟიმისათვის და მისი მოსკოველი კურატორებისთვის ოკუპაციის ლეგიტიმაციის კიდევ ერთი საშუალება გახდა – პრობლემების შექმნა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის ქართული მოსახლეობისთვის ცხინვალსა და მოსკოვში თბილისზე დამატებითი ზეწოლის მეთოდად მიიჩნიეს. „დემარკაციის” პროცესში ჩართვას და ამით სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფოებრივი” სტატუსის დადასტურებას საქართველოს ხელისუფლება არასდროს დათანხმდება. საოკუპაციო ძალებს კი ახალ-ახალი ტერიტორიების მიტაცების საფრთხით თბილისის დაშანტაჟების შესაძლებლობა ეძლევა.  
 
დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რუსული ძალების საქართველოში ყოფნის ოფიციალურად ოკუპაციად აღიარებას კრემლი ადმინისტრაციულ საზღვრებზე ბოძების „დარჭობით” პასუხობს. 
 
კიდევ ერთი პრობლემა ცხინვალის რეჟიმმა ახალგორის ქართულ მოსახლეობას შეუქმნა – ნოემბერში მარიონეტულმა ხელისუფლებამ ადგილობრივ მცხოვრებლებს „სამხრეთ ოსეთის” მოქალაქეობის მისაღებად ერთი თვის ვადა მისცა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ოსური პასპორტის არმქონე პირები უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებად ჩაითვლებიან და საზღვრის ყოველი გადაკვეთისას მათ „სახელმწიფო ბაჟის” – 320 რუსული რუბლის გადახდა დაეკისრებათ.

კომენტარები