ნობელი 2010

ლიუ სიაობო
“ალფრედ ნობელს შემიძლია დინამიტის გამოგონება ვაპატიო, მაგრამ ნობელის პრემიას, მხოლოდ ადამიანის ტყავში გამოწყობილი ბოროტება თუ მოიგონებდა,” – თქვა სოციალისტმა დრამატურგმა, ჟურნალისტმა, კრიტიკოსმა, ოსკაროსანმა და, რაც მთავარია, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯორჯ ბერნარდ შოუმ.
“პიგმალიონის” ავტორის სიტყვები თუ აქამდე არა, დღეს ნამდვილად გულზე მოეფონებოდა ვატიკანს. კათოლიკური ეკლესია შვედი ქიმიკოსისა და ინჟინრის, ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული პრემიის, in vitro განაყოფიერების ბრიტანელი პიონერისთვის გადაცემას აპროტესტებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტ ედვარდსის გამოგონების შედეგად, 1978 წელს პირველი “სინჯარის პირმშო” – ლუიზ ბრაუნი მოევლინა ქვეყანას. დღეისთვის “სინჯარაში ჩასახულთა” რიცხვი ოთხ მილიონს აღწევს.
In vitro განაყოფიერებისას ქალის საკვერცხიდან აღებული კვერცხუჯრედი, სპერმატოზოიდს სინჯარაში ხვდება. უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ქალის სხეულში თავსდება.
“ედვარდსის მიღწევამ უნაყოფობა დაძლია და ამით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შვება მოჰგვარა” – ნათქვამია ნობელის ასამბლეის გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, ბრიტანელ მკვლევარს 1.5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო გადაეცა.
სიცოცხლის პონტიფიკალური აკადემიის პრეზიდენტი, ეპისკოპოსი იგნასიო კარასკო დე პაულა აღიარებს ედვარდსის გამოგონების მნიშვნელობას. თუმცა სასულიერო პირი ხაზს უსვამს იმ მორალურ და სამართლებრივ პრობლემებს, რაც უამრავი ემბრიონის შექმნას უკავშირდება, რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმე ხვდება ქალის სხეულში.
“ედვარდსის გარეშე არ იარსებებდა ადამიანის კვერცხუჯრედის ბაზარი, ედვარდსის გარეშე არ იქნებოდა საშვილოსნოში გადანაცვლების მომლოდინე, ან უფრო ხშირ შემთხვევაში კვლევისთვის გამოყენებული და შემდეგ ყველასგან მივიწყებული და სასიკვდილოდ მიტოვებული ემბრიონებით სავსე საყინულეები… მის გარეშე არც ისეთი ახალშობილები იარსებებდნენ, რომლებიც თავიანთმა ბებიამ და ბაბუამ შობა”, – განაცხადა მან.
პროტესტი კათოლიკური სამედიცინო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამაც გამოთქვა. მათი თქმით, in vitro განაყოფიერებამ უამრავი უნაყოფო მშობელი შვილის ჩუქებით კი გააბედნიერა, მაგრამ ამავდროულად “ადამიანის ღირსება შელახა”, რადგან განაყოფიერების პროცესს ათასობით ემბრიონი შეეწირა.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ედვარდსი იმ ტერიტორიაზე “შეიჭრა”, რომელსაც მანამდე მხოლოდ ღმერთს მიაკუთვნებდნენ – კონტროვერსიალურმა აღმოჩენამ არა მხოლოდ სიცოცხლის შექმნა, არამედ მისით მანიპულირებაც კი გახადა შესაძლებელი. დღეს უნაყოფო მშობლებს, შვილის ყოლასთან ერთად, მისი სქესის, ჯანმრთელობის, ინტელექტის, თმისა და თვალის ფერის განსაზღვრაც კი შეუძლიათ. ის კი არა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სრულიად ჯანმრთელი წყვილი, სუროგატ დედას ეძებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ორსულობასთან დაკავშირებული დისკომფორტი თავიდან აიცილოს. ბევრია ისეთი ქალიც, რომელიც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მზადაა სხვისი ბავშვი ცხრა თვე მუცლით ატაროს.
მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი რეპროდუქციული დილემა აბორტი იყო. 21-ე საუკუნეში აბორტის თემას ედვარდსის აღმოჩენა გაუსწრებს.
ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, მედიცინისა და ფიზიოლოგიის გარდა, ჯილდო გადაეცემათ ადამიანებს, რომელთაც ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურაში და მშვიდობის დამყარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
გამოთქმა „ყველაფერი გენიალური მარტივია” იდეალურად ესადაგება წლევანდელი ფიზიკოსი ნობელიანტების აღმოჩენას. რუსეთიდან ინგლისში გადასახლებულმა ანდრეი გეიმმა და კონსტანტინ ნოვოსელოვმა ტექნოლოგიების განვითარებაში ახალ ეპოქას ჩვეულებრივი წებოვანი ლენტითა და შავი ფანქრით ჩაუყარეს საფუძველი. წებოვანი ლენტის მეშვეობით მათ 2004 წელს მოიპოვეს გრაფენის პირველი ნიმუში – მასალისა, რომელიც, როგორც გაირკვა, ფენებად ედება ქაღალდს ფანქრით ხატვისას. გრაფენი ნახშირბადის განსაკუთრებით თხელი, ერთი ატომის სისქის, თითქმის გამჭვირვალე ფირფიტაა, რომელიც გამძლეობითა და ელექტრული გამტარობით გამოირჩევა. მეცნიერები მას უკავშირებენ გარღვევის შანსს ტექნოლოგიების მთელ სპექტრში. უფრო მჩატე თვითმფრინავები, გაცილებით სწრაფი კომპიუტერები, უკეთესი სატელევიზიო ეკრანები, მძლავრი მობილური ტელეფონები – ეს არასრული სიაა სიკეთეებისა, რომლებიც კაცობრიობას „ფოლადზე ასჯერ გამძლე” გრაფენის აღმოჩენამ შეიძლება მოუტანოს.
გეიმისა და ნოვოსელოვის დაჯილდოების შემდეგ მეცნიერთა გეგმებითა და შეხედულებებით რუსი ჟურნალისტები დაინტერესდნენ. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, გეიმი კატეგორიულად პასუხობს – „გიჟი ხომ არ გგონივართ?”. მისი თქმით, რუსეთის მთავრობის ხმაურიანი პროექტი „სკოლკოვო”, რომელშიც მეცნიერები დაუკითხავად ჩაწერეს, სიურრეალისტური და არაფრის მომცემია. გეიმის აზრით, ფული არაფერს უშველის, თუ სწორი სისტემური ცვლილებები არ მოხდება. „დღეს მილიარდებს ხარჯავენ, ხვალ კი შედეგებს ვერ დაინახავენ და პროექტს დახურავენ”, – ამბობს გეიმი.
ნოვაია გაზეტასთვის მიცემულ ინტერვიუში გეიმი რუსულ მეცნიერებაში დამკვიდრებულ უსამართლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ჯილდოებსა და დიდებას ამ ქვეყანაში ყოველთვის ხელმძღვანელები იღებენ, მაშინ როდესაც ნორმალურ სამეცნიერო გარემოში დოქტორანტი და პროფესორი მკვლევრები თანასწორნი არიან. გეიმის აზრით, პოსტსაბჭოთა რეალობაში საჭიროა ორიენტირება არა წარსულში ცნობილ მეცნიერებზე, არამედ ახალგაზრდებზე. მართალია, თითო-ოროლა გიჟი გენიოსი ნებისმიერ გარემოში აღწევს წარმატებას, მაგრამ მთავარი მაჩვენებელი საშუალო მეცნიერის დონეა.
ქიმიის დარგში წელს პრემია ამერიკელმა რიჩარდ ჰეკმა, იაპონელმა აკირა სუზუკიმ და იაპონური წარმოშობის ეი-იჩი ნეგიშიმ დაიმსახურეს. გეიმისა და ნოვოსელოვის აღმოჩენის მსგავსად, მათი ღვაწლიც ნახშირბადს უკავშირდება: 60-იან და 70-იან წლებში ლითონ პალადიუმის გამოყენებით მათ უნიკალური რეაქციები გამოიკვლიეს და ახალი ნახშირბადული სტრუქტურები შექმნეს. ჰეკის რეაქციად წოდებული პროცესის გამოყენებით შეიქმნა ტკივილგამაყუჩებელი მორფინი, სარეველების გამანადგურებელი პროსულფორონი, ათეულობით სტეროიდი, შხამი სტრიქნინი და მრავალი სხვა ქიმიკატი. სამეულის აღმოჩენებს უნდა ვუმადლოდეთ ჰერპესთან, კიბოსთან და შიდსთან საბრძოლველი თანამედროვე მედიკამენტების არსებობასაც. ზოგიერთი შეფასებით, თანამედროვე ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ყოველი მეოთხე ქიმიური რეაქცია მათ მეთოდებს ეყრდნობა.
ქიმიკოსთა კვლევებმა არამხოლოდ მედიცინას დააჩნია კვალი. გრაფენის მსგავსად, მათი ნახშირბადული სტრუქტურები ულტრათხელი მონიტორების შესაქმნელად აღმოჩნდა გამოსადეგი.
მსოფლიო კრიტიკოსთა წრეებში ამბობენ, რომ ის ყველაზე ღირსეულია, ვისაც ბოლო წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს. აქამდე ხუმრობდნენ კიდეც, რომ ზოგჯერ ლაურეატი მწერლის სახელის გახსენება მის გამომცემელსაც კი უჭირდა.
ლიოსას ამბავი ტელეფონით შეატყობინეს. ძალიან გაუხარდა, თუმცა ეგონა, რომ გაეხუმრნენ. „წლებია ჩემს სახელს აღარ ახსენებენ”, – ამბობს 74 წლის მწერალი. რა გასაკვირია მისი გაოცება – ამ ჯილდოს ხომ, როგორც წესი, ანტიამერიკანიზმისა და ანტიკაპიტალიზმის, ანაც პათოლოგიურ ვნებათა მადიდებელნი იღებენ.
შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა განაცხადა, რომ ეს არის ავტორი, რომლის უმთავრესი მიზანი ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა და პიროვნების თავისუფლებისკენ სწრაფვაა.
ლიოსა პერუელი პროზაიკოსია. იგი მსოფლიო მოდერნიზმის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება. საყოველთაოდ ცნობილია მისი რომანები: „დეიდა ხულია და მოკალმე”, „ომი და სამყაროს დასასრული”, „საუბარი ტაძარში”, „ქალაქი და ძაღლები”. მწერალი კომპოზიციების და დიალოგების უბადლო ოსტატია, მისი თხრობის სტილს კი ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალად მიიჩნევენ. 1995 წელს მან სერვანტესის პრემია მიიღო, ნობელის პრემიაზე კი აქამდეც არაერთხელ გახლდათ წარდგენილი.
მაგრამ პროზაიკოსის ასპარეზი მარტო ლიტერატურის სფეროთი არ შემოიფარგლება. 1990 წელს ის პერუს პრეზიდენტობის კანდიდატიც კი იყო, მაგრამ ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა. თავიდან მისი პოლიტიკური შეხედულებები, მსგავსად სხვა ლათინო-ამერიკელი მწერლებისა, მკვეთრად მემარცხენე ხასიათით გამოირჩეოდა. თუმცა დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით სამოცდაათიან წლებში, ლიოსამ ერთგვარი ევოლუცია განიცადა. მისთვის მთავარი არა სოციალისტური იდეები, არამედ ადამიანის უფლებები გახდა. ამ ცვლილებების გამო მას თავის დროზე გაბრიელ გარსია მარკესთან გახმაურებული კონფლიქტი მოუვიდა. 2009 წელს, ერთ-ერთ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კუბა და ჩინეთი უტოპიური სოციალიზმის გზას ადგანან, მალე მათ ალბათ ვენესუელაც შეუერთდება. ლიოსას პოლიტიკური გზა ძალიან მიაგავს ამერიკელ ნეოკონსერვატორთა ბიოგრაფიას. ისინიც თავდაპირველად ტროცკის იდეებს იზიარებდნენ და თანდათან ეზიარნენ მემარჯვენე ღირებულებებს.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია „ჩინეთში მიმდინარე ადამიანის უფლებებისთვის ფართომასშტაბიანი ბრძოლის სიმბოლოს”, დისიდენტ ლიუ სიაობოს მიანიჭეს. სიაობო გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს და 11 წელი მიუსაჯეს. ის ქარტია 08-ს ერთ-ერთი შემქმნელია, აღნიშნული ქარტია ვაცლავ ჰაველის ჩეხოსლოვაკური ქარტია 77-ის მსგავსად კომუნისტური რეჟიმის დემოკრატიულით შეცვლას ისახავდა მიზნად. მთავარ მოთხოვნებს შორის პარტიის ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა, ხელისუფლების შტოების ერთმანეთისგან გამიჯვნა, დამოუკიდებელი სასამართლოს და ადამიანის უფლებების გარანტიების შექმნა იყო. ქარტიას ხელი 8600-მა ადამიანმა მოაწერა. ლიუ სიაობო 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე გამართულ აქციებშიც მონაწილეობდა.
ჩინეთის მთავრობამ დაგმო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სიაობოსთვის გადაცემის ფაქტი. ის პირველი ჩინელია, თუ დალაი ლამას არ ჩავთვლით, რომელმაც ნობელის პრემია აიღო. ჩინეთი ნორვეგიასთან ურთიერთობების გაუარესებითაც დაიმუქრა.
ლიუ სიაობოსთვის ნობელის პრემიის გადაცემას მშვიდობის დარგის სხვა ლაურეატები ითხოვდნენ: არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ სამხრეთ აფრიკიდან, დალაი ლამა და ჩეხი პოლიტიკოსი ვაცლავ ჰაველი. მათ სიაობოს მეუღლემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. წინა წლის მშვიდობის დარგის ლაურეატმა, პრეზიდენტმა ობამამ ჩინეთის მთავრობას სიაობოს გათავისუფლება მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ ობამა მშვიდობის ნობელის პრემიის კიდევ ერთ ლაურეატთან, დალაი ლამასთან შეხვედრაზე დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდა უარს. თეთრ სახლში მისი მიწვევის შემდეგ კი, სულიერი ლიდერი უკანა კარიდან გაუშვა.

კომენტარები