დაღესტანში გაზპრომ ტრანს მაჰაჩყალას კუთვნილ გაზსადენ "მოზდოკ-ყაზიმაგომედზე" რამდენიმე აფეთქება მოხდა, რასაც მასობრივი ხანძარი მოჰყვა. ხელისუფლების ცნობით, შემთხვევა მოხდა სოფლებს, ბავთუღაისა და გელბახს, შორის გამავალ მონაკვეთზე, ყიზილიურტის რაიონის ნიჟნი ჩირიურტის დასახლებაში.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში თქვეს, რომ გაზსადენის აფეთქების ცნობები მოსკოვის დროით 19:45-ზე მიიღეს. წინასწარი ცნობით, მომხდარის მიზეზი გაზის გაჟონვაა. ცეცხლის სიმაღლე 15 მეტრს აღწევდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციის ფარგლებში ტერიტორიიდან 140 ადამიანი გაიყვანა. ქალაქ ყიზილიურტის მერის, საიდ მამათხანოვის, განცხადებით, ევაკუირებულები ნათესავებთან გადაიყვანეს.
ხანძრის ლიკვიდაციაში 25 მაშველი და შვიდი ერთეული სპეციალური ტექნიკა მონაწილეობდა. დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ფიოდორ შჩუკინის, ინფორმაციით, აფეთქებებისა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, აფეთქების შემდეგ გადაიკეტა 342-კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი "მოზდოკი-ყაზიმაგომედი", რომლის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიარდი კუბური მეტრია.
დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარემ, მაგომედ რამაზანოვმა, შემთხვევის ადგილზე რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტარიფების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მარატ შიხალიევი გაგზავნა.
აფეთქებული გაზსადენი დაღესტანში გაზპრომის უმნიშვნელოვანეს ენერგოობიექტად ითვლება. ის გაზს აწვდის რეგიონის შვიდ რაიონს და მისივე მეშვეობით გაზი მიემართება სამხრეთის მიმართულებით, მათ შორის აზერბაიჯანში.




