წითელი ხალიჩა, ფოტოგრაფები, დადგმული შოუპროგრამა და 6 ათასი მსმენელი

პორნო პოეზია
შარშანდელი Tbilisi/altervision/newcomers წარმატებული 12 ჯგუფისთვის აღმოჩნდა, მაგრამ წლის ბოლოს მხოლოდ ოთხი გამარჯვებული დასახელდა. ტრიუმფატორები წლეულსაც გამოჩნდებიან სცენაზე და 30 ოქტომბერს თქვენთვის ერთხელაც იმღერებენ. ტაბულა შარშანდელ გამარჯვებულებს გაესაუბრა და იმის გარკვევა სცადა, თუ რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში. 

პორნო პოეზია
ვოკალი – თორნიკე ქარჩხაძე (ქარჩხა)
სოლო გიტარა – თორნიკე მარგველაშვილი (გარი)
ბასი – გიორგი სიბაშვილი (სიბა)
დრამი – პაპუნა ჟამიერაშვილი (პეპე)
კლავიში – სულხან წულუკიძე
www.myspace.com/pornopoezia
ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო. მეგობრებმა ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს და სახელიც „დამაინტრიგებელი” შეურჩიეს – პორნო პოეზია. ამ ხნის განმავლობაში შემადგენლობა, ვოკალის და ბასის გარდა, რამდენჯერმე შეიცვალა.

რა შეიცვალა პორნო პოეზიისთვის ერთი წლის მანძილზე?

გარი: ჯგუფმა მოიპოვა აღიარება, ჩვენც უფრო მოტივირებულები გავხდით, გვაქვს საკუთარი აპარატურა, რომელიც ზაფხულში შევიძინეთ და გავხალისდით. პასუხისმგებლობა გვაქვს უფრო დიდი. არაერთი ჟურნალისტი იღებს ჩვენგან ინტერვიუს, რადიოებში გვიწვევენ. მაგრამ ალბათ მარტო ამ პროექტს არ გამოუწვევია ჩვენი წარმატება, უკვე გვაქვს ორი ვიდეო და მიზეზი ესეცაა.
პეპე: რაც შეეხება პოპულარობას, საკმარისად პოპულარულები ჯერჯერობით მაინც არ ვართ. ერთხელ ჟურნალისტი ჩვენზე სიუჟეტს ამზადებდა, მოვიდა სარეპეტიციოში და გვკითხა ჯგუფის სახელი. როდესაც გაიგო, რომ პორნო პოეზია გვერქვა, ჩათვალა, ლექსები უნდა წაგვეკითხა.

აპირებს პორნო პოეზია საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას?

ჯერ აქ უნდა მივაღწიოთ წარმატებას. ჩვენი მიზანი და ამბიცია იყო, ქართული მუსიკალური სფეროს განვითარებაში რაღაც ახალი გვეთქვა. როდესაც ხალხს ესმის პორნო პოეზია, იციან, რომ განსხვავებული ჯგუფი ვართ და ჩვენგან შოუს ელიან. იციან, რაღაც განსაკუთრებულს გავაკეთებთ და თავს დავამახსოვრებთ.

The Forest
ბაჩი თომაძე
თაზო ლიპარტელიანი
www.soundcloud.com/the-forest
ელექტრონულ-მუსიკალური პროექტი The Forest ბაჩიმ შექმნა, თაზო კი ცალკე სოლო პროექტებზე მუშაობდა. მეგობრობამ და ინტერესების თანხვედრამ ორივე იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საერთო საქმე ერთად კარგად გამოსდიოდათ. მუსიკალური გამოცდილება ორივეს დიდი აქვს, მაგრამ Tbilisi/Altervision/newcomers-ში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტეს.
თაზო: გვინდოდა ბედი გვეცადა, იმედი გვქონდა, რომ კარგად ჩაივლიდა ყველაფერი და მართლაც ასე მოხდა. ძირითადად სახლში ვემზადებოდით. არ გვაქვს ისეთი მუსიკა, სადაც ბევრი ინსტრუმენტია საჭირო. შეგვიძლია შინვე ვიმუშაოთ კომპაქტურად და ასე შევქმნათ მუსიკა.

რა იყო განსხვავებული კონკრეტულ პროექტში მონაწილეობისას?

ჩვენზე არაერთი იმიჯმეიკერი, ფოტოგრაფი და საერთოდ უამრავი ადამიანი მუშაობდა. Altervision-მა შეგვიქმნა პირობები, სადაც თავს შესანიშნავად ვგრძნობდით.
თუ ადრე კონცერტზე გამოსვლისას აპარატურა ჩვენ უნდა მიგვეტანა, ახლა ასე აღარაა. ვაკეთებთ იმას, რაც მუსიკოსის ვალდებულებაა. გამოდიხარ და უკრავ, აკეთებ კარგ ლაივ-პერფორმანსს, იღებ ჰონორარს და მიდიხარ.

Ketrine & Me
ვოკალი, კლავიში – ეკა ამირეჯიბი
ბასი – ირაკლი კახიშვილი
დრამი – დიმა ოგანესიანი
გიტარა – ზურა ლანჩავა
Ketrine ეკა ამირეჯიბია, ხოლო Me ირაკლი კახიშვილი. ერთმანეთი სამი წლის წინ გაიცნეს და ეკას ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს ჯგუფის შექმნა. თავდაპირველად მხოლოდ აკუსტიკური გიტარის თანხლებით მღეროდნენ, შემდეგ ჯგუფს წევრები შეემატა. საბოლოო შემადგენლობით Ketrine & Me წელიწად-ნახევარია არსებობს.
ირაკლი: ამ ერთი წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. სცენაზე ყოფნის სტაჟი მანამდეც გვქონდა, მაგრამ როდესაც გამარჯვებულად დაგვასახელეს, ძალიან გაგვიხარდა. მაგარი შეგრძნებაა, როდესაც გეუბნებიან „იცით, თქვენ გაიმარჯვეთ”.
ეკა: იმ უძრაობის პერიოდში, როდესაც ქართულ მუსიკალურ სამყაროში არაფერი ხდება, შარშან ეს ნამდვილი გამონათება და დიდი სტიმული იყო ყველა მონაწილე ჯგუფისთვის. Altervision/newcomers-მა სისტემატიური სახე მიიღო, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
როგორ აგრძელებს თქვენი ჯგუფი მოღვაწეობას?

ეკა: საქართველოში ჯგუფი კბილებით გიჭირავს. ძალიან ხანგრძლივი და რთული გზაა გასავლელი, ვიდრე შენთვის სასურველთან მიახლოებულ მუსიკას გააკეთებ. ამისთვის უამრავი რამ არის საჭირო, თუნდაც ნორმალური სარეპეტიციო. ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ძალიან ბევრ ქართულ ბენდს უწევს ასეთ რთულ პირობებში მუშაობა.
მუსიკოსები სამსახურის შემდეგ იკრიბებიან, მუშაობენ, ქმნიან მუსიკას და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი სამსახურსაც დაანებებდა თავს, მუსიკით არსებობა რომ შეეძლოს. კარგია, Altervision-ის გარდა რამე სხვა მსგავსი პროექტებიც თუ იქნება.

Me and My Monkey
გაჩა ბაქრაძე
სანდრო ჩინჩალაძე (ტეტე)
www.meandmymonkey.net
ტეტემ და გაჩამ ჯგუფი 2008 წელს შექმნეს. Altervision/newcomers-ში მონაწილეობის მიღება ინტერესის გამო გადაწყვიტეს – „ტრეკი გადავაგზავნეთ და დაგვიბარეს”.
ჯგუფისთვის გასული ერთი წელი დატვირთული და წარმატებული იყო.
„არის ასეთი ლეიბლი UKW Records – Zombie Nation. ინტერნეტში ვნახეთ, რომ კონკურსი ჰქონდათ გამოცხადებული, მივიღეთ მონაწილეობა, გავიმარჯვეთ და ჩვენი ერთი ტრეკი გერმანიაში გამოვიდა”.
ტეტე და გაჩა ამბობენ, რომ Altervision-მა მათ მოტივაცია შემატა. კონკურსში მონაწილეობამდე პატარა კლუბებში უკრავდნენ, სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე კი მელომანებმა Me and My Monkey უკეთ გაიცნეს.
„ჩვენ სულ ვმუშაობთ და განვითარების პროცესში ვართ”. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი, რომ 2009 წლის შემდეგ ჯგუფმა ამდენს მიაღწია. სამომავლო გეგმებიც ბევრი აქვთ. ამბობენ, რომ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა და ეს მხოლოდ Altervision-ის მეშვეობით არ მომხდარა – თუ საკუთარ თავზე არ იმუშავე და არ განვითარდი, მსმენელსაც დაკარგავ.

 

კომენტარები