სამთავრობო პროპაგანდა

"არ მცალია" -​ მათიკაშვლი სამთავრობო FB გვერდების წაშლაზე კითხვას არ პასუხობს

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, დავით მათიკაშვილი ფეისბუქის მიერ სახელისუფლებო გვერდების წაშლის შესახებ კითხვას არ პასუხობს.

ტაბულა მას რამდენჯერმე დაუკავშირდა. თავდაპირველად, დეპუტატმა, მას შემდეგ, რაც გაიგო ვინ ურეკავდა, თქვა, რომ არ სცალია და ტელეფონი კითხვის დასმამდე გათიშა.

დავით მათიკაშვილთან მეორედ 45 წუთის შემდეგ დავრეკეთ. მან ტელეფონს ისევ უპასუხა და ისევ თქვა, რომ არ სცალია. ტაბულამ მას ჰკითხა, როდის ეცლება, თუმცა დეპუტატმა კითხვას არ უპასუხა და გათიშა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს იგივე კითხვით მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ, თუმცა დავით მათიკაშვილმა არც სამთავრობო ფეისბუქ გვერდების შესახებ კითხვას უპასუხა და არც ის გვითხრა, როდის ეცლება, რომ ამ კითხვაზე მისგან პასუხი მივიღოთ.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები