რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ იერიში მიიტანა თათრეთში მდებარე რუსული ბომბდამშენების ავიამშენზე

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე საწარმოზე, სადაც Ту-22-ისა და Ту-160-ის ტიპის ბომბდამშენებს აწყობენ. ამის შესახებ ინფორმაცია РБК-Украина-ს საკუთარმა წყარომ მიაწოდა.

როგორც უკრაინული მედია წერს, იერიშის სამიზნე იყო თათრეთის მთავარ ქალაქ ყაზანში მდებარე გორბუნოვის სახელობის ავიამშენი.

წყაროების ცნობით, ავიამშენში აფეთქებების ხმა დილის საათებში გაისმა. როგორც ადგილობრივ მედიაში წერენ, აფეთქებამდე ამოქმედდა საჰაერო განგაში. ამას გარდა, ყაზანის აეროპორტებმა ფრენები დროებით შეაჩერეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვის დროით 11:20-ზე თათრეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ამას გარდა, აქამდე, РБК-Украина წერდა, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ იერიში მიიტანა რუსეთის ჰორიზონტმიღმა რადიოლოკაციურ სადგურ კონტეინერზე, მორდვეთის რესპუბლიკაში. თავდასხმისთვის გამოიყენეს დრონები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვის დროით 8 საათზე დრონის ჩამოგდების ცნობა გაავრცელა.

აქამდე, გასულ ღამეს უკრაინამ იერიში მიიტანა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ქალაქ ჯანკოიში განლაგებულ სამხედრო აეროდრომზე.

კომენტარები