პროკურატურის განცხადებით, გორში მომხდარი არასრულწლოვანი ძმების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გორში, წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლევი არასრულწლოვანის ინიციატივით არასრულწლოვან ძმებთან შეხვედრა შედგა. მან სხვა არასრულწლოვანებთან ერთად დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა". - წერს უწყება.
მათივე ცნობით, სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი არასრულწლოვანი 19 მაისს დააკავეს. მას, ორ სხვა არასრულწლოვანთან ერთად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა), ხოლო ერთ არასრულწლოვანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ა, ბ და გ ქვეპუნქტებით (ორი არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა) წარედგინა.
უწყების ცნობით, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების მლოთხოვნით კანონით დათქმულ ვადაში მიმართავენ.
ადგილობრივმა მედიამ, ქართლის ამბებმა 19 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა ქართლში არასრულწლოვანზე იძალადეს. როგორც Qartli.ge-ს ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, მოზარდზე სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის გამო იძალადეს.
ქართლის ამბებმა ერთ-ერთი მშობლის კომენტარიც გაავრცელა, რომელმაც თქვა, ინციდენტში 10-15 პირი მონაწილეობდა.
"ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით". - ქართლის ამბების ცნობით, თქვა ერთ-ერთმა მშობელმა მათთან საუბრისას.