აშშ-სომხეთი

ტრამპმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისთვის სომხური ტერმინი "მეც იეღერნ" გამოიყენა

Jim Watson/AFP/Getty Images

24 აპრილს თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი მასობრივი დეპორტაციისა და სომხური საზოგადოების მკვლელობების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო:

"დღეს ვიხსენებთ მეც იეღერენს და პატივს მივაგებთ იმ ლამაზი სულების ხსოვნას, რომლებმაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი უბედურების ტანჯვა გამოიარეს. 1915 წლიდან დაწყებული ერთ-ნახევარი მილიონი სომეხი გადაასახლეს და დახოცეს ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლებში. ამ ხსოვნის დღეს, ჩვენ კვლავ ვუერთდებით დიდ სომხურ თემს ამერიკაში და მთელ მსოფლიოში, რათა ერთად გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ უამრავ სიცოცხლეს, რომელიც ამ უმძიმეს ტრაგედიის მსხვერპლი გახდა," - ნათქვამია განცხადებაში.

Medz Yeghern, სომხურ ენაზე "დიდ ბოროტებას" ნიშნავს და ამ ტერმინს მეოცე საუკუნის დასაწყისში მომხდარი გენოციდის აღსაწერად იყენებენ.

"ყოველწლიურად, 24 აპრილს, ჩვენ ვიხსენებთ ძლიერ კავშირს ამერიკელ და სომეხ ერებს შორის. ჩვენ ვამაყობთ სომხებისა და სირიელების დასახმარებლად 1915 წელს შექმნილი ამერიკული კომიტეტით, ეს იყო ისტორიული ჰუმანიტარული ინიციატივა, რომელიც ძალიან დაეხმარა სომეხ დევნილებს. ჩვენ მადლიერები ვართ ათასობით ამერიკელის, რომლებმაც ამ მიზანს თავისი ფინანსები და მოხალისეობრივი შრომა შესწირეს," - წერია განცხადებაში.

თეთრმა სახლმა ასევე აღნიშნა, რომ ეს დღე არის შესაძლებლობა, "კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სომეხი ხალხის გამძლეობა, ღირსება და ის წვლილი, რომელიც მათ მსოფლიოსა და შეერთებული შტატების გაძლიერებაში შეიტანეს".

ამასთან, განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას:

"მათი ხსოვნისადმი პატივისცემის პარალელურად, ჩემი ადმინისტრაცია განაგრძობს ბრძოლას რელიგიური თავისუფლების დაცვისა და მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მოუთმენლად ველით სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას და მზად ვართ, ერთად დავიცვათ რეგიონული სტაბილურობა, როგორც გამძლე კეთილდღეობისა და უსაფრთხოების საფუძველი," - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში 1915 წლის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა გენოციდად არ მოიხსენიება. ამის ნაცვლად ტრაგედიის აღსაწერად განცხადებაში გამოყენებულია ფრაზა "მეც იეღერნ". როგორც წერს RFE/RL, შედეგად აშშ-ს პრეზიდენტმა სომხურ-ამერიკული საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

კომენტარები