ფედერალისტები

როცა სულ ვირთხები გესიზმრება, ანუ ივანიშვილის პარადოქსი

ფედერალისტები

როცა სულ ვირთხები გესიზმრება, ანუ ივანიშვილის პარადოქსი

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, საჯარო ჩვენება მისცა. 

მან, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მისი ყოფილი პატრონი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რადგანაც სახელმწიფო აქვს მიტაცებული და უკანონოდ მართავს - მაგალითად, შეუძლია, ვიცეპრემიერ მამუკა მდინარაძეს დავალებები მისცეს და ყოფილ პრემიერს მართლმსაჯულების სისტემის მიერ გამოსატანი განაჩენით ევაჭროს. 

ამ ნაბიჯით, ივანიშვილის, აწ უკვე შერისხულმა, ყურმოჭრილმა მონამ ისიც უდავო გახადა, რომ “ის ბრძენი კაცი“ აბსოლუტურად სწორადაა ძლიერი სამყაროს - ანუ შეერთებული შტატების და ევროპის სანქციების სამიზნე, რადგან ისაა ამ ქვეყნის რეალური და ერთპიროვნული მმართველი და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერ ანტიდასავლურზე და ანტიქართულზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება. 

ეს ხომ ისედაც ვიცოდით, რად გვინდოდა ღარიბაშვილიო -  ბევრი გაიფიქრებთ. 

ვიცოდით, უბრალოდ ღარიბაშვილს ჩვენგან ის “მცირე დეტალი“ გამოარჩევს, რომ ივანიშვილის დანაშაულის თვითმხილველი და თანამონაწილეა, ამდენად, ჩვენგან განსხვავებით, თავისუფლად შეუძლია, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდების მოწმე იყოს - მართლმსაჯულებას ხომ მოწმის პირადი გამოცდილება აინტერესებს, ღარიბაშვილს კი ნამდვილად ბევრი მოსაყოლი  დაუგროვდებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის, ივანიშვილის ჩრდილოვან კარზე პრემიერად სამსახურის მანძილზე. 

***

ამ გადმოსახედიდან, ირონიულია, რომ ღარიბაშვილი არ გახლავთ პირველი ყოფილი პრემიერი, რომელიც ციხიდან ივანიშვილის ზეწოლაზე ჩივის. 

სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გარიჟრაჟზე  - 2013 წლის დეკემბერში, ასევე ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ღამით, საკნიდან თვალებახვეული გაიყვანეს და მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მიჰგვარეს.  

მერაბიშვილის მონათხრობით, ფარცხალაძე, როგორც ახლა მდინარაძე ღარიბაშვილს,  მას ემუქრებოდა, რომ თუ არ ითანამშრომლებდა და ივანიშვილის სხვა ოპონენტების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, ციხიდან ვერ გავიდოდა. 

დრონი რომ მეფობენ, და არა მეფენი, ამის აღსანიშნავად ვიტყვი, რომ მაშინ მერაბიშვილს დასცინეს: “რა უქნა მერე, გააუპატიურა, ნამუსი ახადა, თუ რა მოხდა? რისთვის მოიტაცა?” - იკითხა იმ ბრძენმა კაცმა მერაბიშვილის ბრალდების შემდეგ. “ფსიქოანალიტიკოსები გააკეთებენ უფრო კომპეტენტურ  კომენტარს, ან ფსიქიატრებიც შეიძლება… ეს შეიძლება იყოს მცდელობა, მოხდეს დისკრედიტაცია ახალი პროკურორის.” - არ დააყოვნა ღარიბაშვილმაც.  

აწ უკვე მოსკოვში გადაბარგებული, რომანოვად გვარგადაკეთებული და FSB-ს დავალებების შესრულების გამო, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია რამდენად შეეძლო მერაბიშვილს, არ ვიცი, მაგრამ ევროსასამართლოში დავა ნამდვილად მოუგო სახელმწიფოს  - ზუსტად ფარცხალაძესთან დაკავშირებული ინციდენტის ნაწილში, კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. 

მერაბიშვილის ძველი ამბავი მხოლოდ იმის სათქმელად  გავიხსენე, რომ ბიძინასქვეშეთში ახალი არაფერი ხდება, უბრალოდ, მმართველობის 13 წლის თავზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი მეტად და მეტისთვის გაცხადდა და ახლა ბატონი ბიძინა “ვირთხებს” არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ საკუთარი ყურმოჭრილი მონების გარემოცვაშიც დასდევს. 

 

****

ქართული ოცნების ოფიციოზი ივანიშვილის სიზმრებთან შერკინებას კორუფციასთან ბრძოლას უწოდებს და ლამის კვირაში ერთხელ  გვამცნობს რომელიმე ბობოლა ქოცის, ან მასთან დაკავშირებული პრივილეგირებული სუბიექტის დაჭერის შესახებ. 

შეიძლება, იკითხოთ, ასეთი რა შეეშალა ღარიბაშვილს, რომ უზენაესმა ვირთხად ჩათვალა და ასე გადაეკიდაო. 

მართლაც, ირაკლი ღარიბაშვილი მონასავით ემსახურა არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ივანიშვილების მთელ დინასტიას, ყველაფერი ისე იკადრა, ორჯერ თქმა არ დასჭირვებია, სასჯელიც უსიტყვოდ მიიღო,  ციხიდანაც  მორჩილებას ეფიცება, მისი ცოლი და ნათესაობაც თავს არ ზოგავენ, რომ ბიძინას უპირობო ერთგულება დაუმტკიცონ -  რატომ არ აკმარა ის, რაც უკვე დამართა, ოჯახს რატომ უწიოკებს? 75 წლის მამის დაჭერით რატომ ემუქრება? სასტიკად რატომ ექცევა? 

საქმე ისაა, რომ პიროვნების კულტზე აგებულ, ავტოკრატიულ/მაფიოზურ სისტემაში მოღალატედ შერაცხვას საფუძველი არ სჭირდება. მოღალატეების ძიება და მათზე სამაგალითო შურისძიება პერსონალურ მორჩილებაზე აგებული სისტემების მუდმივი გვერდითი ეფექტია, რადგან ასეთი სისტემა ბუნებრივად წარმოშობს უნდობლობას და პარანოიას. 

თავად დაფიქრდით:

როცა მმართველი აჯილდოებს პერსონალურ მორჩილებას და მორჩილების საჯარო დემონსტრაციას, ყველა ხვდება, რომ ასეთ სისტემაში მისი წარმატება მორჩილებაზე და ამის საჯარო დემონსტრაციაზეა დამოკიდებული, ამიტომ, უმრავლესობა იწყებს მორჩილების გაცხადებას და მორჩილების საჯარო დემონსტრაციას - მლიქვნელობას - მიუხედავად იმისა, სინამდვილეში რას ფიქრობს.

ასეთი ნებაყოფლობითი ტრანზაქციებით იქმნება მმართველის მორჩილი წესრიგი.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ახალისებს, ცხადია, მმართველმა ძალიან კარგად იცის, რატომ ეფიცებიან მორჩილებას და უძღვნიან ქათინაურებს, ამიტომ ხელქვეითების საჯარო მლიქვნელობა მისთვის მხოლოდ აუცილებელი ცერემონიაა და ერთგულების რეალურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. 

რაც მეტად კულტივირებს მლიქვნელობას მართვის სისტემა, მით მეტი მლიქვნელის ბუნებრივ სელექციას ახდენს  და მით ნაკლები იცის მმართველმა იმის შესახებ, თუ ვინ რას ფიქრობს სინამდვილეში. 

გარემოში, სადაც სიმართლესა და ტყუილს შორის ზღვარი სისტემურად წაშლილია, სისტემურადვე ჩნდება ინტრიგები და უნდობლობა, რომელიც პარანოიად გადაიქცევა - მითუმეტეს მაშინ,  თუ ბიძინა ივანიშვილივით მოგივიდა, ვერ გათვალე და საკუთარი გადაწყვეტილებით ისეთი  შიდა და საერთაშორისო კრიზისი შექმენი,  თავიც და მთელი შენი ყურმოჭრილი მონების გარემოცვაც საერთაშორისო სანქციების სამიზნედ აქციე. 

ამ პარანოიის ფონზე, ღარიბაშვილმა რამდენიც არ უნდა იყვიროს, რომ ისევ ის ირაკლია და ბილწთ არ შეეკვრება, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მახეშია -  ბიძინა ივანიშვილმა ხომ ძალიან კარგად იცის, რომ მისი ყოფილი პაჟი იმას კი არ იძახის, რასაც ფიქრობს, არამედ იმას, რისი მოსმენაც ივანიშვილს უნდა და  ცხადია, არ ენდობა. არ ენდობა იმ ავტოკრატიული წესრიგის გამო, რაც თავად შექმნა და რაც იმთავიდან პოტენციური მახეა ყველასთვის, ვინც ასეთ წესრიგში ყოფნას თანხმდება, რადგან ასეთი წესრიგი გარდაუვლად შობს ჯერ უნდობლობას, ხოლო შემდეგ, თვითდესტრუქციულ პარანოიას.

***

რატომ თვითდესტრუქციულს? რა ეტყობა ივანიშვილს, რომ თვითდესტრუქციულია? 

ასე ერთი შეხედვით, არაფერი და არც დაეტყობა, სანამ ძალაუფლება მისია.

საზოგადოების რაღაც ნაწილს ალბათ სჯერა კიდეც, რომ ეს პარანოიდული “ვირთხებზე ნადირობა”, რომელიც რატომღაც მხოლოდ მას შემდეგ იწყება, რაც ესა თუ ის ფიგურა ივანიშვილის კეთილგანწყობას კარგავს, და არა იქამდე, სინამდვილეში, კორუფციასთან ბრძოლაა.  

მაგრამ სტატუს კვოს სისტემურმა დედაბოძმა - მსხვილმა და საშუალო ბიზნესმა ხომ კარგად იცის, რომ კორუფცია არსად წასულა და დღესაც, ბიზნესი რომ შეუფერხებლად აკეთო, რაღაც არხით, რაღაც დოზით და რაღაც პირობებით, ძალაუფლების ცენტრთან - ანუ ივანიშვილთან უნდა დალაგდე? 

როგორი უტიფარი ტყუილებიც არ უნდა გამოაცხონ ტელეიმედის ეთერებიდან, მსხვილმა და საშუალო ბიზნესმა ხომ ზუსტად იცის, რომ სანამ თავისუფალი სასამართლო არ არსებობს და კანონი არ უზენაესობს, ვინც უზენაესობს, იმასთან უნდა იპოვოს არხი, რომელთანაც დარეკვა შეუძლია, იმისთვის, რომ თავი დაცულად იგრძნოს? 

ხოდა, აი, ღარიბაშვილიც და ლილუაშვილიც სწორედ ასეთი არხები იყვნენ - ისინი ალაგებდნენ ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს ძალაუფლების ცენტრთან, ანუ ბიძინასთან. 

ისინი იყვნენ მსხვილი და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილის გარანტორები. 

ცხადია, ეს ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან მავნე პრაქტიკაა, მაგრამ ბიზნესისთვის დაცვის ფუნქციას ნაწილობრივ მაინც ასრულებდა და სულ არაფერს, ჯობდა - პროგნოზირების ლიმიტირებულ შესაძლებლობას მაინც აძლევდა. 

როდესაც ძალაუფლების ცენტრმა ანუ ბიძინამ ამ პერსონალური არხების განადგურება დაიწყო, ბიზნესის დაცულობის შეგრძნება შემცირდა - პოლიტიკური კავშირის ფასი დაეცა, გაირკვა, რომ ვისაც უნდა დაეზღვიე, იმან თავი ვერ დაიზღვია და გარემოცვაც შარში გახვია. 

ახალი არხის პოვნა დაზღვევის ვაკუუმს ბოლომდე ვეღარ ავსებს, რადგან აღარავინ იცის, რომ მაგალითად, კობახიძეს იგივე არ მოუვა, რაც წინას და იმის წინას მოუვიდა. 

სამართლებრივი და პერსონალური გარანტიების გარეშე, ინვესტიციისთვის რისკი მკვეთრად იზრდება, ამიტომ  ბიზნესი ხარჯვის რეჟიმიდან მოლოდინის რეჟიმში გადადის. 

ამასთან, ძველი შუამავლების დაჭერა კორუფციას კი არ სპობს, ზრდის, თუ პარალელურად თავისუფალი სასამართლო არ დააფუძნე. რადგან თავისუფალი სასამართლოს გარეშე, უბრალოდ კორუფციის ბაზარი რეორგანიზდება,  ახალი შუამავლები და ახალი ტარიფები ჩნდება.  

***

ბევრმა შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მე მაინც გეტყვით, რომ ივანიშვილისთვის პარადოქსულად სახიფათო ვითარებაა. 

კი, ინსტიტუტების დასუსტებით ბიზნესი ივანიშვილმა საკუთარ თავზე დამოკიდებული გახადა.

და კი, ამან მისი ძალაუფლება თავდაპირველად გააძლიერა.

მაგრამ როცა სერიოზული შიდა და გარე კრიზისი შეექმნა, პარანოიამ თავი იჩინა და შინაური ვირთხების დაჭერა დაიწყო. 

ამით ივანიშვილმა ის გარანტიები გაანადგურა, რაც ბიზნესს ჰქონდა მისგან მიცემული. შედეგად, შექმნა კლიმატი, სადაც ბიზნესი ვერც ინსტიტუტებს ენდობა და ვეღარც პერსონალურ კავშირებს.

ეს სტატუს კვოსთვის კატასტროფაა. 

შეიძლება, ბევრი ვერ ამჩნევდეთ, რადგან ბიზნესი ასეთ დროს ხელისუფლების წინააღმდეგ არ მიდის, ის მხოლოდ ხელისუფლებისგან იზღვევს თავს. 

ასეთ დროს, ბიზნესის მხრიდან ერთადერთი რაციონალური გადაწყვეტილება არის ისეთი აქტივების დაგროვება, რომლებსაც მმართველი ვერ აკონტროლებს.

რეჟიმთან კონტრაქტის გაუფასურება გაცილებით საშიშია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, ვიდრე ერთი და ორი ბიზნესმენის მხურვალე კრიტიკული განცხადება - რასაც ასეთი დაჟინებით ითხოვს ხოლმე საზოგადოების ნაწილი.

ივანიშვილი მის რიგებში აღმოჩენილი ვირთხებისთვის სიკვდილისა და ჩამოხრჩობის მისჯით, შესაძლოა, კონტროლის გაძლიერებას ცდილობს, მაგრამ რაც მეტ ძველ ფავორიტს ანადგურებს, მით მეტად აუფასურებს მასთან კონტრაქტს და შედეგად იღებს:

  1. მეტად შეშინებულ, მაგრამ ნაკლებად ერთგულ ელიტას
  2. უფრო მორჩილ, მაგრამ ნაკლებად ინვესტირებად ბიზნესს
  3. უფრო ცენტრალიზებულ, მაგრამ უფრო მყიფე, უფრო გამოღრუტნულ ძალაუფლებას 

ასეთ პარადოქსულ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი საკუთარი თავის გარდა, ქართველი ხალხის წინააღმდეგობამ ჩააყენა, რასაც იგი არ ელოდა, რადგან ქართველებს რუსივით გვხედავს. 

ახლა დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების ჯერია.

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პარტიები, ვალდებულები ვართ, რომ უწყვეტი სახალხო წინააღმდეგობის მონაპოვრით ვისარგებლოთ და ხალხს  გაცილებით უკეთესი ალტერნატივა დავანახოთ - რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. 

კომენტარები

✕
✕