აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა, 21 მარტს ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰამასი არ არის იმდენად ექსტრემისტული, რამდენადაც წარმოაჩენენ.
"ჩვენ უნდა გავიგოთ, რა სურს ჰამასს და შემდეგ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია შევთავაზოთ მათ, რათა წავიდნენ. ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს". - თქვა უიტკოფმა ინტერვიუში.
მისი თქმით, კონფლიქტის დასაწყისში ისმოდა მოსაზრება, რომ "ჰამასი იდეოლოგიაა და რომ ისინი მზად არიან სიკვდილისთვის".
"არ მგონია, რომ ისინი ისეთივე იდეოლოგიურად ექსტრემისტები არიან, როგორც მათ ხშირად წარმოაჩენენ". - აღნიშნა სპეციალურმა წარმომადგენელმა.
"ისინი გზავნიან პატარა ბავშვებს თვითმკვლელი ასაფეთქებელი ქამრებით, რომლებსაც არაფერი ესმით. როგორც კი გავიაზრებთ, რომ მათ სიცოცხლე სურთ, ჩვენ მათთან უფრო ეფექტურად საუბარი შეგვეძლება." - თქვა მან.
უიტკოფმა ასევე განაცხადა რომ ჰამასი უნდა განიარაღდეს. მისი თქმით, "შესაძლოა ამის შემდეგ ჰამასი პოლიტიკურად ჩაერთოს ღაზაში".
ინტერვიუში კატარზე საუბრისას, უიტკოფმა განაცხადა, რომ მათ ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ცუდი მოტივაცია გააჩნიათ.
"ეს აბსურდია, ისინი ღირსეული ხალხი არიან". - აღნიშნა უიტკოფმა.