ფონდს ფროსფერითი ჯორჯია განჩინება ჩაბარდა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ მათი ანგარიშები დააყადაღა.
ფონდის განცხადებით, საქმე სამართლებრივ ნონსენსს წარმოადგენს. მათი თქმით, მათი ფინანსები ყოველთვის გამჭვირვალე იყო.
"დღეს ფონდს ჩაბარდა განჩინება, სადაც ბუნდოვნად აღწერილია მისი ანგარიშების დაყადაღების მოტივი, აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე.
იურისტებთან ერთად განვიხილეთ განჩინება და მათთან კონსულტაციის საფუძველზე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს სამართლებრივ ნონსენსს.
მოცემული გადაწყვეტილებით ადამიანების თანადგომა ცხადდება დანაშაულად; არადა ფონდის მიზანი სწორედ დაზარალებული ხალხის დახმარებაა.
ფონდი მუშაობს წესდებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად და ჩვენი საქმიანობა შემოიფარგლება საჯაროდ გაცხადებული ჰუმანიტარული ქმედებებით.
საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხიმსგებლობიდან გამომდინარე, ფონდი საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ. მისი საქმიანობა არის საჯარო და კანონთან შესაბამისი. რეგულარულად ქვეყნდება მისი ყველა აქტივობა და ფინანსური ანგარიში" - ნათქვამია ფროსფერითი ჯორჯიას განცხადებაში.
ცნობისთვის, 17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.