ინდოეთი-აშშ

ტრამპის თქმით, აშშ ინდოეთს უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას მიჰყიდის, საბოლოოდ F-35-ებსაც

ნარენდრა მოდი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი 13 თებერვლის პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში
REUTERS/Nathan Howard

აშშ მიმდინარე წლიდან ინდოეთს უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას მიჰყიდის, მათ შორის, F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებსაც. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა

"ჩვენ მილიარდობით დოლარით გავზრდით სამხედრო [აღჭურვილობის] გაყიდვებს ინდოეთში. ჩვენ ასევე მივიწევთ წინ, რომ საბოლოოდ ინდოეთი F-35 ავიაგამანადგურებლებით მოვამარაგოთ". - განაცხადა ტრამპმა. 

ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ინდოეთი აშშ-სგან მეტ ნავთობსა და ბუნებრივ აირს შეისყიდის იმ მიზნით, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო დეფიციტი შემცირდეს. 

ტრამპმა დაამატა, რომ ვაშინგტონი და ნიუ-დელი ითანამშრომლებენ და ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან, ებრძოლონ "რადიკალური ისლამური ტერორიზმის საფრთხეს". 

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიკრამ მისრიმ მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნიუ-დელი სამხედრო აღჭურვილობის უცხოეთიდან შესყიდვის პროცესშია. 

"არ ვფიქრობ, რომ ინდოეთის მიერ მოწინავე საავიაციო პლატფორმის შეძენის პროცესი უკვე დაწყებულია". - თქვა მისრიმ ტრამპის განცხადებაზე F-35-ების შესახებ და დაამატა, რომ "ეს ჯერჯერობით მხოლოდ წინადადებით გამოსვლის დონეზეა". 

2008 წლიდან ინდოეთს 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული თავდაცვის პროდუქტები შეუძენია.

აშშ-ს კონგრესში არსებული კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ნიუ-დელი გეგმავს, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში არმიის მოდერნიზებისთვის 200 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯოს. 

შეიარაღების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი იმპორტიორის, ინდოეთის მთავარი სამხედრო მომმარაგებელი ათწლეულების მანძილზე რუსეთი იყო. დღემდე, რუსული ავიაგამანადგურებლები ინდოეთის საჰაერო თავდაცვის ძალების რიგებშია. თუმცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, რუსეთმა სხვა ქვეყნებში სამხედრო პროდუქტების ექსპორტი შეამცირა, რამაც ინდოეთი აიძულა, დასავლეთისკენ მიბრუნებულიყო. 

ამისდა მიუხედავად, რუსი და ინდოელი მაღალჩინოსნების მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთმა ინდოეთს Sukhoi Su-57-ის ტიპის მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლები შესთავაზა, ვინაიდან მოსკოვი ნიუ-დელისთან ძლიერი კავშირების შენარჩუნებას ცდილობს. 

კომენტარები