Youtube პლატფორმიდან ყველა იმ მასალას წაშლის, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებსა და რეკომენდაციებს პირდაპირ ეწინააღმდეგება - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუზან ვოჯესკიმ ისაუბრა.
მისი თქმით, წაიშლება ყველა ვიდეო, რომელიც "მეცნიერულად დაუსაბუთებელია".
"ხალხი ამბობს - დალიეთ ვიტამინ C, შეჭამეთ კურკუმა, ისინი განგკურნავენ თქვენ. ეს არის მაგალითი, თუ რა იქნება ჩვენი პლატფორმის პოლიტიკის დარღვევა.
ასევე, ყველაფერი, რაც WHO-ს რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, იქნება ჩვენი პოლიტიკის დარღვევა", - თქვა სუზან ვოჯესკიმ.
ამასთან ერთად, იუთუბი წაშლის ყველა ვიდეოს, რომელიც ახალი კორონავირუსის 5G-ის ქსელით გავრცელების შესახებ შეთხზულ კონსპირაციის თეორიას შეეხება.