სპეკულაციები პერევის ირგვლივ

რუსეთის საოკუპაციო ჯარმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დატოვა. 18 სექტემბერს, საღამოს მათ დაცალეს სამორიგეო შენობა და სოფელ ქარძმანში გადავიდნენ. ქარძმანი საქართველოში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაციული ოლქის ფარგლებში მდებარეობს. საქართველოს პოლიციის დანაყოფები და ევროკავშირის დამკვირვებლები პერევში 19 ოქტომბერს გამთენიისას შევიდნენ. განაღმვითი სამუშაოების შემდეგ სოფელმა შედარებით მშვიდობიან რეჟიმში ცხოვრება დაიწყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვმა სცადა პერევის უკანდახევა საქართველოს სრულ დეოკუპაციად გამოეცხადებინა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სოფელ პერევიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანით სარკოზი-მედვედევის თითქოსდა შეუსრულებელი შეთანხმების საკითხი საბოლოოდ დახურულია”.
ჯერ კიდევ პერევის დაცლამდე, ეხო კავკაზა წერდა, რომ პერევის გავლით გზა ოსურ სოფელ ქარძმანისკენ და ოკუპირებული ტერიტორიის ცენტრისკენ გადის. სწორედ ამ გზით სცადეს 2008 წელს ქართულმა პოლიციურმა ნაწილებმა ჯავის სამხედრო ბაზაში შეღწევა. ახალი გზით რუსული საოკუპაციო ჯარი პერევზე გაუვლელად ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით მყოფ ქართულ ე.წ. სასაზღვრო სოფლებს გააკონტროლებს. საჭიროების შემთხვევაში იგი სოფელს ამ გზით წუთებში დაიკავებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთისთვის პერევმა სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა. მანაც სოფლის დატოვება ამ მიზეზის და არა კეთილი ნების გამო გადაწყვიტა. პარალელურად, კრემლმა ამ ფაქტით საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში პოლიტიკური ქულების დაგროვება სცადა.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების დრო და ადგილი. პერევის დატოვების განზრახვის შესახებ განცხადება ჟენევის შეხვედრაზე გაკეთდა. ის ამ მოლაპარაკებების უპერსპექტივობაზე და რუსეთის ხისტ პოზიციაზე მსჯელობის გაბათილებას ისახავდა მიზნად. ამასთან, პერევიდან ჯარების გაყვანა, „დაემთხვა” რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის შეხვედრას საფრანგეთისა და გერმანიის პირველ პირებთან – ნიკოლა სარკოზსა და ანგელა მერკელთან. უნდა ითქვას, რომ ევროპელ პარტნიორებს რუსულმა არგუმენტმა კარგ დროს მიუსწრო. ნიკოლა სარკოზიმ მედვედევს პერევისთვის მადლობა გადაუხადა. აქვე მან ხაზი გაუსვა „სხვა შესათანხმებელი საკითხების” არსებობასაც. საინტერესოა, რომ ამ საკითხებში რუსეთის მიერ გადასადგმელი ნაბიჯების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდაუსხმელობის დამატებითი გარანტიების შექმნაც შედის.
აქვე დადასტურდა ინფორმაცია ნოემბერში რუსეთის ნატოს სამიტზე მიწვევის შესახებ. სამიტზე ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე უნდა იმსჯელონ. ამ სქემაში ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა რუსეთს ევროპის სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრებს. New York Times-ი გერმანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა ლისაბონში შესაძლებელი გახდა მხოლოდ რუსეთის სამხედროების მიერ პერევის ტერიტორიის დატოვების შემდეგ. აქვე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მედვედევს ნატოს სამიტზე უმაღლესი დონის შეხვედრებს გაუმარტივებს.
თუმცა, კრემლის ეს მცდელობა ბოლომდე წარმატებით არ დასრულებულა. რუსეთის ნაბიჯს ევროპელებთან შედარებით აშშ-ში ნაკლები ოპტიმიზმით შეხვდნენ. 18 ოქტომბერს საზოგადოებრივ ორგანიზაცია თანამეგობრობის კლუბში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავ ღიად განიხილავს რუსეთთან საქართველოს ოკუპაციის საკითხს. პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რეგიონში ეუთოს მისიის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს. ამაზე აქცენტი, პერევიდან საოკუპაციო ჯარის გაყვანის კომენტირებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეუთოს მისიის მუშაობა ადგილზე უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის, რაც დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს მიესალმება, თუმცა განცხადებაში საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენებს, რომ რუსეთი ისევ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას. მას ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, სადაც ადამიანების უფლებების დარღვევა გრძელდება. ასობით ათასი დევნილი საკუთარ საცხოვრებელს ვერ უბრუნდება. კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების შესვლასაც უშლის ხელს.

 

 

კომენტარები