რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

რუსთაველის გამზირზე სამუშაოების 2026 წელს გადატანა მოგვიწევს - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლამდე გადაიდო - ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ჩატარებული კვლევებია, რომლის მიხედვითაც მიწის ქვემოთ "მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი" და რუსთაველის გამზირის დიდი ხნით გადაკეტვა "ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში".

"გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი მიწის ქვემოთ. მიწის ქვემოთ არის ერთი კოლექტორი, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში, წარმოიდგინეთ არც სანიაღვრე სისტემაა, არც წყლის სისტემებია მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემაა, ყველაფერი არეულია ერთმანეთში. არის ავარიულ მდგომარეობაში და რაც მოედინება ყველაფერი ერთად არეული, ატარებს და გარკვეულ შენობებს უქმნის პრობლემებს. მისი დემონტაჟი გარკვეულ ვადასთან და დროსთან არის დაკავშირებული.

ჩვენ ვვარაუდობდით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი თვე დაჭირდებოდა და ვაპირებდით მაისის ბოლოს დაწყებას, თუმცა ამ ეტაპზე მოგვიწევს მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დროა საჭირო კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად. რუსთაველის გამზირი ცენტრალური გამზირია და მისი დიდი ხნით დაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში, ამიტომ მომავალი წლისთვის გადაიწევა სამუშაოები." - განაცხადა კალაძემ.

მიმდინარე, 2025 წლის თებერვალში კალაძე ამბობდა, რომ სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა.

თბილისის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციის შესახებ თავდაპირველად, კახა კალაძემ 2023 წელს თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. იგი მაშინაც ამბობდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დაიწყებოდა და 2 ეტაპად ჩატარდებოდა.

კომენტარები