რუსული რეჟიმი

შსს თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ დაწყებული სამართალწარმოების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

"სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას.

აღნიშნულის ფარგლებში, გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძისა და ასევე, ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებას თავად რაზმაძე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ მუხლი, რითიც ოქმი შეუდგინეს, თანამდებობის პირის გინებას არ გულისხმობს. 

"ცხადად ჩანს, მე შეურაცხყოფას ვისაც ვაყენებ, იმავე ადამიანის ციტირებით, ეს არის მარგარიტა სიმონიანი და მათ შორის, მრავლობითში ისინი, ვინც მასთან ერთად სტუდიაში არიან - მეორე სალოვიოვია, დანარჩენებს ვერ ვცნობ. იმას არც იტყვიან, რომ მე ირაკლი კობახიძეს ვაგინე, რადგან ამისი სხვა მუხლია. მე მედავებიან 166-ე მუხლს, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის გინებას და არა სახელმწიფო თანამდებობის პირის. ეს თანამდებობის პირის გინებად რომ ჩაეთვალათ, ამისთვის სხვა მუხლია და ჩემი საქმის დადგენილებაშიც სხვა მუხლი იქნებოდა მითითებული. 

შესაბამისად, განხილვასაც არ ექვემდებარება, რომ ვინმე მე ირაკლი კობახიძის ან ქართული ოცნების გინებას მედავება. საქართველოს კანონდებლობიდან გამომდინარე, ეს ასე ფიზიკურად ვერ იქნება. ვერაფერს შეცვლიან და მოიგონებენ, გარდა იმისა, აღიარონ, რომ მე საქმე მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის გინების გამო აღმიძრეს. საზოგადოების ერთგვაროვანი რეაქცია დაინახეს, რომ ადამიანები აღშფოთდნენ და ახლა ცდილობენ, იფაფხურონ და რაღაცები მოიგონონ. მაგრამ, რავიცი, მათ მიერ შედგენილი ოქმი ხელში მიჭირავს". - თქვა რაზმაძემ შსს-ს განცხადების საპასუხოდ.

თორნიკე რაზმაძემ იქამდეც თქვა, რომ შსს მას facebook-ზე მარგარიტა სიმონიანის გინებას ედავება.

"არ დაიჯერებთ, რის გამო აღმიძრეს საქმე და მიბარებენ სასამართლოში, რომ ან დამაპატიმრონ, ან უზარმაზარი ჯარიმა გამომიწერონ. უწყება დღეს მივიღე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება იმას, რომ რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანსა და ვლადიმირ სოლოვიოვს რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო.

საქმე ეხება აგვისტოში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც ვაჩვენებ, რუსი პროპაგანდისტები, მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმირ სოლოვიოვი თავიანთ ერთ-ერთ ეთერში როგორ ღლიცინებენ და საუბრობენ იმაზე, რომ როგორც ერეკლე II მოვიდა მუხლებზე ფორთხვით და შეგვეხვეწა, ჩვენი მფარველობის ქვეშ მიგვეღოო, ყოველთვის ასე მოვლენ სხვა ქართველებიც მომავალში და მუხლებზე დამდგარი შეგვეხვეწებიან, რომ ისევ მფარველობა გავუწიოთო - ამაზე ჩემი კომენტარი იყო "ნა კალენიახ" თქვენი დედაც-მეთქი. სასამართლო 29 სექტემბერს ჩაინიშნა". - ამბობს თორნიკე რაზმაძე.

საქმე ეხება 18 აგვისტოს თორნიკე რაზმაძის მიერ საკუთარ FB-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც მას მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის ვიდეოები აქვს გამოყენებული. ვიდეოში თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, კობახიძის მესიჯები სიმონიანის ნათქვამს ემთხვევა. ვიდეოში ერთ-ერთი გადაცემიდან ამოჭრილ მონაკვეთში სიმონიანი ამბობს ფრაზას „на коленях“ - პოსტის კომენტარებში კი თორნიკე რაზმაძე იყენებს სწორედ სიმონიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და წერს შემდეგ ფრაზას: "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ". საქმის ოქმის მიხედვით, სწორედ ამ კომენტარის გამო ედავება შსს აქტივისტს.

კომენტარები

✕
✕