უთავო მამლები

1978 წელს, ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ (ზედიზედ გამოტოვებული დიდი ტურნირები), საფრანგეთში ფეხბურთის განვითარების ოცწლიანი პროგრამა ამუშავდა, 1998 წელს კი, ზუსტად ოც წელიწადში, საფრანგეთის ეროვნული გუნდი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ანუ პროგრამა გეგმის მიხედვით შესრულდა.

მაშინ, 98-ში, ფრანგმა დოკუმენტალისტებმა ძალიან საინტერესო ფილმი გადაიღეს - გუნდს მთელი ტურნირის განმავლობაში დაჰყვებოდა ოპერატორი და იღებდა ყველაფერს. თითქმის ყველაფერს. და აი, ერთი საინტერესო კადრი ამ ფილმიდან: 12 ივლისი, საფრანგეთის ნაკრების გასახდელი, ბრაზილიასთან ფინალამდე წუთებია დარჩენილი. ემე ჟაკე, ფრანგების მწვრთნელი, რომელიც საათ-ნახევარში თავისი ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება და ფეხბურთს გამოემშვიდობება, გუნდს ბოლო დარიგებებს აძლევს. უცებ ზინედინ ზიდანი ცალკე გაჰყავს. კამერა ჟაკეს ოქროს სიტყვებს იწერს: „კარგად დაიმახსოვრე: კუთხურის დროს ახლო ძელთან ან რობერტო კარლოსი იდგება, ან ლეონარდო. იქ ჩაგაწვდიან და თავით შეაგდებ.” ზიდანმა შეაგდო. თავით. თან ორი. ძელთან კარლოსი იდგა. პერსონალურად ლეონარდო იყვანდა...

დიდი მწვრთნელისა და დიდი ფეხბურთელის თანამშრომლობამ ფრანგებს ადრეც მოუტანა წარმატება: მიშელ იდალგოს მიერ შექმნილი ძალიან სექსუალური ნაკრები მისმა სეხნია პლატინიმ, დღეს უეფას პრეზიდენტმა, 84-ში ევროპის ჩემპიონობამდე მიიყვანა.

დღეს ფრანგებს აღარც იდალგო ჰყავთ და აღარც პლატინი.

დღეს ფრანგებს აღარც ჟაკე ჰყავთ და აღარც ზიდანი.

ეს უკვე უზარმაზარი პრობლემაა. არა მარტო წმინდა სპორტული, არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც, რადგან ბოლო სამი დეკადის ფრანგული სანაკრებო კულტურა ბელადის, გადამრჩენელის, სასწაულმოქმედის ფენომენზეა აგებული და ზემოხსენებული პატივცემული სტრატეგებიც სწორედ მათ გარშემო აწყობდნენ ტაქტიკას. გამონაკლისი იყო 2006 წელი, როცა საეჭვო გაქანების რაიმონ დომენეკის გუნდი ფინალამდე მივიდა, მაგრამ ამბობენ, რომ მაშინ რეალურად გუნდს მართავდა არა დომენეკი, არამედ თავად ბელადი ზიდანი, პატრიკ ვიეირასთან და კლოდ მაკელელესთან ერთად.
რისი იმედი უნდა ჰქონდეთ „მამლებს” და მათ მილიონობით ქომაგს ამ სიტუაციაში, როცა წარმატების ფორმულაში ჯაჭვის ორივე რგოლი გაწყვეტილია? დომენეკი კვლავ თანამდებობაზეა, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე რთული შესარჩევი ჯგუფიდან ნაკრები ჯერ ფლეი-ოფში ძლივს გავიდა და იქაც ფეხბურთში არა, მაგრამ ხელბურთში აჯობა ირლანდიას. და ვინ შეავსებს პლატინი-ზიდანის ადგილს? რიბერი? გურკუფი? ნასრი? გამორიცხული არაფერია, თუმცა საეჭვო - კი ბატონო.

თუ ამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს არ ჩავთვლით, შემადგენლობის მხრივ საფრანგეთის ნაკრებში ყველაფერი რიგზეა: მეკარე უგო ლორისმა ლიონში მშვენიერი სეზონი ჩაატარა და მეორე გოლკიპერი სტივ მანდანდაც ფორმაშია. დაცვაში: მარჯვნივ ბაქარი სანია, მარცხნივ - დღეს ამ პოზიციაზე საუკეთესო პატრის ევრა, ან, საჭიროების შემთხვევაში, ერიკ აბიდალი, რომელსაც ცენტრში თამაშიც შეუძლია. თუმცა აბიდალი ფორმაში არაა, ისევე როგორც თვე-ნახევრის წინ დამტვრეული უილიამ გალასი. სამაგიეროდ საიმედოა ჟულიენ ესკუდე.

ნახევარდაცვაში დომენეკს ყველაზე დიდი არჩევანი აქვს: ლასანა დიარა, ალუ დიარა, ჟერემი ტულალანი, ფრანკ რიბერი, სამირ ნასრი, ფლორიან მალუდა, იოან გურკუფი, ანდრე-პიერ ჟინიაკი, ჰატემ ბენ არფა. არჩევანი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ მწვრთნელს თითქმის ყველანაირი ტაქტიკის გამოყენება შეუძლია: შემტევი, დაცვითი, ფლანგებზე აწყობილი, მძიმე, ტექნიკური. თუმცა უნდა გავიმეოროთ - დომენეკი ვერაა კარგი ტაქტიკოსი.

შეტევაში ასეთი მდგომარეობაა: ტიერი ანრი ბარსელონას სკამს მიეწება, ქარიმ ბენზემა - რეალისას. შედარებით დიდ დროს ატარებენ მოედანზე ნიკოლა ანელკა და სიდნი გოვუ.

შარშანწინ, ევროპის ჩემპიონატზე, ვერც დომენეკმა მოიფიქრა ვერაფერი, არც ახალი ლიდერი გამოჩნდა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიც ჯგუფში ჩარჩა. მდგომარეობა არც საკვალიფიკაციო ტურნირში გამოსწორებულა. არავითარი პროგრესი. მხოლოდ სასწაულის იმედად მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებაზე ფიქრი კი რაღაცით ქართველი „პოლიტიკოსების” საარჩევნო პროგრამების შინაარსს წააგავს.

კომენტარები