რამდენიმე მედია, მათ შორის BBC, Reuters და Sky პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანია REN-ზე დაყრდნობით წერენ, რომ ევროპის დასავლეთში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი "იშვიათ ატმოსფერული მოვლენა" გახდა.
REN-ის განცხადების თანახმად მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა "იშვიათმა ატმოსფერულმა მოვლენამ" გამოიწვია, რაც "ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებით" გამოიხატება.
REN-ის განცხადებაში ასვე აღნიშნულია, რომ ელექტრომომარაგების ქსელის სრულ გამართვას შესაძლოა ერთი კვირა დასჭირდეს.
28 აპრილს, ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა, რამაც აეროპორტებისა და ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
"გათიშვა ევროპულ ელექტროქსელში შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია. გათიშვამ ასევე იქონია გავლენა ესპანეთისა და საფრანგეთის რეგიონებზე, მაღალი ძაბვის ხაზებში ხარვეზების გამო". - გამოცემის ცნობით, ნათქვამია პორტუგალიის სახელმწიფო ენერგომიმწოდებელი კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის მასშტაბით მოხდა, მათ შორის, კატალონიის, ანდალუსიის, არაგონის, ნავარის, ბასკების ქვეყნის, კასტილია და ლეონის, ექსტრემადურასა და მურსიის ავტონომიურ გაერთიანებებში.
საფრანგეთში, პორტუგალიური ენერგომიმწოდებლის განცხადებით, "ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა ბურგუნდიის რეგიონში".
ესპანეთის სახელმწიფო ელექტროენერგიის კომპანიამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა.
მიზეზი, რამაც სამი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, როგორც NYT წერს, გათიშვის ეფექტები რეგიონის ქალაქებში მკვეთრად იგრძნეს.
შემთხვევის გამო, სამი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებით მუშაობენ აეროპორტები, მეტრო და სარკინიგზო ხაზები.