პროექტი „ჯალათების წიგნი“ ადასტურებს, რომ 13 აგვისტოს ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის ყოფილი წყალქვეშა ნავი "ხაპოროჟიეს" მეთაური, რობერტ შაგეევი დაიღუპა. ამის შესახებ პროექტი რუსეთის საგადასახადო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
შაგეევის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მანამდე არაოფიციალურადაც ვრცელდებოდა. კერძოდ, გავრცელდა ცნობები სევასტოპოლში მასზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, თუმცა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობდა. პროექტის ცნობით, შაგეევის საიდენტიფიკაციო ნომრის რუსეთის საგადასახადო სამსახურის ფიზიკური პირების გაუქმებული ნომრების სიაში გამოჩენა მისი გარდაცვალების პირველი ოფიციალური დადასტურებაა.
13 აგვისტოს დილით ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ურნაში იყო დამალული. რუსეთისა და უკრაინის ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული შესაძლოა შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავების მე-4 ცალკეული ბრიგადის მეთაურის მოადგილე რობერტ შაგეევი ყოფილიყო.
შაგეევი 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ერთადერთი წყალქვეშა ნავის — „ზაპოროჟიეს“ — უბრძოლველად ჩაბარებისა და უკრაინის სამხედრო ფიცის დარღვევის გამო გახდა ცნობილი. ოკუპაციის შემდეგ მან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გაგრძელება გადაწყვიტა.
რობერტ შაგეევი 1977 წლის 21 თებერვალს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა პრიმორსკიში დაიბადა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახური 1999 წლიდან დაიწყო. მისი ბოლო კონტრაქტი 2009 წლის 26 ივნისს გაფორმდა და ხუთი წლის ვადით იყო გათვლილი. შაგეევს პირველი რანგის კაპიტნის სამხედრო წოდება ჰქონდა.
2013 წლის 15 ოქტომბერს უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობის ბრძანებით შაგეევი დიდი წყალქვეშა ნავის, „ზაპოროჟიეს“, მეთაურად დაინიშნა.
2014 წლის გაზაფხულზე, ყირიმის ოკუპაციის დროს, მან უკრაინის სამხედრო ნაწილის ოდესაში გადაყვანის შესახებ დირექტივა არ შეასრულა. შაგეევი 12 მაისამდე ახალ ადგილზე, სამხედრო ნაწილში А2238, უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა იქ არ მივიდა. ამის ნაცვლად, მან უარი თქვა „ზაპოროჟიეს“ უკრაინის კონტინენტურ ნაწილში გადაყვანაზე და განაცხადა, რომ რუსეთის არმიაში სამსახურს აპირებდა.
2014 წლის 17 მაისს უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით შაგეევი წყალქვეშა ნავის მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და განკარგულებაში ჩარიცხეს.
რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იგი შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავების მე-4 ცალკეული ბრიგადის მეთაურის მოადგილე გახდა.
უკრაინაში შაგეევი სისხლის სამართლის ორი მუხლით არის ეჭვმიტანილი — დეზერტირობისა და სახელმწიფო ღალატის მუხლებით.





