საიდან ვიცით ის, რაც ვიცით?!

დღევანდელ სვეტში ერთ დელიკატურ თემას უნდა შევეხო და დავსვა შეკითხვა: საიდან მოდის ჩვენი ცოდნა?! – სრულად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ ჩემი შეკითხვა წაურიტორიკულებს, ამიტომ იხტიბარს მაინც არ გავიტეხ და ცოტა სხვანაირად ვიკითხავ: სად არის გარანტია იმისა, რომ ის, რაც ვიცით, ნამდვილად ვიცით? მოდით ამ შეკითხვის ირგვლივ რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ.

მარტივი შეკითხვით დავიწყოთ: რატომ იწერენ მართლმადიდებლები პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ და კათოლიკეები – პირიქით? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად ინტერნეტ-არქივები, წმინდა წერილები და ფორუმები ამოვაბრუნე და მრავალ ვერსიას გავეცანი. ერთ-ერთი ვერსიათაგანი კი, რომელიც მე ყველაზე ლოგიკურად და დასაბუთებულად მეჩვენება, შემდეგნაირად ჟღერს:

ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა “სული” უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში – პირიქით, ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, შესაბამისად, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ჯერ ან მარცხნივ, ან მარჯვნივ. ვინაიდან ეს განსხვავება მკვეთრად ლათინურ და ბერძნულ ენებშია გამოხატული, ამიტომ ამ ორი ენის მაგალითი განვიხილოთ:

ლათინურად: in nomine Patris, et Filii, et Spiritus Sancti

ბერძნულად: εἰς τὸ ὄνομα τοῦ Πατρὸς καὶ τοῦ Υἱοῦ καὶ τοῦ Ἁγίου Πνεύματος

ლათინურ ვარიანტში ზედსართავი სახელი Sancti (წმინდა) არსებითი სახელის, Spiritus (სული) შემდეგაა, ბერძნულში კი – პირიქითაა, ჯერ “ჰაგიოა” (წმინდა) და შემდეგ “პნევმატოს” (სული). ამგვარად, იმ ეკლესიებში, სადაც ღვთისმსახურება ბერძნულად სრულდება, პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ იწერენ, და იქ კი, სადაც ლათინურ ენაზეა – მარცხნიდან მარჯვნივ. ლათინურ და ბერძნულ ენებს შორის განსხვავება კი საბოლოოდ კათოლიციზმზე და მართლმადიდებლობაზე აისახა.

ყველაფერ ზემოხსენებულთან დაკავშირებით სულ ორი წყარო ვიპოვე: 1) ერთ-ერთ ფორუმზე კონკრეტული მომხმარებლის პოსტი, რომელიც თბილისის სურბ-გევორქის ეკლესიის მოძღვრის, მამა აბგარის მოსაზრებას ეყრდნობა; 2) ინგლისურ ვიკიპედიაში სტატია “Sign of the Cross”, სადაც წყაროდ ბერძნულ კატეხიზმოს იშველიებენ.

უფრო ღრმად ჩაძიების საშუალებას ინტერნეტი აღარ იძლევა, თუმცა, რომ მივაკითხო მამა აბგარს სურბ-გევორქის ეკლესიაში (იმედია ცოცხალი დამხვდება) და წყარო მოვთხოვო, დარწმუნებული ვარ, რომ რომელიმე ძველ წიგნზე მიმითითებს, სადაც ასევე ვიღაცის სიტყვები იქნება მოტანილი აზრის გასამყარებლად. ვიკიპედიის წყაროს შემთხვევაშიც მსგავსი სურათი იქნება: რომელიმე წმინდა მამის წიგნი იქნება მოტანილი სქოლიოში, იმ წმინდა მამასთან სხვა წმინდა მამის წიგნი და ა.შ.

ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ირკვევა, რომ ის, რაც ვიცით, შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ, ვინაიდან გადამოწმებას არ ექვემდებარება. ჩვენ გარშემო არსებული ინფორმაცია კი უმეტესწილად ასეთი გადაუმოწმებელი ხასიათისაა. წყაროს წყაროს წყაროს ჯაჭვის ბოლოში კი საბოლოოდ რომელიმე წმინდა მამას, ან საყოველთაოდ აღიარებულ ავტორიტეტს ვადგებით, რომელსაც უსათუოდ უნდა დავუჯეროთ, შვებით ამოვისუნთქოთ და ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულად გამოვაცხადოთ – სხვა არაფერი დაგვრჩენია!

მოდით, მეორე შეკითხვა დავსვათ: ვინ წარმოთქვა პირველმა სიტყვები “ის მაინც ბრუნავს”? – ამ შეკითხვაზე პასუხის გამცემები ორ ბანაკად დაიყოფიან, პირველები გალილეო გალილეის დაასახელებენ და მეორენი კი – ჯორდანო ბრუნოს. საინტერესო ის არის, რომ არც ჯორდანო ბრუნოს წარმოუთქვამს ეს ფრაზა რომში ყვავილების მოედანზე 1600 წლის 17 თებერვალს, როდესაც მის გარშემო მოგროვილი ფიჩხი აგიზგიზდა და არც დაუძლურებულ გალილეოს უთქვამს Eppur si muove (ის მაინც ბრუნავს) 1633 წელს იმ ავადსახსენებელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მას ინკვიზიტორებმა მოუწყვეს.

თქვენ შეიძლება მხრები აიჩეჩოთ, არ დამიჯეროთ (ისევ დაჯერება!) და მრავალი წერილობითი, თუ ზეპირსიტყვიერი წყარო გაიხსენოთ, სადაც ეს ფრაზა ან ერთ და ან მეორე იტალიელს მიეწერება. საინტერესო კი ის არის, რომ ეს სიტყვები არ გვხვდება გალილეის უშუალო მოწაფის, ვინჩენცო ვივიანის ვრცელ ბიოგრაფიაში. სხვა მოწაფენიც დუმან ამის შესახებ. პირველად კი ის გამოქვეყნდა ფრანგულენოვან კრებულში Querelles Littéraires (ლიტერატურული კამათები) 1761 წელს. გაითვალისწინეთ, გალილეის სიკვდილიდან დაახლოებით ასოცი წელი არავინ იხსენიებს ამ ფრაზას და პირველად ფრანგულენოვან წყაროში ვკითხულობთ! ახლა, როგორღა ვირწმუნოთ, რომ ეს ფრაზა გალილეიმ წარმოთქვა და არა რომელიმე ფრანგმა მწიგნობარმა, რომელმაც ლამაზი ლეგენდა შეთითხნა და ორიოდე სუ იშოვა, მიაწერა რა გალილეის საკუთარი სიტყვები?!

ასე სამარის კარამდე ჩაძიება ნებისმიერ “აღიარებულ” ფაქტზე შეიძლება: დაეცა თუ არა ნიუტონს ვაშლი, იყვირა თუ არა “ევრიკა” არქიმედემ, იხსნეს თუ არა რომი ბატებმა, იყო თუ არა ლეონარდო და ვინჩი ჰომოსექსუალი, იბრძოდა თუ არა სერვანტესი ლეპანტოს ბრძოლაში, იყო თუ არა ფრენსის ბეკონი შექსპირის ტრაგედიების ავტორი და ა.შ. მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, ამიტომ მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვაღიაროთ, რომ – ის, რაც ვიცით, სინამდვილეში გვჯერა, რომ ვიცით. ჩვენი ცოდნა დაჯერებების ვრცელი კრებულია და რომ არ დავიჯეროთ, სხვა გზა არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ჩვენს ცხოვრებას წყაროს წყაროს წყაროს წყაროს გადამოწმებას მოვანდომებთ.

კომენტარები