გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა შორ მანძილზე მოქმედი უკრაინული დრონებით თავდასხმების გამო ვალდაის სადისკუსიო კლუბის ყოველწლიური შეხვედრა სოჭიდან მოსკოვის ოლქში გადაიტანა.
Financial Times ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილის შეცვლა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეებით იყო განპირობებული. გამოცემის ორი წყაროს მიხედვით, ამას პუტინის დაცვის სამსახური მოითხოვდა.
კონფერენციის 120 მონაწილემ, რომლებმაც თავდაპირველად სოჭში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევები მიიღეს, ადგილის შეცვლის შესახებ აგვისტოში შეიტყო.
ვალდაის კლუბის 23-ე ყოველწლიური შეხვედრა 28 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე გაიმართება. ორგანიზაციის განცხადებაში ღონისძიების სოჭიდან გადატანის მიზეზი მითითებული არ არის.
FT-ს ცნობით, უკრაინამ ზაფხულში სოჭსა და შავი ზღვის სხვა საკურორტო ქალაქებთან მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე იერიშები მიიტანა.
პუტინი სოჭში ბოლოს 2025 წლის ოქტომბერში, ვალდაის კლუბის წინა შეხვედრის დროს იმყოფებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ქალაქს წელიწადში მხოლოდ ორჯერ ეწვია, რაც მკვეთრ სხვაობას წარმოადგენს 2021 წელთან შედარებით, როცა ის სოჭში 24-ჯერ ჩავიდა.




