ახალი რუსული კანონი

მოსაყდრემ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობა / Facebook

პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძართან შეკრებილ ხალხს მიმართა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ.

მოსაყდრე შიო ამბობს, რომ "მსოფლიოში ახალი სოციალური ტექნოლოგიების და გენდერული იდეოლოგიების გავლენით ოჯახი განიცდის დიდ ზეწოლას". მისივე თქმით, ჩანს ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის "მაგალითები და სურვილი".

"ამის ნათელი დასტურია, ის დიდი წინააღმდეგობა, რომელიც შეხვდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რომელიც გულისხმობს სოდომური ცოდვის პროპაგანდის აკრძალვას მოზარდებსა და ბავშვებში. და აი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი მცდელობა ჩვენი ბავშვები დავიცვათ ამ მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორც შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე და იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვათ ასეთი გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, აუცილებლად უნდა მივიღოთ აღნიშნული კანონი და მეტიც, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა, მათზე ზრუნვა და აღორძინება უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და მიმართულება." - თქვა მოსაყდრე შიომ.


ქართულმა ოცნებამ 29 თებერვალს დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაიცავდა.

3 აპრილს ოცნებამ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი შარშან ჩაგდებულ რუსულ კანონთან ერთად პარლამენტში დაარეგისტრირა.

10 აპრილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დასახელდა. 22 აპრილს კი ქუთაისიდან დაიწყო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა.

კომენტარები