ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც იორკის ჰერცოგს, პრინც ენდრიუსა და ამერიკელ ფინანსისტსა და პედოფილს, ჯეფრი ეპსტინს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, 41 წლის ასაკში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ქალის გარდაცვალება ოჯახმა დაადასტურა.
ჯუფრე წლების განმავლობაში ღიად სდებდა ბრალს სექსუალურ ძალადობაში დამნაშავე ჯეფრი ეპსტინსა და ჯილეინ მაქსველს, ეპსტინის ყოფილ პარტნიორს. ჯუფრე ეპსტინსა და მაქსველს სექს-ტრეფიკინგში ადანაშაულებდა - ამბობდა, რომ 17 წლის ასაკში ის იორკის ჰერცოგს, პრინც ენდრიუს ძალის გამოყენებით მიჰგვარეს. ბრალდებას პრინცი ენდრიუ უარყოფს.
გარდაცვლილი ქალის ნათესავებმა 25 აპრილის განცხადებაში თქვეს, რომ ვირჯინია "სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუპოვარი მებრძოლი იყო" და რომ "ძალადობის ტვირთი მისთვის აუტანელი გახდა".
"სექსუალური ძალადობისა და სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის შემდეგ, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა". - ნათქვამია განცხადებაში.
ვირჯინია ჯუფრე 25 აპრილს დასავლეთ ავსტრალიაში, საკუთარ ფერმაში გარდაიცვალა. ჯუფრეს სამი შვილი ჰყავდა.
ვირჯინია ჯუფრე ამბობდა, რომ ჯეფრი ეპსტინმა და ჯილეინ მაქსველმა ის 17 წლის ასაკში სექსუალური მიზნებისთვის პრინც ენდრიუს მიჰგვარეს.
პრინცმა, რომელიც უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას, 2022 წელს ჯუფრესთან შეთანხმებას სასამართლოს გარეთ მიაღწია. შეთანხმება მოიცავდა განცხადებას, სადაც იორკის ჰერცოგი ეპსტინთან კავშირის გამო სინანულს გამოხატავდა, თუმცა არ შეიცავდა პასუხისმგებლობის აღიარებას ან ბოდიშს.
ვირჯინია ამბობდა, რომ ჯილეინ მაქსველი 2000 წელს გაიცნო, ხოლო ამის შემდეგ - ეპსტინი. ეპსტინი და მასთან დაახლოებული პირები, ჯუფრეს თქმით, წლების განმავლობაში ძალადობდნენ მასზე.
ეპსტინმა 2019 წელს თავი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიკლა, სადაც ის ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით სასამართლო პროცესს ელოდებოდა.
უფრო ადრე, 2008 წელს ამერიკელი ფინანსისტი არასრულწლოვნისთვის პროსტიტუციის მოთხოვნისთვის იყო ნასამართლევი.
რაც შეეხება ჯილეინ მაქსველს, მას 2021 წელს ეპსტინის მიერ ჩადენილ ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.