საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს თინათინ ბერძენიშვილი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა, ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ბერძენიშვილი აღნიშნულ თანამდებობას მომდევნო 6 წელი დაიკავებს.
"ბოლო ექვსი წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განვითარების, განახლებისა და მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. განვახორციელეთ საუკუნის პროექტი – ახალი შენობა, განახლდა ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი დაიფარა 45 მილიონი ლარის ოდენობის სესხი. ამ დროის განმავლობაში ჩვენ, როგორც გუნდმა, შევძელით არა მხოლოდ ინსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ ორგანიზაციის თანამედროვე, მრავალპლატფორმიან და ციფრულ ეპოქასთან ადაპტირებულ მედიაორგანიზაციად განვითარება. შეიქმნა ახალი ციფრული პლატფორმები, დაიწყო სპორტული მაუწყებლობა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქართული შინაარსის წარმოება და გაძლიერდა მაუწყებლის როლი ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების პროცესში.
შესაბამისად, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი და აუდიტორიაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. თუმცა ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ორგანიზაცია არ არის. ჩემი პროფესიული გზა სწორედ აქ დაიწყო და მრავალი წლის განმავლობაში პირველ არხთან ერთად ვიზრდებოდი. ამიტომ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მოტივაციით ვაცხადებ მზადყოფნას, გავაგრძელო მისი განვითარება მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში." - განაცხადა ბერძენიშვილმა.





