აშშ-ს მიერ ბირთვულ ობიექტებზე იერიშების მიტანის შემდეგ ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მხარი დაუჭირა.
ჰორმუზის სრუტე უმნიშვნელოვანეს მარშრუტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც მსოფლის ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20% მიეწოდება და ნავთობის ძირითადი მწარმოებლები ღია ზღვაზე წვდომას სწორედ ამ გზით იღებენ.
ჰორმუზის ბლოკირება ასევე შეუზღუდავს აშშ-ს სამხედრო გემების სპარსეთის ყურიდან გასვლის შესაძლებლობას.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების ორგანო მიიღებს.
რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, ესმაილ ქოსარიმ განაცხადა, რომ სრუტის ჩაკეტვა დღის წესრიგში დგას და "როცა საჭირო გახდება", ეს მოხდება.
22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.
ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის





