რამზან კადიროვი

კადიროვი: დაღესტანში ჩეჩენი გენერლის დაკავება სამარცხვინო პროვოკაციაა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი
Grozny.tv

დაღესტნის საზღვარზე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეთაურის, ალიხან ცაკაევის დაკავებას გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. 

"ვისაც მართლა გაინტერესებთ რა მოხდა "გერზელის" გამშვებ პუნქტზე, გინმარტავთ სიტუაციას: ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკების საზღვარზე ამ დღეებში ადგილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო პროვოკაციას ჩვენი კეთილი ძმის, ეჩნეთის რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეთაურის, ალიხან ცაკაევის მიმართ. რამდენიმე პირმა, რომელთა ვინაობა უკვე დადგენილია, უკიდურესად უხეში ფორმით ალიხან გარმანოვიჩის დაკავება სცადა. ისინი ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე მოქმედებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ალიხან გარმანოვიჩს არანაირი უხეში დარღვევა არ ჩაუდენია. მას თან არ ჰქონდა სამსახურეობრივი დოკუმენტები და არ ეცვა ფორმა, იმიტომ რომ, საკუთარი დასვენების დღეს მანქანით გადაადგილდებოდა. როგორც ჩანს, ეს გახდა სასაზღვრო პუნქტზე ამხელა სპექტაკლის დადგმის მიზეზი. აღვნიშნავ, ცაკაევს რომ სცმოდა გენერლის ფორმა, თანამშრომლებს მისი მიმართულებით გახედვისაც კი შეეშინდებოდათ. მოგვიანებით, ასეც მოხდა. როდესაც თავდამსხმელებმა შეიტყვეს, რომ საქმე არაერთი საბრძოლო დამსახურებისა და ჯილდოს მქონე გენერალთან აქვთ, ლაჩრულად გაიქცნენ.

ისინი უნდა გააძევონ სტრუქტურებიდან. მივმართავ დაღესტნის ხელმძღვანელობას, რომ ყურადღება მიაქციონ მომხდარს და მიიღონ შესაბამისი ზომები. მათ არ უნდა ატარონ და შეურაცხყონ კანონის მცველის ფორმა. ჩვენ მოძმე დაღესტანთან ერთად ვებრძოდით ტერორისტებსა და ბანდიტებს, მაგრამ აი ასეთი უღირსი თანამშრომლები არასდროს გახდებიან არც თქვენი და არც ჩვენი ამხანაგები. ისინი მხოლოდ დაგაღალატებენ და საჭირო წუთას თავს შეირცხვენენ.

ალიხან გარმანოვიჩი პირველივე დღეებიდან იბრძოდა ჩვენთან ერთად რუსეთში მშვიდობის ზეიმისა და კანონის სახელით. მას უცხოელი ტერორისტების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციებში პირადად აქვს მიღებული მონაწილეობა, მიღებული აქვს ჭრილობები და გავლილი აქვს ეს გზა ბოლომდე. გარდა ამისა, რუსეთის ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში არსებული რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის რიგებში ალიხან ცაკაევი ქტიურ მონაწილეობას იღებდა ღაზას სექტორიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. მისი დამსახურებით გადარჩენილია ათასობით ადამიანის, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე.

თავისი კეთილსინდისიერი და თავდადებული შრომით მან დაიმსახურა პატივი და პატივისცემა. დაჯილდოებული კადიროვის, სიმამაცის ოთხი ორდენით, "სამოქალაქო წესრიგის დაცვის", II ხარისხის "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის", "სიმამაცის" მედლებით". – წერს თავის Telegram არხზე კადიროვი.

ინციდენტს გამოეხმაურა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაური სერგეი მელიკოვი. მან სამართალდამცავებს ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდა. ასევე თქვა, რომ შემთხვევა არ აისახება რესპუბლიკების ძმურ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.


18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დაღესტნელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეთაური ალიხან ცაკაევი.

დაკავების მიზეზი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა გახდა. დაკავებულს თან არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიები და Telegram არხები წერენ, ჩეჩნეთი-დაღესტნის საზღვარზე მესაზღვრეებმა ცაკაევის გაჩერება სცადეს. მეთაურმა მანქანა მოაბრუნა და სამართალდამცავების გატანას ეცადა. დაღესტნის შსს-ს თანამშრომლებმა ცაკაევი დააკავეს და ცოტა ხანში გაუშვეს.

მოგვიანებით რამდენიმე Telegram არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცაკაევი პატიმრობიდან ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმმა იხსნა. როგორც წერენ ცაკაევის დახსნის ოპერაციაში ჩართული იყო სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის, ახმატის მეთაური აბუზაიდ ვისმურადოვი.

კომენტარები